მესამედ საუკუნეზე მეტი მიითვალა დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა და მის ისტორიაში ჩაწერა „გურიამ“ პირველივე სეზონში შეძლო, როცა პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. თუმცა ლანჩხუთური კლუბი ვერასდროს გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მხოლოდ საწყის ორ ჩემპიონატში იყო ახლოს ტიტულთან, მაგრამ საბოლოოდ, პირველობა თბილისის „დინამოს“ (მაშინ „იბერია“ ერქვა) დაუთმო.
ახლა გურულ ქომაგს იმედს მერაბ ჟორდანია აძლევს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს-პრეზიდენტი, მსოფლიო საფეხბურთო წრეებში ანგარიშგასაწევი და გავლენიანი ფიგურა…
იგი ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან კლუბის მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლა და უკვე მომდევნო წელსვე, პირველივე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა! ვინ ვინ და ლანჩხუთური ფესვების მქონე და ამ ქალაქზე შეყვარებულმა საფეხბურთო მოხელემ, რომლის „საპრეზიდენტო მხრები“ დახუნძლულია ტიტულებითა და დიდი გამოცდილებით, ყველაზე უკეთ იცის, რა შეუძლია…
… 1990 წელს, ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად, ქართული ეროვნული ჩემპიონატი დაიბადა. იქიდან მოყოლებული რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება, რომელსაც 2002 წელს ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი ეწოდა.
ქართული საკლუბო ფეხბურთი კიდევ არაერთ ათწლეულებს მიითვლის, მანამდე კი შეგვიძლია მცირედი მიმოხილვა გავაკეთოთ და დავადგინოთ, ვინ არის ყველაზე ტიტულოვანი პრეზიდენტი ქართულ ფეხბურთში.
1990 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, 37 საფეხბურთო სეზონი ჩატარდა, რომელიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ქართული კლუბების მონაგარი საჩემპიონო ტიტულებით დავიწყოთ.
საქართველოს ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ (19-ჯერ) თბილისის „დინამო“ გახდა, მეორეზეა ქუთაისის ტორპედო 4 ოქროს მედლით, ხოლო თბილისის „იბერია 1999“/„საბურთალო“ ტიტულს 3-ჯერ დაეუფლა.
2-2-ჯერ გახდნენ ჩემპიონები ბათუმის „დინამო“, „ზესტაფონი“, „რუსთავი“/„მეტალურგი“ და „ვიტ ჯორჯია“, ხოლო თითო საჩემპიონო ტიტულს 3 გუნდი ფლობს: გორის „დილა“, „სამტრედია“ და ბოლნისის „სიონი“.
საგულისხმოა ის, რომ ტიტულოვან ქართულ კლუბთა მოწინავე სამეულიდან ორ კლუბს არაერთი პრეზიდენტი ჰყავდა და საინტერესოა, მათ შორის რომელს აქვს ჩემპიონობაში ყველაზე უკეთესი მონაგარი. მოწინავე ტრიოში რეიტინგი ასეთია:

მერაბ ჟორდანიას პირველი ინტერვიუ სფფ-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ | 1998 წლის 23 ოქტომბერი
თბილისის „დინამო“ ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას გახდა (8-ჯერ), კლუბის დღევანდელი მმართველის, რომან ფიფიას დროს ქვეყნის მთავარი გუნდი 6-ჯერ დაეუფლა ტიტულს, ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტობისას _ 3-ჯერ, ხოლო მისი პირველი თავკაცის, ოთარ წეროძის დროს _ 2-ჯერ.
„ტორპედო“ 2-ჯერ ჩემპიონი ზურაბ ხინიკაძის დროს გახდა, თითოჯერ _ მიხეილ ქორქიას და ზაალ ჩაჩავას პრეზიდენტობისას. „იბერია 1999“/„საბურთალო“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონი ერთი პრეზიდენტის ხელში გახდა _ ეს არცაა გასაკვირი, ტარიელ ხეჩიკაშვილი თბილისელთა უცვლელი თავკაცია.
როგორც ხედავთ პრეზიდენტებს შორის, 8-გზის ჩემპიონობით, მერაბ ჟორდანია უპირობო ლიდერია. ის 1998 წელის 23 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ გარდამავალი პერიოდის გამო, კიდევ ერთი (1998-1999) სეზონით „დინამოს“ თავკაცის ფუნქციასაც ასრულებდა.
აღსანიშნავია ის, რომ მერაბ ჟორდანია ჯამში 7 წლის განმავლობაში (1992-1999 წწ.) იყო „დინამოს“ პირველი პირი და ამ პოსტის დატოვების შემდეგ, დედაქალაქურმა კლუბმა მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაიბრუნა ჩემპიონობა.
ყველაზე ტიტულოვანი პრეზიდენტების სიაში მეორე „დინამოს” ახლანდელი მმართველი რომან ფიფიაა, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, 15 წელია, რაც “დინამოს” პრეზიდენტია. მესამე საფეხურზე ერთბაშად ორი მმართველია, „იბერია 1999“-ის (ყოფილი „საბურთალო“) თავკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილი და „დინამოს“ ექს-პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი. ხუთეულს ავსებს ეროვნულ პირველობებზე, ქართული ფეხბურთის ფლაგმანის პირველი მმართველი ოთარ წეროძე.
ახლა საქართველოს თასის გათამაშება მიმოვიხილოთ. ეროვნული ტროფეი პირველად ლანჩხუთის „გურიამ“ აღმართა.
აქამდე საქართველოს თასის 36 გათამაშება ჩატარდა. ყველაზე მეტჯერ მას თბილისის „დინამო“ ფლობდა (13-ჯერ), „ტორპედომ“ თასი 5-ჯერ აღმართა, „იბერია 1999“/„საბურთალომ“ და თბილისის „ლოკომოტივმა“ _ 3-3ჯერ.
ეროვნულ თასს 2-2-ჯერ ფლობდნენ „დილა“, თბილისის „ამერი“ და „გაგრა“, ხოლო „გურიას“ გარდა, ტიტულს თითოჯერ კიდევ 5 კლუბი ფლობდა (ბათუმის „დინამო“, „ზესტაფონი“, თბილისური „ვიტ ჯორჯია“ და „სპაერი“, ასევე საჩხერის „ჩიხურა“).
პირველი ოთხეულიდან „იბერია 1999“/„საბურთალო“ ისევ ერთადერთი კლუბია, რომელიც ყველა ტიტულს ერთი პრეზიდენტის (ტარიელ ხეჩიკაშვილი) ხელში დაეუფლა. დანარჩენმა 3-მა კლუბმა კი ეს არაერთი პრეზიდენტის ხელში მოახერხა და ვნახოთ, ვის მეტი მონაგარი აქვს.
თბილისის „დინამო“ყველაზე მეტჯერ თასსაც მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას დაეუფლა (13-დან 6 ჯერ!), მეორე ისევ რომან ფიფიაა 4 ტიტულით, 2-ჯერ თასი კლუბმა ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტობისას მოიპოვა, ხოლო 1-ხელ ეს ბუბა ტყავაძემ შეძლო.
„ტორპედოს“ 5 თასი პრეზიდენტებზე ასე ნაწილდება: ზაალ ჩაჩავა – 2-ჯერ; ზურაბ ხინიკაძე, მიხეილ ქორქია და დავით დოლაბერიძე – თითოჯერ.
თბილისის „ლოკომოტივმა“ 2-ჯერ თასი ლანჩხუთელი აკაკი ჩხაიძის [რკინიგზის დეპარტამენტის დირექტორობისას] ხელში მოიპოვა, ხოლო ერთხელ ლექსო თოფურიას პრეზიდენტობისას. აქვე ვთქვათ, რომ „გურია“ პირველ ეროვნულ თასს ამირან წილოსანის პრეზიდენტობის დროს დაეუფლა.
ახლა ჩემპიონატი და თასი შევაჯამოთ კლუბების მიხედვით და ყველაზე ტიტულოვანი პრეზიდენტებიც გამოვიკვლიოთ.
ქართული ფეხბურთის ფლაგმანი უდავიოდ ლიდერია _ თბილისის „დინამომ“ სულ 29 ტიტული მოიპოვა, აქედან თითქმის ნახევარი (14 ტიტული _ 8 ჩემპიონი + 6 თასი) მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას. რომან ფიფიას ანგარიშზე 6 ჩემპიონობა და 4 თასია, ბადრი პატარკაციშვილმა 5 ტიტულს მოუყარა თავი (3 ჩემპიონი + 2 თასი).
სხვა კლუბების პრეზიდენტებიდან საუკეთესო შედეგი აქვს ტარიელ ხეჩიკაშვილს _ მის ხელში „იბერია 1999“/„საბურთალო“ 3-3-ჯერ გახდა ჩემპიონი და თასის მფლობელი.
როგორც ხედავთ, მიჯრით მოპოვებული 14 ტიტულით (ზედიზედ 8-გზის ჩემპიონობით და ასევე ზედიზედ 6-ჯერ თასის მოპოვებით) მერაბ ჟორდანია უპირობოდ ლიდერობს. მისი პრეზიდენტობისას „დინამომ“ ყველა ჩემპიონატი და თასის გათამაშება მოიგო (ერთის გარდა), პლუს ამას, მან 7 წლის განმავლობაში შეძლო 14 ტიტულის მოპოვება, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.
ასევე საინტერესოა, რომ საერთო ტიტულების თითქმის მეხუთედია ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის ანგარიშზე _ 14 ტროფეი 73-დან!
მოგეხსენებათ, მერაბ ჟორდანია ქართული ფეხბურთში 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და “გურიას”დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ამბიციები და გავლენა (როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ფეხბურთში), ეჭვს არ ბადებს, რომ ლანჩხუთური კლუბის აღმავლობის წლები იწყება და იგი ქართულ საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდება.




