ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკის მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ხმაურს არ შეუშინდა და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა.
2026 წლის 4 სექტემბერს, საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ მაღალჩინოსანი ახლა უკვე სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს.
რა მოხდა აქამდე?
2024 წელს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2 ნაწილად გაიყო და აქედან ერთი (613 კვ.მ.) მინისტრმა აუქციონის შედეგად შეიძინა, ხოლო მის ღირებულებად, ქონებრივ დეკლარაციაში 8400 ლარი აქვს მითითებული.
2025 წლის თებერვალში, დარჩენილი 995 კვ.მ. სამად გაიყო _ 369 კვ.მ., 339 კვ.მ. და 92 კვ.მ. ნაწილებად. გაურკვეველია, სად „დაიკარგა“ დანარჩენი 195 კვ.მ. ფართი. მით უმეტეს, ახალი ნახაზი 995 კვ.მ.-ზე გაკეთდა, რაც გამორიცხავს, რომ დაზუსტებისას ფართი ნაკლები აღმოჩნდა.
2025 წლის მაისში, მიწის გაყოფისას, დარეგისტრირებული ყველაზე დიდი ნაკვეთი (369 კვ.მ.) მიქანაძემ უკვე გარიგების საფუძველზე, 5 000 ლარად შეიძინა. დეკლარაციაში შეძენის ფორმად ისევ აუქციონი მიუთითა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში აუქციონი ნახსენები არაა. შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი მიყიდვის ფორმა.
2026 წლის 17 მარტს, მაღალჩინოსანმა საკუთრებაში არსებული ორივე ფართის გააერთიანების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც სტანდარტული, 4-დღიანი ვადა არ გამოიყენა და 19 მარტს, მას 982 კვ.მ. დაურეგისტრირა.
შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა 2 ნაკვეთი _ 339 კვ.მ. და 92 კვ.მ. აქედან უფრო დიდ ფართზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 და 2025 წლებში გამოცემულ ბრძანებებს 2026 წლის 22 ივლისით დათარიღებულიც დაუმატა და სწორედ ეს სამი ბრძანებაა საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებული.

თუნუქის სახურავიანი შენობა გაუქმებული სკოლაა. მისგან მარცხნივ, დაბლარული სახით, გივი მიქანაძის სახელზე უკვე გაერთიანებული 982 კვ.მ. ფართია, კიდევ მარცხნივ წითელ და მწვანე ხაზებში მოქცეული ის 500 კვ.მ.-ია, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირების პროცესი ახლა მიმდინარეობს, დაბლარულის ზედა მხარეს, ვიწრო ზოლი, წითელ ხაზებში 92 კვ.მ.-ია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.
როგორც ირკვევა, 339 კვ.მ. ნაკვეთზე ქონების სააგენტომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, წარუდგინა ახალი ბრძანება და დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, რის შემდეგაც დაარეგისტრირა გაზრდილი ფართი, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე [161 კვ.მ.-ით გაზრდა, სავარაუდოდ, ე.წ. „შეტეხილი“ ფართის ხარჯზე მოხდა, რომელიც თავის დროზე 1608 კვ.მ.-ში არ შედიოდა _ იხილე ქვედა ილუსტრაცია].
სწორედ აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების მოთხოვნა აქვს გაკეთებული მინისტრს და საბოლოოდ, მის საკუთრებაში იქნება 1482 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ბოლო ნაკვეთს რა ფასად შეიძენს, ამას გაისად შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვნახავთ.
ახლა რეალურად ძველი ნაკვეთიდან დარჩენილია 92 კვ.მ., რომელიც დღევანდელი 982 კვ.მ. ნაკვეთს მთელ სიგანეზე, წვრილ ზოლად გასდევს. ის იმდენად მცირეა, ვერ გასხვისდება და შესაბამისად, მინისტრმა რომც არ შეიძინოს, მის ფართს ხელს ვერ შეუშლის.
რა გამოდის? გივი მიქანაძეს არჩეულში 1482 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესაძენად რთული გზა აირჩია. მან თავიდან არსებული 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 92% ორჯერ დანაწილების შემდეგ 3 ნაკვეთად შეიძინა.
ასევე მინისტრმა სამი ნაკვეთის შესაძენად სხვადასხვა გზა აირჩია: საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე, აუქციონის წესი და სავარაუდოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმა.
სად შენდება მინისტრის აგარაკი და არის თუ არა სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი, რის „გარკვევაშიც“ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ, 17 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკს იშენებდა. მან მინისტრს მშობლიურ კუთხეში „დაბრუნების“ სურვილი შეუქო, თუმცა იქვე გააკრიტიკა _ რამდენიმე წლის წინ, სოფელში სკოლა რომ გააუქმეს და არც საბავშვო ბაღი არსებობს, ამითაც დაინტერესდითო.
მალევე მან „დააზუსტა“, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სახლს თურმე ყოფილი საბავშვო ბაღის ადგილზე იშენებსო.
მართალია, ოპოზიციონერს ეს არ უთქვამს, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, რომ შესაძლოა, მინისტრის აგარაკის მიწისთვის დაიხურა ბაღი. რეალურად, საბავშვო ბაღი, მინიმუმ 35 წელია, არ ფუნქციონირებს.
მაღალჩინოსანმა მალევე გასცა პასუხი და არამხოლოდ ოპოზიციონერს: თუ ბოდიშს არ მოიხდით, ცილისწამებისთვის გიჩივლებთო. თუმცა ასკურავას დღემდე არ მოუხდია ბოდიში და არც მიქანაძეს უჩივლია მისთვის.
შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მან არ იცოდა და სავარაუდოდ, მოგვიანებით გაიგო _ მისი აგარაკი ნამდვილად ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შენდება.

წითელი კონტური ძველი ნაკვეთისაა, სადაც საბავშვო ბაღის ერთსართულიანი შენობა იყო განთავსებული, რომელიც მარჯვენა მხარეს შავი ხაზებითაა მითითებული 2018 წლის ამონაწერში. ცისფერი წყვეტილი ხაზებით გივი მიქანაძის მიერ სხვადასხვა დროს ნაყიდი სამი ნაწილია _ 613 კვ.მ., 369 კვ.მ. და 500 კვ.მ., რომელიც 369 კვ.მ. იყო, მაგრამ „შეტეხილი“ ადგილის (შესამჩნევია წითელი ხაზებით) დამატებით შეივსო. მწვანე წყვეტილი ხაზით 92 კვ.მ. ფართია, რომელიც უკვე გაერთიანებულ 613 კვ.მ.-სა და 369 კვ.მ.-ს მთელ სიგრძეზე გასდევს და გზას ესაზღვრება
„გურია Today“-ის ადგილობრივები უყვებიან, რომ არჩეულში, ახლა უკვე გაუქმებული სკოლის ტერიტორიაზე კოლმეურნეობა ფუნქციონირებდა. 1979 წელს, შენობის მეორე სართულზე საბავშვო ბაღი განთავსდა, მაგრამ რადგან ფართი საკმარისი არ იყო, გვერდით აშენებულ ერთსართულიან შენობაში გადანაწილდა. ეს კი ის ადგილია, რომელიც ახლა მაღალჩინოსნის საკუთრებაა.
არჩეულში მდებარე სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას „ნიგვზიანის ბაღის“ სახელი ჰქონდა და ავტობუსებით ბავშვები იქ მიმდებარე სოფლებიდანაც (ნიგვზიანი, ნინოშვილი, ხაჯალია) მიჰყავდათ. ხოლო კონკრეტულად ნიგვზიანში მაშინ არსებული მცირე ტიპის საბავშვო ბაღი მხოლოდ ჩაის ფაბრიკის თანამშრომელთა შვილებს ემსახურებოდა.
როგორც სოფელში გვიყვებიან, საბავშვო ბაღი განათლების სამინისტროს ბალანსზე იყო და ერთსართულიან შენობაში, სააღმზრდელო პროცესთან ერთად, საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა.
დაახლოებით, 1990-95 წლების შუალედში ბაღი დაიხურა, ხოლო 1995 წელს, კოლმეურნეობის შენობაში დაწყებითი სკოლა განთავსდა. რამდენიმე წელია, სკოლაც დაიხურა.
ადგილობრივთა მონათხრობით, ერთსართულიანი შენობის დაშლა დახურვიდან მალევე დაიწყო. ბოლოს, 2018 წლის ამონაწერშია დაფიქსირებული შენობა #1 (დანგრეული).
მას შემდეგ კი, ოფიციალურ დოკუმენტებში, საბავშვო ბაღის ნაკვალევი აღარ ჩანს და მინისტრმა ცარიელი ადგილი შეიძინა.
„ბაღი იქ კომუნისტების დროს იყო, მაგრამ მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა. ჰოდა, რა დროს ბაღია. როცა მიქანაძემ მშენებლობა დაიწყო, იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ ყოფილა. ტყულა ნუ იქავებთ ენებს“ _ წერს „გურია Today“-ის ფეისბუკის გვერდზე, კომენტარების ველში, ადგილობრივი ეთერ დარჩია.
იგი, ათწლეულებია, მუშაობს არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახ-მუზეუმში, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია.
სხვათა შორის, კახა ასკურავას მიერ მინისტრისადმი 17 აგვისტოს გაჟღერებულ მოთხოვნებში ზემოხსენებეული მუზეუმის მიხედვაც იყო.
არჩეულში დღეს არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი. ხელისუფლების განცხადება, რომ „საბავშვო ბაღი იქ აშენდა, სადაც იყო“ და „სოფელში ბაღიც არის და სკოლაც“, სავარაუდოდ, გულისხმობს ნიგვზიანის ტერიტორიულ ორგანოს, რომლის შემადგენლობაშიცაა არჩეული, თუმცა იგი ცალკე სოფელია.

ზემოთ რეალური ამჟამინდელი ფოტო: მარცხნივ _ სკოლის შენობა, მარჯვნივ მინისტრის აგარაკი (მწვანე ღობით); ქვემოთ, ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით, AI-ის მიერ გენერირებული ილუსტრაცია _ ძველი სკოლისა და ბაღის სავარაუდო იერსახე
აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვების სიმცირის გამო, სრულად დატვირთული არაა ახალაშენებული ბაღი ნიგვზიანში, რომელიც მთლიან თემს ემსახურება და რამდენად საჭიროა სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება არჩეულში, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
რაც შეეხება დაწყებით სკოლას, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და პედაგოგების ნაწილი თვლის, რომ 2023 წელს მისი გაუქმება უკანონოდ და მიზანმიმართულად მოხდა.
სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე ამბობს, რომ „არჩეულის კორპუსი“, სადაც დაწყებითი კლასები იყო განთავსებული, შენობის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაიხურა.
იგი მინისტრს სოფელში სახლის აშენებას უწონებს და თვლის, რომ ეს მისაბაძი მაგალითია, რაც სოფლების დაცლას ხელს შეუშლისო.
„სკოლის კუთვნილ ტერიტორიას და მით უმეტეს, სკოლის შენობას არავინ შეხებია“ _ წერს დირექტორი ერთ-ერთ კომენტარში, თუმცა გივი მიქანაძისთვის არავის დაუბრალებია, რომ აგარაკს სკოლის ტერიტორიაზე იშენებს, ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასეთი განცხადება არ გაკეთებულა.




