ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა „გარდენია შევარდნაძეში“ ნაჩვენები კულინარიული მასტერკლასების გამო _ ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტები მანამდეც გადადიოდა ხელიდან ხელში, მაგრამ უბრალოებითა და გურულებისათვის დამახასიათებელი იუმორით მაყურებელს კიდევ უფრო შეაყვარა თავი.
ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ქალბატონი ნინო პროფესიით ჟურნალისტია და საუცხოო ჩანახატებს წერს. ერთ-ერთია თავისი საპირველსექტემბრო ამბავი:
„ი, ზუუსტად ამ დღეს – 31 აგვისტოს სკამზე გადაკიდული მქონდა გაპიწკინებული ფორმის კაბა, თეთრი საყელო და „მანჟეტები“. სკამის ქვეშ მეწყო აუცილებლად ახალი ფეხსაცმელი, შიგ თეთრი გეტრებით. მაგიდასთან მედო საწიგნე, გავსებული ყდებგადაკრული ახალი წიგნებით, რომელსაც ყველაზე ადრე „მოვიპოვებდი“ იმის გამო, რომ სკოლის ბიბლიოთეკას 25 აგვისტოდან წიგნების მიღება-დახარისხებაში ვეხმარებოდი.
ჰოო, კიდე, ფანჯრის რაფაზე აუცილებლად მედო ტატიანა დეიდას ნაჩუქარი ქოთნის ყვავილი, რომელიც სკოლაში უნდა მიმეტანა… ამ დღეს ვიჯექი და დედაჩემის დავალებით ვწერდი – როგორ გავატარე საზაფხულო არდადეგები, რომელიც უსათუოდ იწყებოდა ასე: საზაფხულო არდადეგები შინაარსიანად გავატარე.
და ეს ყველაფერი ისევ დედაჩემის აკომპანიმენტის ფონზე ხდებოდა – დედაააა, რა ჩააყენებს ამ გაველურებულებს ახლა კალაპოტშიი, რააა?
ხოო, ზუსტად ამ დღეს დედაჩემს არ ავიწყდებოდა, რომ ებრძანებინა – ნინოო, გამები გაიმეორე, მთლად დაგიჩლუნგდება ეგ ხელებიიი…
სახლი, კუთხე-კუნჭულიანად, რაღა თქმა უნდა, იყო საგანგებოდ დაწკრიალებულ-გაკრახმალებული და ამ ყველაფერს საპირველსექტემბრო „უბორკა“ ერქვა!!!
რა ხალისი და სიყვარული ახლდა ამ ყველაფერს, რომელიც კარგა ხანია მინავლებული მგონია მე!!!
P.S. ვაი, ახლა აღმოვაჩინე, ეს ვარდი გულზე მაშინაც მკეთებია…“ _ წერს ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.




