გურიაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება _ პროკურორის თქმით, იგი მოკლულს ჯერ კიდევ გასულ წელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | საქართველოს პროკურატურა და ბრალდებული გ. ე-ძე

გურიაში 63 წლის მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულ ზ. ე-ძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 109-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქამდე დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი (108-ე მუხლი) 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გაირკვა, რომ დაკავებული მოკლულ ქალს სიცოცხლის მოსპობით ჯერ კიდევ გასულ წელს დაემუქრა, რასაც ადვოკატის განცხადებით, გ. ე-ძე არ ადასტურებს. იგი მკვლელობის ჩადენასაც უარყოფს.

პროკურორის თქმით, დანით შეიარაღებული გ. ე-ძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, როცა უკანონოდ შეაღწია მოკლულის საცხოვრებელ სახლში და ქალს 60 ჭრილობა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს დანაშაულის ადგილზე დარჩა ხელთათმანი, რომელზეც დაკავებულის დნმ-ის კვალი ამოვიდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ქალის ხელში არსებული თმა ბრალდებულს ეკუთვნის.