ლანჩხუთი კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს ემშვიდობება… ადამიანს, რომლის გულშიც მთელი სოფელი ეტეოდა, რომლის სიტყვასაც გურული იუმორის სურნელი დაჰკრავდა, ხოლო ლექსებში ზოგჯერ მთელი ეპოქის ტკივილი, ზოგჯერ ერთი კაცის დარდი, ზოგჯერ კი მთელი სოფლის სათქმელი იკითხებოდა.
რევაზ როყვა – მამათელი სახალხო მთქმელი, მელექსე, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე და ლეგენდარული გურული ფოლკლორული ანსამბლის, „ხელხვავის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. კაცი, რომელსაც შეეძლო, ყველაზე მწარე სათქმელიც ისე მოექცია ლექსად, რომ ღიმილი მოგვროდა, დაფიქრებულიყავი და თან გულში რაღაც სითბო ჩაგღვროდა.
მისი ლექსები მხოლოდ სიტყვების თამაში არ ყოფილა. ეს იყო ხალხის ხმა, სოფლის დარდი, ყოფის სიმართლე, ხანდახან ხუმრობაში გახვეული პროტესტი და ყოველთვის – თავისი კუთხისა და ადამიანების სიყვარული.
როცა „გურია Today“-ის პირველი ნომრები გამოვიდა, ბატონმა რეზომ თავისი ცხოვრების მოგონებები გაგვიზიარა. განსაკუთრებით უყვარდა გასული საუკუნის 60-იანი წლების ლანჩხუთის გახსენება, იმ ადამიანებისა, რომლებიც, მისი სიტყვებით, ქვეყანასა და ხალხზე გულით ზრუნავდნენ.
„დავიბადე 1937 წლის თებერვალში. ბევრი რამ მახსოვს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მინდა ჩვენი რაიონის გასული საუკუნის 60-იანი წლები მოვიგონო. იყვნენ ძალიან კარგი ადამიანები, რომლებსაც ქვეყანა და ხალხი ძალიან უყვარდათ. რაიკომის პირველი მდივანი დავით ხარიტონის ძე საბაშვილი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე რევაზ კალისტატეს ძე ებრალიძე. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი იყო, მაგრამ იმათ ვერ შევადარებდი, მხოლოდ ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შეუძლიათ იმათზე უკეთესი აღმოჩნდნენ, რითაც ბედნიერი იქნება ლანჩხუთი და თავისი სოფლები“ – გვითხრა მაშინ.
ასეთი იყო რევაზ როყვა – წარსულსაც სიყვარულით იხსენებდა, აწმყოსაც ყურადღებით აკვირდებოდა და მომავალზეც თავისი იმედი ჰქონდა. მისთვის მთავარი ყოველთვის ადამიანი, სოფელი და ის მიწა იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურა.
მისი სავიზიტო ბარათი გურული იუმორი იყო. მახვილგონივრული, ალალი, უშუალო, ზოგჯერ მწარე, მაგრამ არასოდეს ბოროტი. შეეძლო, ყველაზე რთული სათქმელი რამდენიმე სტროფში ჩაეტია. არ სჭირდებოდა მაღალფარდოვანი სიტყვები – ამბობდა იმას, რასაც ხედავდა, რასაც განიცდიდა და რაც გულზე აწვა. თან ისე, რომ სათქმელსაც ამბობდა და ღიმილსაც ტოვებდა.
რევაზ როყვა ნამდვილი სახალხო მთქმელი იყო – ხალხის პულსზე ეჭირა ხელი. მისი ლექსები ხალხის ცხოვრებიდან იბადებოდა და ისევ ხალხთან ბრუნდებოდა. ალბათ, როცა გასული საუკუნის ბოლო წლებში ამ სტრიქონებს წერდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ სამი ათეული წლის შემდეგაც ისეთივე სიმართლით და ტკივილით გაიჟღერებდა:
„ხალხის გარეშე ქვეყანა, მე მგონი, არავის სჭირდება,
არადა, ხალხი სოფელში თანდათანობით მცირდება,
ზოგი სხვა მხარეს გარბის და ზოგიც უდროოდ გვიკვდება
და ეს ნამდვილი ამბავი ალბათ თქვენც გაგიკვირდებათ“ – ამას ედუარდ შევარდნაძეს წერდა.
თანასოფლელ პრეზიდენტს მანამდეც და მერეც არაერთხელ მიმართა. მისი სათქმელი კი მუდამ ერთი იყო – სოფელი არ დაივიწყოთო. მამათი მისთვის მხოლოდ დაბადების ადგილი არ ყოფილა. ეს იყო მისი ტკივილი, სიხარული, ყოველდღიური საფიქრალი და მთელი სიცოცხლის სიყვარული.
„მინდა მამათზე მოგითხროთ, ადრე რომ იყო ქებული,
საწყალი ჩვენი სოფელი ყველასგან მივიწყებული.
თუ ადრე გვერქვა მამათი, დღეს გვქვია წყალწაღებული.
რატომ? თუ გულით მომისმენთ, დარჩებით გაკვირვებული.
სუფსა ადიდდა, წაგვართვა ხაშიის დიდი ნაწილი,
ოზურგეთისკენ მიიწევს, დატოვა აქეთ ნაპირი;
სუყველა ბლეფი აღმოჩნდა, რაც გვქონდა ჩვენ დანაპირი,
ვინც ნახავს, ყველა გვიბრალებს – კაცი არის თუ ვამპირი.
ხიდი არა გვაქვს სუფსაზე, თქვენთვისაც არის ცნობილი,
არც ხალხი არ გვყავს, რომ იყოს ცურვაში გამოწრთობილი.
წუწუნ-კანკალით შევდივართ წყალში ქვით ფეხდაბოლტილი.
როდესაც გავალთ ნაპირზე, ზოგს აუტყდება ხროტინი“.
ამ სტრიქონებში იუმორით ნათქვამი დიდი სატკივარი, ხუმრობის მიღმა დამალული გულისტკივილი და სიყვარულია, რომელიც ადამიანს საკუთარ სოფელზე დარდს მთელი სიცოცხლე ატარებინებს.
მამათი მისი მთავარი საზრუნავი იყო. განსაკუთრებით სტკიოდა სოფლის დაცლა, მიწის მიტოვება, ახალგაზრდების წასვლა და ის, რომ ოდესღაც ხალხმრავალი სოფელი თანდათან იცლებოდა.
„სოფელში, სადაც ყანის ფართობები ადრე 100 ჰექტრამდე იყო, დღეს 30-იც არ არის, იმიტომ, რომ ხალხმა ვერ შეძლო მათი დამუშავება უფულობის გამო და გაყიდეს, სხვა სოფლის მაცხოვრებლებზე“ – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ეს მისთვის უბრალოდ ციფრები არ ყოფილა. თითოეული მიტოვებული ყანა, გაუკაცრიელებული ეზო და სოფელში შემცირებული ოჯახი საკუთარი ტკივილივით ჰქონდა გულთან მიტანილი.
ბატონი რევაზი განსაკუთრებული ზეპირსიტყვიერების ნიჭით გამოირჩეოდა. იყო არაერთი ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი. თუმცა, ალბათ, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაინც ის იყო, რომ ხალხს მისი ლექსები ახსოვდა, იმეორებდა და საკუთარ სათქმელადაც მიაჩნდა.
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოგონება მდინარე სუფსას უკავშირდებოდა. 1992 წელს წყალმა ხიდი წაიღო. იმ დღეს სახლში დაბრუნებულმა იტირა. კაცმა, რომელიც დარდსაც კი ხშირად ლექსად აქცევდა, ამჯერად ცრემლებით გამოხატა ის, რასაც სიტყვები ვეღარ იტევდა.
მოგვიანებით ეს განცდა ლექსად აქცია:
„მდინარე სუფსავ, გესაუბრები,
ეს საუბარი არის დროული,
გავსებს და გშვენის შენაკადები,
ბახვის წყალი და გუბაზოული.
…
ხან პატარა ხარ და ხანაც დიდი,
ღმერთმა დალოცოს შენი სათავე,
და თუ ზოგ სოფლებს არა გვაქვს ხიდი,
სულაც არა ხარ შენ დამნაშავე.
დამნაშავეა… რომ ითარეშეს,
მაგრამ არ გვშველის ახლა კამათი,
ხალხმა ის ვიცით, ხიდის გარეშე,
კიდევ მრავალ წელს რჩება მამათი“.
რევაზ როყვა იდგა ცნობილი გურული ფოლკლორული ანსამბლის, „ხელხვავის“ სათავეებთან. წლების განმავლობაში იყო კოლექტივის წევრი და მთავარი ორგანიზატორი. მრავალი წელი მუშაობდა სოფელ მამათის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. თავისი ნიჭითა და შრომით გურული ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მამათის პრობლემებზე საუბარი არასოდეს ბეზრდებოდა. განსაკუთრებით – სუფსაზე გადასასვლელ ხიდზე, რომელიც სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
„ყანები მდინარე სუფსას გაღმაა და ხიდი არ გვაქვს მდინარეზე გასასვლელი. მახსოვს, ადრე ნავი იყო, მაგრამ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ქრისტიფორე ურუშაძემ 1949 წელს გააკეთა გაკიდული ხიდი, რომელმაც 1972 წლამდე იარსება. მას შემდეგ კიდევ გააკეთეს ფეხით გასასვლელი ხიდი, რომელმაც 1992 წლამდე იმუშავა. შემდეგ კიდევ გაკეთდა სამჯერ ისეთი ხიდი, მაგრამ დღეს მაინც ხიდის გარეშე ვართ დარჩენილი. თუმცა ბოლო მეხუთე ხიდი, ნახევარი დღესაცაა დარჩენილი, რომელზეც მიბმა შეიძლება, მაგრამ ხუთი წელია არავინ არ მოინდომა გაკეთება“ – გვიყვებოდა 2017 წელს „გურია Today“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი ლექსები ზოგჯერ სალაღობო იყო, ზოგჯერ იუმორისტული, ზოგჯერ კი ისეთი მწარე, რომ სიცილის ნაცვლად ფიქრსა და სევდას გიტოვებდა. მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა – გულწრფელობა. რასაც ხედავდა, იმას წერდა; რასაც სტკიოდა, იმას ამბობდა. და ამ ყველაფერს თავისი განუმეორებელი გურული სიტყვა-პასუხით აკეთებდა.
ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ დაწერა სტრიქონები, რომლებშიც გაჭირვებული კაცის მთელი ყოფა ჩაატია:
„არვინ ზრუნავს ჩემზე ქვეყნად, თუნდაც გამძვრეს სულია,
უფულო კაცს ვინ შეხედავს, ყველას უნდა ფულია,
გამოსავალს ვერ ვპოულობ, ნერვები მაქვს მოშლილი,
თავს მოვიკლავ, მაგრამ რა ვქნა, მეცოდება ცოლ-შვილი“.
ესეც იმავე დროინდელია – იუმორით შეფუთული, მაგრამ სინამდვილეში მძიმე და დაუნდობელი სათქმელი, რომელსაც აქტუალობა 30 წელია არ დაუკარგავს:
„ბევრ გარეწარს მთავრობაში დიდი პოსტი ეჭირა,
ვერ შევძელით, თორემ ჯობდა, ადრე რომ დაგვეჭირა,
მათ მამულის ბედ-იღბალი თითქმის ბეჭზე დაკიდეს,
ტანკი, გემი, ვაგონები ბოლოკივით გაყიდეს“.
ასეთი იყო ბატონი რეზო – პირდაპირი, მახვილი სიტყვის პატრონი, იუმორით სავსე და თან საოცრად გულჩვილი. შეეძლო, ერთი ლექსით გაეცინა ხალხისთვის და იმავე ლექსით ეთქვა ის, რაზეც სხვები ხმამაღლა საუბარს ერიდებოდნენ.
დღეს მასთან ერთად ლანჩხუთი თავისი ცოცხალი მეხსიერების ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს ემშვიდობება. ადამიანს, რომელმაც თავისი სიტყვით, ნიჭითა და სიყვარულით მამათის, ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.
მისი ლექსები დარჩება, როგორც ერთი ეპოქის ცოცხალი მატიანე; დარჩება მისი იუმორი, მისი გულისტკივილი, მისი სოფლის სიყვარული და ის უბრალო, ადამიანური სითბო, რომელიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებს.
რევაზ როყვას ქართული ხალხური შემოქმედებისა და გურული ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ჰქონდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის წოდება.
ბატონი რეზოს სიტყვები კიდევ დიდხანს იცოცხლებს. რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან, მაგრამ თავიანთ ნათქვამს, ნამღერსა და ნაფიქრალს ხალხს უტოვებენ. და სანამ მამათში მისი ლექსების რომელიმე სტრიქონს გაიხსენებენ, სანამ გურულ იუმორში მის ხმას ამოიცნობენ, რევაზ როყვა ისევ ჩვენთან იქნება…




