„ოქროს გული და ხელი ჰქონდა“: ბათუმის ტრაგედიას შეწირული გურული ბიჭი – „გიორგი სხვების დასახმარებლად იბრძოდა…“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გიორგი მორთულაძე, „ლეოგრანდის“ შენობა

გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ტრაგედიას 11 ადამისნის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორისაა 21 წლის ბიჭი ჩოხატაურიდან – გიორგი მორთულაძე.

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედია შემაძრწუნებელია. გარდაცვლილთა შორის არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანის მკვიდრი, 21 წლის გიორგი მორთულაძე. ის წუხილი, რასაც ამ უმძიმესი შემთხვევის გამო განვიცდი, ძნელია სიტყვებით გადმოსცე. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“ – აღნიშნულია გურიის გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

24 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობაში მყოფმა 11-მა პირმა გარეთ გამოსვლა ვერ შეძლო და დაიღუპა. მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაშავდა 21 ადამიანი.

„ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში გურიის სამაშველო ბრიგადებიც მონაწილეობდნენ.

21 წლის გიორგი მორთულაძე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. გიორგი სტიქაროსანი და ხატმწერი გახლდათ, ასევე ვარჯიშობდა და იყო პერსპექტიული სპორტსმენი. მისი მეგობრები ამბობენ, რომ გიორგი მოსიყვარულე ბიჭი.

„ოქროს გული და ხელი ჰქონდა. ხატმწერი იყო და უხაროდა, რომ კარგად გამოდიოდა“ _ ამბობენ მეგობრები. გიორგის ფეისბუკის გვერდზე მრავლადაა მის მიერ შექმნილი ხატები. ითქვა, რომ როცა დაკვამლიანება დაიწყო, გიორგი სხვების დასახმარებლად იბრძოდა, მერე კი უკვე ლიფტში კვამლისგან გაიგუდა.

მეგობრების თქმით, გიორგი ფიტნეს-დარბაზში დადიოდა, ასევე ბათუმში ერთ-ერთ ეკლესიაში სტიქაროსანი იყო. მას სამრევლო სკოლა ჰქონდა დამთავრებული და სწავლა ბათუმში გააგრძელა.

ასევე სტიქაროსანი იყო მისი მეგობარი და თანატოლი ბექა შატაკიშვილი, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ყოფილი მნათე. ბექამ სიცოცხლის ბოლო წუთებში საშველად დაურეკა დედას, რომელიც გორიდან ბათუმში მალე ჩავიდა, მაგრამ ცოცხალი შვილის ნახვა ვეღარ შეძლო.

გიორგი ცინცაძე ბათუმის სასულიერიო სემინარიაში სწავლობდა, 29 წლის იყო, მას მეუღლე და ტყუპი ბიჭები დარჩა.

„ლეოგრანდში“ დაკვამლიანება იმ სართულზე იყო, სადაც ფიტნეს-დარბაზი მდებარეობდა და ამიტომაც ის ადამიანები დაიღუპნენ, რომლებიც სავარჯიშოდ იყვნენ მისულები და შენობის დატოვება ვერ მოასწრეს.

გარდაცვლილი ჩოხატაურელი ახალგაზრდის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა:

„დღეს კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რამდენად უძლურები ვართ განგების წინაშე… ის თერთმეტი ადამიანი, საიდანაც ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჩოხატაურის მცხოვრებია, ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ დასასვენებლად, სავარჯიშოდ და გასართობად იყვნენ მისულები. თავიანთი გეგმები ქონდათ – ხვალ რას გააკეთებდნენ… მაგრამ მათთვის ეს ხვალ არ დადგა, არ დადგა ვიღაცის დაუდევრობის გამო, არ დადგა იმიტომ, რომ ასეთი იყო მათი ბედისწერა. დღეს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედის გოდება ვნახე, სულის შემძვრელი იყო… მეც მყავს შვილები და წარმომიდგენია, ალბათ, რა არაამქვეყნიური ტკივილია… სამძიმრის სიტყვები ამ დროს უძლურია!“ – ამბობს პარლამენტარი.

ლანჩხუთის მერმაც გაავრცელა განცხადება: „თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ნათესავებს“ – წერს ალექსანდრე სარიშვილი.

„ჩემო შვილო, ჩემო ვაჟკაცო დისშვილო, სული მეწვის, გული მტკივა, ამ დილით ცა ჩამომექცა… არ მჯერა, ვერც დავიჯერებ, ნუთუ არ შემომიღებ სახლის კარს და არ მეტყვი, ძმაკაც როგორა ხარო. მხოლოდ მოგონებად დარჩი. ღმერთმა სანთელი და ნათელი არ მოგკლებოდეს, ჩვენო დიდო ტკივილო“ – წერს გიორგის დეიდა სოციალურ ქსელში.

გიორგის მეგობრებიც ემშვიდობებიან:

„რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, გიო. მთელი შენი ცხოვრება ღმერთის სადიდებელი იყო, წუხანდელმა ცეცხლმა კი დაწვა შენი ოცნებები. არც მჯერა, ძმაო, ასეთი კარგი ადამიანი რომ აღარ ხარ ამქვეყნად. დაგამკვიდროს ღმერთმა სასუფეველში.

გიო, შენ ტკივილი ხარ დღეს და ტკივილად დარჩები მუდამ ჩვენს გულებში. შენ იყავი ყველაზე პოზიტიური ადამიანი და ყველაზე გამორჩეული, შენ სულ სხვანაირი იყავი, არასოდეს არ მინახიხარ დამწუხრებული, სულ მხიარულად იყავი. შენი ხელები რას არ ძერწავდა, რას არ აკეთებდა. ბევრი რამ შემიძლია ვილაპარაკო შენზე, მაგრამ რა აზრი აქვს, აღარ ხარ ჩვენთან. ნეტა, შემეძლოს რამის შეცვლა, გიო, ყველას დიდი ტკივილი დაუტოვე გულში და ალბათ, არც არასოდეს გაქრება ეს ტკივილი“.

„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.