ლანჩხუთელი ჩხაიძეები ულაპარაკოდ ნახევარფინალში არიან _ პოპულარული კონკურსის, „ხალხურის“ მეორე სეზონი გურულებმა ტრიუმფალურად გახსნეს. შუხუთელმა ჩხაიძეებმა კრიმანჭულით გამშვენებული „ადილა-ალიფაშა“ შეასრულეს და მსმენელისა თუ ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურეს.
„ჩვენს კონკურსს ხსნის ულამაზესი, უნიჭიერესი, მრავალშვილიანი ოჯახი გურიიდან“ _ ასე წარადგინა წამყვანმა შუხუთელი ჩხაიძეები, რომელთა შესრულებამაც მოლოდინები სრულად გაამართლა.
„რა ლამაზები და კარგები ხართ, ამდენი შვილი გყავთ… როგორ მოახერხეთ ამდენი რამე ერთად?“ _ წამყვანის კითხვაზე ოჯახის უფროსის, გიორგი ჩხაიძის, პასუხმა არ დააყოვნა: „ჩვენ გურულები ვართ და ყველაფერს ვახერხებთ!“
მართლაც, ჩხაიძეებმა მსმენელის აღფრთოვანება მოახერხეს, ჟიურიმ კი უყოყმანოდ მიანიჭა მათ ნახევარფინალში გადასვლის უფლება.
„ლანჩხუთიდან ვარ, კერძოდ, სოფელ შუხუთიდან, სადაც ლელობურთი თამაშდება. მყავს მეუღლე და ექვსი შვილი. ეკლესიაში გავიცანით ერთმანეთი, ორივე ვგალობდით. ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ ექვსივე ბავშვი მღერის. ჩამოვაყალიბე ჩხაიძეების ანსამბლი, რომლის ძირითადი ხელმძღვანელობა ჩემს მეუღლეს უწევს. ის სპეციალობით მუსიკოსია, თუმცა მეც ვეხმარები ხოლმე“ _ ამბობს გიორგი ჩხაიძე სიუჟეტში, რომელიც „ხალხურის“ გადამღებმა ჯგუფმა შუხუთში მოამზადა.
„ჩემი ოჯახით ვამაყობ. ქართული ხალხური სიმღერა ჩვენი ტრადიციაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, გავაგრძელოთ და თაობებს გადავცეთ. ეს ჩვენი მოვალეობაა“ _ ამბობს თომა, რომელიც კიდევ ერთ ძმასთან ერთად სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს. თუმცა, ოჯახს კონკურსისთვის მომზადება არ გასჭირვებია.
ამის დასტურია ჟიურის წევრების შეფასებებიც. „ვაშა, გურულებო, ვაშა!“ _ ამ შეძახილით გამოეხმაურა შუხუთელების შესრულებას დავით ცინცაძე, საამაყო ლანჩხუთელი, „ხალხურის“ მუსიკალური ხელმძღვანელი.
მაყურებლის ოვაციები ძლივს ჩააცხრო წამყვანის შეფასებამ: „ჩხაიძეების ფანტასტიკური ოჯახი! მე უკვე ჩემი ფავორიტი მყავს კონკურსის მეორე სეზონში და, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვინ“ _ თქვა ლიზა ბაგრატიონმა.
განსაკუთრებით ვრცლად და ემოციურად შეაფასა ოჯახის გამოსვლა დავით ცინცაძემ. მისი თქმით, გურული სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე რთულია და განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს.
„საოცარი ოჯახია! გურული სიმღერა ხომ ზოგადად ძალიან რთულია და მოუმზადებელი ყურისთვის მოსმენაც რთულია, არათუ შესრულება. ბატონი თემური [ჭკუასელი] დამეთანხმება, რომ გამორჩეულ ხუთ სიმღერაში ერთ-ერთი რთულია. ამ სიმღერას ორი გუნდი სჭირდება, გადაძახილით ასრულებენ, რომ კრიმანჭულს ეყოს ენერგია და ძალა, ორ გუნდს უპასუხოს. ახლა პატარა ილიკო ორივე გუნდს პასუხობდა დამოუკიდებლად, მარტო, იმპროვიზაციით და ასე ცოცხლად. იქიდან-აქეთ გუნდები იცვლებოდა და პატარა ილიკო ბოლომდე მღეროდა სრულად. უღრმესი მადლობა, რომ თქვენნაირი ოჯახი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და შენნაირი ილიკო ჰყავს ჩვენს ქვეყანას!“

ქარდი „გურია Today“-ს ფეისბუკის გვერდიდან
აღფრთოვანებული იყო ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთ-ერთი დამაარსებელი, მომღერალი თემურ ჭკუასელიც, რომელსაც შუხუთელებთან ახლოს, სოფელ ჩიბათში აქვს გატარებული ბავშვობა. „ადილა-ალიფაშა“ მისთვის ბავშვობის მოგონებებთანაც არის დაკავშირებული.
„ახლა ვუსმენდი ამათ და… მე შუხუთიდან მთლად ახლოს ვარ დაბადებული, სოფელ ჩიბათში. ალბათ, ბავშვობაში, ბაღნობაში იავნანას კი მიმღეროდნენ, მაგრამ ჩემს მახსოვრობაში რა სიმღერაც პირველი დარჩა, იყო სწორედ „ადილა-ალიფაშა“. ბებიაჩემი და მისი ორი ძმა მღეროდა. ჭყონია მყავდა ბებია, ჩიბათელი ჭყონიებიდან. ახლა რომ ვუსმენდი ამათ, დათომ სწორი თქვა: მოსასმენად თითქოს არაფერი, მაგრამ როგორი შესასრულებელია ეს სიმღერა, აბა, მე მკითხეთ. საოცრად რთულია. ავყევი კიდეც იმ აბდალას, იქინე როა და მღერის საოცრად კარგად. დიდი მადლობა, რომ ბავშვობა გამახსენეთ. ჩემი კუთხის ხალხი ხართ და ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგები ხართ!“
განსაკუთრებით ემოციური იყო ჟიურის კიდევ ერთი წევრის, ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტისა და ამჟამად დირექტორის, ია მაქაცარიას შეფასებაც. მან საკუთარ ოჯახთან გაავლო პარალელი _ თავადაც ოთხი ვაჟის დედაა, რომელთაც ჩხაიძეების მსგავსად, ქართული სიმღერის სიყვარულით ზრდის.
„იგივე ისტორიაა… ოთხი ბიჭი და ჩხაიძეები მყავს სახლში. სწორედ ასეთ ოჯახებზე დგას ქართული სიმღერა. ეს ანზორ ერქომაიშვილის სიტყვებია და მინდა, სწორედ თქვენს ოჯახს მივუსადაგო, იმიტომ, რომ უნიკალური… არ ვიცი, ისეთი ემოცია წამოიღო ამ შესრულებამ. გურული სიმღერა ხომ ისედაც ცალკე ფენომენია განსაკუთრებულობის და პლუს ოჯახის მიერ შესრულებული, ასეთი ჟღერადობა, ასეთი მოტანილი სული, რომელიც გურიაშია და დღეს აქ გაცოცხლდა. ამისთვის მადლობა“ _ თქვა მან.
„ხალხურის“ პირველი სეზონის გამარჯვებული ანსამბლის, „შემოძახილის“ ხელმძღვანელის, ვასილ კორნიენკოს შეფასება მოკლე იყო, მაგრამ ბევრის მთქმელი:
„ნამდვილად სასწაულად იმღერეთ! ხალხური სიმღერა არ დაიკარგება, სანამ თქვენნაირი ოჯახები არსებობენ“.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შუხუთელ ჩხაიძეებს წარმატებული გამოსვლა მივულოცოთ და ახლა უკვე ნახევარფინალში ვუგულშემატკივროთ!




