მის ღვაწლს ვერცერთი ჯილდო და რეგალია ვერ ასახავს სრულად… რას წერდა გიორგი ლეონიძე ლეგენდარულ ლანჩხუთელ პედაგოგზე _ დღეს დარეჯან ქინქლაძეს 100 წელი შეუსრულდებოდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | დარეჯან ქინქლაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

დღეს, 17 ნოემბერს, ლეგენდარულ ლანჩხუთელ მასწავლებელს, დარეჯან ქინქლაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

„გვინდა ამ დიდებული პედაგოგის გახსენება დავიწყოთ ქალბატონ ზოია ტუღუშის წლების წინ წინასწარმეტყველური ნაფიქრით: „გავა დრო და ქალბატონ დარეჯან ქინქლაძის მდიდარი არქივი, ძალზე საინტერესო მასალები, ალბათ, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კუთვნილება გახდება. მის დაუდეგარ შემართებასა და ფუტკარივით მოფუსფუსე შრომის მადლს თაობები გაეცნობიან“ _ წერს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ქალბატონ დარეჯან ქინქლაძის შვილმა, არჩილ ხოფერიამ გადასცა საქართველოს დამსახურებულ პედაგოგის პირადი არქივი. მუზეუმი მადლობას უხდის ბატონ არჩილს ასეთი უნიკალური მასალებისთვის.

„გურია Today“ სრულად გთავაზობთ ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სტატიას სახელოვან ლანჩხუთელ პედაგოგზე:

_ დარეჯან ემელიანეს ასული ქინქლაძე დაიბადა 1926 წლის 17 ნოემბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში. მან მედალზე დაამთავრა აცანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს იყო სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტილი იყო ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე მისი ასპირანტურაში დატოვება, მაგრამ ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა, სამი წლის განმავლობაში აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ჩამოშორებოდა.

1951 წლიდან მუშაობა დაიწყო აცანის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, ხოლო შემდეგი წლიდან კი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1954 წელს დაოჯახდა და მუშაობა დაიწყო ლაშისღელის 8-წლიან სკოლაში, შემდეგ კი ლანჩხუთის მე-2 საშუალო სკოლაში, სადაც 37 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და მრავალი თაობა აზიარა მშობლიური ენის ღრმა ცოდნას, პოეზიის სიყვარულს, ქვეყნისა და საქმის ერთგულებას. პენსიაზე გასვლამდე ქალბატონი დარეჯანი მუშაობდა ჯერ სოფელ ქვიანის და შემდეგ სოფელ ჩიბათის სკოლებში.

მრავალი ათეული წლის განმავლობაში მრავალმხრივი ნიჭით, ინტელექტით, მაღალი დონის პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით გამორჩეულმა პედაგოგმა თაობების აღზრდას შეალია თავისი ნაყოფიერი სიცოცხლის წლები.

შეუდარებელი იყო, როგორც ქართული სიტყვიერების მასწავლებელი .ყოველთვის იბრძოდა ენის სიწმინდის დასაცავად. თავად ერთგულების მაგალითი, მოსწავლეებსაც ამას შთააგონებდა, აყვარებდა მხატვრულ ლიტერატურას, პოეზიის მადლს აზიარებდა. ეს ხდებოდა ლიტერატურის წრის მეცადინეობებზე, პოეზიის საღამოებზე, მწერლებთან შეხვედრისას თუ პრესკონფერენციებზე.

ზედა ფოტოზე: დარეჯან ქინქლაძე მოსწავლეობის დროს, აცანის სკოლაში, 1930-იანი წლები; ქვემოთ, მარცხნივ: შუაში ზის; მარჯვნივ _ მეუღლესა და შვილთან ერთად

დაუვიწყარი იყო ქალბატონი დარეჯანის ღია გაკვეთილები და დისკუსიები. მისი მოსწავლეები მუდამ აოცებდნენ მსმენელებს მხატვრული კითხვის ოსტატობით. სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციებიდან თუ ოლიმპიადებიდან ისინი ყოველთვის დიპლომითა და სიგელებით ხელ- დამშვენებულნი ბრუნდებოდნენ.

ქალბატონ დარეჯანს გულითადი მეგობრობა აკავშირებდა ქართველ მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მუშაკებთან.

დარეჯან ქინქლაძეს იცნობდნენ არა მარტო ჩვენს რაიონში, მას მეგობრობდნენ და იწვევდნენ ქუთაისისა და ბათუმის მწერალთა სახლებში ღონისძიებების ჩასატარებლად. თავადაც სტუმრობდნენ სკოლას ქალბატონი დარეჯანის მიწვევით. ეს იყო დაუვიწყარი საღამოები მთელი ლანჩხუთის საზოგადოებისთვის. მის გაკვეთილებს აღტაცებულნი ტოვებდნენ და უმაღლეს შეფასებებს აძლევდნენ მასწავლებელთა დახელოვნების და პედაგოგიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ქალბატონი დარეჯანი საქართველოს პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წლების მანძილზე გახლდათ პედაგოგიკის სექტორის მეცნიერ-კორესპონდენტი.

მისი საარქივო მასალების გაცნობისას გაოცებული ვრჩებით შრომის გასაოცარი ნაყოფიერების, დიდი ენერგიისა და ნიჭიერების შედეგით, გაწეული სამუშაოთა სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

1979 წელს ქალბატონ დარეჯან ქინქლაძეს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ამავე წელს გახდა „სახალხო განათლების წარჩინებული“.

1984-87 წლებში დასახელდა წლის საუკეთესო მასწავლებლად, მიიღო უფროსი მასწავლებლის წოდება, გახდა საპატიო ნიშნის ორდენოსანი და მიანიჭეს შრომის ვეტერანის წოდება. ასევე მიღებული აქვს განათლების სამინისტროს, განათლების პროფკავშირების, მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის და ხელოვნების ინსტიტუტის დიპლომები, სიგელები და მედლები.

ვერცერთი ჯილდო და რეგალია ვერ ასახავს სრულყოფილად ქალბატონი დარეჯანის ღვაწლს მშობლიური ლიტერატურისა და ახალგაზრდა თაობის წინაშე. წლების მანძილზე მრავალი თბილი სიტყვა თქმულა მისი ნიჭიერების, სიტყვის ფლობის ხელოვნებისა და შრომისმოყვარეობის შესახებ. ის ყოველთვის გრძნობდა უდიდეს პასუხისმგებლობას აღსაზრდელთა და აღზრდილთა, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე.

ცხოვრების ყველაზე დიდ ჯილდოდ თავის ოჯახს მიიჩნევდა. ამქვეყნად ყველაზე დიდი მოვლენად მის ოჯახს, შვილს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს თვლიდა.

…და მაინც, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სიყვარული იყო, თავის აღზრდილთა თვალებში რომ ხედავდა. ამაგდარი პედაგოგის ღვაწლი დიდია ქართული პედაგოგიკის განვითარებაში.

მის პირად არქივში დაცულია ქართველი მწერლების წიგნები მიძღვნილი მისდამი სამახსოვრო ავტოგრაფებით. განსაკუთრებით ძვირფასია გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: „პოეზიის ტრფიალს – ნიჭიერ ახალგაზრდას, დარეჯან ქინქლაძეს მალე განკურნების სურვილით. მისი პატივისმცემელი და მოყვარული გიორგი ლეონიძე, 15.06.66“

ქალბატონ დარეჯან ქინქლაძემ ცხოვრების ხანგრძლივი და ნაყოფიერი გზა განვლო და ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. იგი 2016 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია აგარაკის სასაფლაოზე. ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მიენიჭა ღვაწლმოსილი პედაგოგის სახელი.

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გეგმავს მუდმივმოქმედი ექსპოზიციის მოწყობას განათლების ისტორიის შესახებ, სადაც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქალბატონი დარეჯან ქინქლაძე. უახლოეს მომავალში კი მუზეუმში ჩატარდება დარეჯან ქინქლაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება.