გურული რეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში მაკვანეთელი ფირალი, დათულია სურგულაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ იგი ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობდა:
„დათულიე ხალხს აფერს არ უშავებდა და ამიზა ხალხის ღალატის არ ეშინოდა. ერჯელ მის მეზობლისას რაცხა შემთხოვა იყო, ხალხი ქუხნაში იყო და რაცხეებს ლაპარიკობდენ. დათულიეც გარეულიყო ხალხში და ლაპარიკობდა. თოფი ეგერ კუთხეში მიეყუდებია და დამჟდარიყო ცეხლის პირში. ხალხი ისთე იყო მასთან, რომ რუმ არ უღალატებდა იცოდა, თვარა ფირალი ისთე როვა ენდობოდა. დათულიას დაჭირვაზე მაშვინ თავრობას ფული ქონდა გადადობილი. ერთი ნიგუზალი რომ ერეხვებია ვინმეს თავში, მეტი არ უნდოდა, მარა ამისანა გლახა საქმე რომ გეფიქრა, კაცი არ მოგეხმარებოდა, დათულიასკენ იყო ყველა და ცოცხალს როვა გაგიშობდენ… ნამეტარი ღარიბი იყო. ერთი პაწა სახლი ქონდა მაამის. ვოძდაათი წლის იქნებოდა, რუმ მოკლეს“.
ძმისშვილის მოგონებიდან: “აჭისწყალში გლეხები ვერ ჩავიდოდნენ სათევზაოთ, დააწურინებდნენ, ნიგვზის ნაყს ჩაყრიდნენ და თევზს აზნაურები წაიღებდნენ. დათულიამ რამდენჯერმე ამოყარა აზნაურები და გლეხებს ამოათევზინა”.
1882 წლის მარტში სურგულაძე და გოგია ლომჯარია წითელმთაში გოგია ჩიტაიშვილის ოჯახში მივიდნენ. მათ მასპინძელი ბათუმში ჩაქურების საყიდლად გააგზავნეს, დათქვეს რომ ერთმანეთს ორი დღის შემდეგ შეხვედრილიყვნენ. ეს ამბავი ჩიტაიშვილისგან შეიტყო შტაბს კაპიტანმა ივანე დუმბაძემ, რომელიც მანამადე სტრაჟნიკებთან ერთად მათ ორჯერ ჩაუსაფრდა, მაგრამ ამაოდ. იმავე წლის 18 მარტს კი, როცა ფირალები ჩიტაიშვილთან იმყოფებოდნენ, დუმბაძე მილიციონრებთან ერთად მათკენ გაეშურა და ფირალებს სოფლის კანცელარიის მახლობლად გადააწყდა.
აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას „დროება“: “დუმბაძეს ხლებია თან სამი მილიციონერი, როდესაც ივანე დუმბაძემ შესძახა ავაზაკებს, დათულიამ იმავე წამს ესროლა თოფი, იმავე წამს მოისმა თურმე მეორე თოფის ხმაც დუმბაძისა და ერთი ერთის მხრით წაიქცა და მეორე მეორეს მხრით; დუმბაძე მძიმეთ დაიჭრა ბარკალში და სურგულაძემ მიიღო ჭრილობა მუცელში, მაგრამ საკვირველი ღონის და სიმარჯვის მქონმა გველივით გაათრია დაკოდილი მუცელი და მოაჯდა ერთს მახლობლად მდგომს ხეს და იქიდამ იმან და მის ამხანაგმა ლომჯარიამ აუტეხეს დუმბაძეს და მის მხლებელთ საშინელი თოფის სროლა. შვიდი ტყვია მოარტყეს სურგულაძეს, მაგრამ სანამ სრულებით სული არ დალია, მანამ არავის დანებდა”.




