რამდენიმე წუთის წინ, „ხალხურის“ ჟიურის გადაწყვეტილებით, „მხედრები“ კონკურსის ნახევარფინალშია. თანაც ლანჩხუთის ანსამბლი გამარჯვებულებს შორის პირველი დასახელდა.
ეს გასაკვირი არც იყო მას შემდეგ, რაც გურულებმა დიდებულად შეასრულეს გურული სიმღერების მარგალიტი „ორირა“ და „ხალხურის“ სცენაზე კრიმანჭულის ნამდვილი ზეიმიც მოაწყვეს. „მხედრების“ შესრულებით აღფრთოვანებული ჟიური ემოციებს ვერ მალავდა.
„ხალხურის“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, დავით ცინცაძემ აღნიშნა, რომ „მხედრების“ საოცარ მიგნებას თავის ანსამბლში გადაიტანს და ამიერიდან „ორირას“ ამ ვარიანტს იმღერებენ.
„ეს ისეთი სიმღერაა, რომელზეც ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, თუ როგორ ვითარდებოდა ხალხური შემოქმედება ჩვენს თვალწინ. ის პირველად 1900-იან წლებში გიგო ერქომაიშვილმა იმღერა, შემდეგ არტემ ერქომაიშვილმა შეცვალა ეს ვარიანტი სასწაულად. მას მერე ბევრი ვარიანტი იმღერეს, ბევრს შეუცვლია, ბევრს გადაუკეთებია, მაგრამ მე პირადად, ჩემი სუბიექტური აზრია, ახლა რომ 4 ხმა შემოგვთავაზა ანსამბლმა „მხედრებმა“, ასე განსაკუთრებულად მისთვის ხელი არავის უხლია. აქ იყო ნადურის ელემენტი შეხმობარი მეოთხე ხმის ჩართულობით. საოცარი მიგნება იყო ბიჭებისგან წარმოდგენილი. ჩემთვის ეს განსაკუთრებული მიგნებაა. მე ამას გადავიტან ჩემთვის, ანსამბლში და დავიტოვებ. აწი „ორირას“ ამ ვარიანტის გარეშე არ ვიმღერებ“ _ ალბათ, შეუძლებელია რომელიმე კონკურსში მონაწილემ ამაზე უკეთესი შეფასება მიიღოს.
აქვე გეტყვით, რომ ანსამბლს სახელი გასული საუკუნის დასაწყისში აშშ-ში წასული გურული მხედრების საპატივცემულოდ დაერქვა, იგი 2007 წელს შეიქმნა და ჩოხატაურელი ლოტბარი ავთანდილ მახარაძე უძღვებოდა, რომელმაც 2018 წლიდან „მხედრების“ ხელმძღვანელობა თავის შეგირდს, ავთანდილ თურქიას დაუთმო.
ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული “მხედრების” ძირითადი მიმართულებაა გურული ხალხური სიმღერების მოძიება, აღდგენა, პოპულარიზაცია და ავთენტური სახით შესრულება. მისი მიზანია გურული მრავალხმიანობის უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„ბიჭებს მინდა მივულოცო, ბრწყინვალედ იმღერეს. ჩემს თავსაც ვულოცავ, იმიტომ, რომ ერთი პერიოდი, 70-80-იან წლებში, ლანჩხუთი იყო ერთ-ერთი სუსტი, გამქრალი იყო ხალხური სიმღერა. ეგერ-აგერ კი მღეროდნენ, მაგრამ… ახლა ძალიან წამოიზარდნენ და მე საოცრად ამაყი ვარ, რადგან იცით, ჩემი დედულეთი ლანჩხუთშია და იქ ვარ დაბადებული… იმ დროს, როცა ჩვენ, „ქართული ხმები“ ამ სიმღერას ვმღეროდით, ძალიან ჭირდა კრიმანჭულები საქართველოში. ახლა კი გაოგნებული ვარ, გამოვა გურიიდან ანსამბლი და 2 კრიმანჭული მაინც ჰყავს. ბრავო, ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ! რაც შეეხება შეხმობარს, ეს საოცარი იყო და ყოჩაღ, ვინც ამას მიაგნო“ _ აღნიშნა ჟიურის წევრმა, „ქართული ხმების“ დამაარსებელმა, მომღერალმა თემურ ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს გამართული კონკურსის შედეგად, ნახევარფინალის საგზური მიიღო ჩხაიძეების ოჯახმა, რომელმაც კრიმანჭულით გამშვენებული „ადილა-ალიფაშა“ შეასრულა და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა.
ასევე წაიკითხეთ: ასეთ ოჯახებზე დგას ქართული სიმღერა! ლანჩხუთელი ჩხაიძეების „ადილა-ალიფაშა”_ საოცარი შესრულება, აღფრთოვანებული ჟიური და ულაპარაკოდ, ნახევარფინალში!





