ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შუხუთის შემდეგ, სასწავლო პროცესი სუფსის საჯარო სკოლაშიც შეწყდა – 227 მოსწავლე სწავლის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა

|

Loading

სუფსის საჯარო სკოლის შენობა

„გურიის მოამბეს“ ცნობით, სოფელ სუფსის საჯარო სკოლაში, სადაც 227 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის – 10 პირველკლასელი, სწავლა შეწყდა, რაც სკოლის დირექტორმაც დაადასტურა:

„არაფერი არ ვიცოდით, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ონლაინ-რეჟიმზე უნდა გადავსულიყავით, დავიწყეთ სწავლა თუ არა, ორ დღეში დაგვირეკეს და შევწყვიტეთ. ჯერ ვერ გეტყვით, მოხდება დემონტაჟი შენობის და ახლის აშენება, თუ ამ შენობის რეაბილიტაცია, სკოლა რომ ამორტიზირებულია ეს ყველამ ვიცით. დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, რეაბილიტირება დაიგეგმება თუ ახლის აშენება. ამ წუთში სწავლის ონლაინ რეჟიმზე ვართ გადასული” – ამბობს ტარიელ ჯიჯიეშვილი.

გამოცემასთან საუბარში სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლა დიდი ხანია ამორტიზირებულია, შენობა მწყობრიდან გამოსულია და ფაქტობრივად, მისი ფუნქციონირება შეუძლებელიც კი იყო, თუმცა, ის რომ ეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლის ონლაინ-რეჟიმზე გადადიოდა, ეს პედაგოგებმაც და მშობლებმაც მხოლოდ საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სასწავლო პროცესის დაწყების მეორე დღეს გაიგეს;

„[წინასწარ] არავის არაფერი არ უთქვამს, 18 სექტემბერს გავიგეთ, რომ სკოლა იხურებოდა, გუშინ იყვნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან და გვითხრეს, რომ ერთ კვირაში გვეცოდინება პასუხი, რას გადაწყვეტენ, სკოლა ძალიან ძველი იყო. იატაკიც საშინელ მდგომარეობაში, აქა იქ კედლებიც მწყობრიდან იყო გამოსული” – ამბობს ქეთევან გოგუაძე, სუფსის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

ცნობისთვის, 2026 წლის 15 სექტემბერს მხოლოდ 1 დღით გაიხსნა რეაბილიტრებული სკოლა შუხუთში, სადაც 4,3 მილიონ ლარზე მეტი სამუშაოები ჩატარდა. მიზეზი სკოლისთვის წყლის მიწოდებაში არსებული ხარვეზია.