„თუ ჩვენ ჩემპიონობას მოგვანიჭებენ, უარს ვიტყვით! ყველა ტიტული მეორეხარისხოვანია, როცა საქმე ძალადობას ეხება“ _ „ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოსთან“ 11 ნოემბრის შეხვედრასაც ჩაშლის

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სფფ-ის შტაბ-ბინა, „ლანჩხუთის“ პროტესტი

„ჩვენთვის „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში ნიშნავს ძალადობის ნორმალიზებას და თუნდაც ირიბად, მის მხარდაჭერას, შესაბამისად არ ვაპირებთ მათთან თამაშს. სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება“ _ ნათქვამია „ლანჩხუთის“ სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც კლუბი ავრცელებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ გურულები ჩაშლიან „ნიკე-ლუსოსთან“ გასვლით შეხვედრასაც, რომელიც 11 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ამ გუნდების ლანჩხუთური შეხვედის მე-10 წამზე შეწყვეტის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გურულებს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა.

„ასევე ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ჩვენი პროტესტის რეალური მიზანი მთავარი მეტოქის დისკვალიფიკაციის გზით ჩემპიონობის მოპოვებაა. ეს შეფასება სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, სპორტული ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას“ _ აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, თუ მთავარი მეტოქის რაიმე ფორმით სანქცირების შედეგად „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი გახდება, კლუბი ოფიციალურად განაცხადებს უარს ჩემპიონის ტიტულის მიღებაზე.

„როდესაც სასწორზე დგას სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული გოგონას უფლებები, ღირსება და მომავალი, ნებისმიერი სპორტული ტიტული მეორეხარისხოვანია. ჩვენი მიზანია მისი მხარდაჭერა ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენს ხელთ არის და ბრძოლა ისეთი საფეხბურთო გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და მისი ღირსება დაცული იქნება“ _ ვკითხულობთ ლანჩხუთის განცხადებაში.

იმავე განცხადების მიხედვით, ლანჩხუთელები არავის მოუწოდებენ, უარი თქვან „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე: „კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავის მოვუწოდებთ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ. თითოეული გუნდი და ფეხბურთელი დამოუკიდებლად წყვეტს, როგორ მოიქცეს“ _ წერს კლუბი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

ამ განცხადებით „ლანჩხუთი“, სავარაუდოდ, მათ შორის „ბათუმის“ განმარტებას პასუხობს, რომელიც კლუბმა „ნიკე-ლუსოსთან“ 3 ნოემბერს გამართული მატჩიდან მესამე დღეს გაავრცელა.

„ჩვენი გუნდის მოედანზე გასვლა და აღნიშნული შეხვედრის ჩატარება არ ნიშნავს, რომ მომხდარის მიმართ გულგრილები ვართ ან რაიმე ფორმით ვამართლებთ ძალადობას. მატჩში მონაწილეობა მივიღეთ მხოლოდ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა უგულებელყოფაც ჩვენი კლუბისა და ფეხბურთელების სპორტულ მომავალს სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა“ _ წერს აჭარული კლუბი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე და განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სულ რაღაც 15 წუთში იქნა მიღებული, დროის სიმცირის გამო კი, ვერ მოასწრეს პროტესტის სათანადოდ ორგანიზება და თვალსაჩინო ფორმით გამოხატვა.

„ბათუმი“ აცხადებს, რომ გუნდი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ფეხბურთელს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. კლუბში ასევე მიიჩნევენ, რომ „ასეთ საკითხებში ერთმანეთის პოზიციების მოსმენა, გაგება და მხარდაჭერა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთმანეთთან დაპირისირება, დადანაშაულება ან ერთმანეთის მოტივების ეჭვქვეშ დაყენება“.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბათუმი“ „ნიკე-ლუსოსთან“ 2026 წლის 3 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრის პროტესტის ნიშნად ჩაშლას გეგმავდა, როგორც ეს გააკეთა „ლანჩხუთმა“ 29 სექტემბერს, როცა ფეხბურთელებმა მოედანზე ბანერი გაშალეს წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“. მეორე დღეს, 30 სექტემბერს, „ბათუმისა“ და „კვარტალის“ შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მოედანზე იგივე წარწერით ბანერი გაშალეს.

2026 წლის 8 ნოემბერს, ბათუმში, ადგილობრივი გუნდი „ლანჩხუთს“ ხვდება, რომელშიც მონაწილეობას გურული კლუბი მიიღებს. წინა ტურში ლანჩხუთელებმა „კვარტალთან“ ითამაშეს. მათი განცხადებით, პროტესტი მხოლოდ „ნიკე-ლუსოს“ ეხება, რომლის მფლობელს, მეჰმეთ უიარს 20 წლის ქალი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ასევე წაიკითხეთ: „გურია TODAY“ პირველი წერდა თურქი ბიზნესმენის დაკავებაზე, რომელიც სასამართლომ 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა