„საოცრად უყვარდა თავისი საქმე, მუდამ ბავშვებთან ფუსფუსებდა…“ _ ლანჩხუთის 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებს შორის დასახელებული ლია დონდოლაძე გარდაიცვალა

|

Loading

ლია დონდოლაძე

ლანჩხუთის 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლების ნომინაციაში ერთ-ერთი გამარჯვებული ლია დონდოლაძე 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ნინოშვილის საჯარო სკოლა ავრცელებს.

„შემზარავი იყო ნინოშვილის საჯარო სკოლისათვის 2026 წლის 25 ოქტომბერი: ხელიდან გამოგვეცალა ყველასათვის საყვარელი, კეთილშობილი, ბავშვებისათვის თავდადებული, თანამშრომლობისათვის იმედი და გვერდში მდგომი მათემატიკისა და გეოგრაფიის პედაგოგი, სიკეთითა და სათნოებით გამორჩეული ქალბატონი ლია დონდოლაძე“ _ ვკითხულობთ ნინოშვილის საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.

ლია დონდოლაძე დაიბადა 1965 წლის 1 დეკემბერს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილში, შუქრი და მედიკო დონდოლაძეების შრომისმოყვარე ოჯახში. საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1986 წელს ჩაირიცხაქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაასრულა 1991 წელს, ინჟინერ ელექტრო-მექანიკოსის სპეციალობით. თუმცა მას ამ მიმართულებით არ უმუშავია.

„იმ პერიოდში როცა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და აღმშენებლობა დაიწყო, მან გადაწყვიტა მშობლიური სოფლის სკოლას ამოდგომოდა მხარში მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში. სწორედ ამ მიზნით ლია დონდოლაძემ გაიარა იმდროინდელი პედაგოგთა გადამზადების კურსები გეოგრაფიასა და მათემატიკაში და 1995 წლიდან დაიწყო მისი პედაგოგიური მოღვაწეობა ნინოშვილის საჯარო სკოლაში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. მან ასევე წარმატებით დაადასტურა საგნობრივი კომპეტენციები გეოგრაფიასა და პროფესიულ უნარებში 2018 წელს და მათემატიკაში 2020 წელს და მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ქალბატონ ლიას საოცრად უყვარდა თავისი საქმე. მუდამ ბავშვებთან ფუსფუსებდა. მათი წარმატებები ახარებდა, მათი წინსვლისთვის იღვწოდა. იყო საუკეთესო კოლეგა, ყველა თანამშრომლის გასაჭირს იზიარებდა და გვერდით ედგა. თავის საქმეს გადადებდა და სხვას ეხმარებოდა. ხშირად გაუმართავს ხელი თანამშრომლების, მეზობლებისა და ნათესავებისათვის. არასოდეს ითხოვდა სამაგიეროს. მას მიაჩნდა, რომ „ყოველ ადამიანშია მზე, ოღონდ ვაცალოთ, რომ გაანათოს”. იცხოვრა ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებებით. დიდია გულისტკივილი ასეთი გამორჩეულო ადამიანის დაკარგვისა, ვერაფერი ამოავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მან თავისი წასვლით დაგვიტოვა. გულმოკლული გემშვიდობებით შენი კოლეგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ჩვენო ძვირფასო ლია. შენ იმხელა სითბო, სიკეთე და სიყვარული დათესე, რომელიც არასოდეს განელდება. შეხვედრამდე…“ _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ნინოშვილის საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

2026 წლის 11 ოქტომბერს, „ლანჩხუთობაზე“, ლანჩხუთის სკოლების 25 საუკეთესო მასწავლებელი გამოარჩიეს, მათ შორის იყო ლია დონდოლაძე, რომელიც მშობლიურმა სკოლამ წარადგინა.

„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.