„ბევრი ვიარე სოფლებში, ბევრი ქართული, დაკარგული ან მივიწყებული ჯიშის თესლი შევაგროვე… ჩემს ბაღში 21-ე სეზონს ვიწყებთ!“ – ზურა შევარდნაძე

|

Loading

ზურა შევარდნაძე | ფოტო „გარდენია შევარდნაძე“

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

ხვალ 1 სექტემბერია, შემოდგომა იწყება.

ამ ზაფხულს ბევრი ვიარე სოფლებში, ცოტა საქმიანად და ცოტა სიხარულის მისაღებად… ბევრი ნამდვილი ადამიანი გავიცანი.

ბევრი ქართული, დაკარგული ან მივიწყებული ჯიშის თესლი შევაგროვე. მოვინიშნე სახელები და გვარები, სოფლები, ადგილები.

ბევრი ამბავი და ისტორია ჩავიწერე, ზოგი ძალიან სევდიანი, ზოგი სიხარულით და იმედით სავსე.

ამაში აქამდეც დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო:

ჩვენი პატარა ქვეყანა ბრილიანტია, სავსე ემოციით და სიყვარულით, სავსე ერთიმეორეზე ძვირფასი ამბებით, სოფლებით, ადგილებით, ხალხით, ემოციით სავსე ხალხით. არავის ისეთი სიყვარული არ შეუძლია, როგორც – ჩვენ.

ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვაპატიოთ, მოვუსმინოთ, ვეცადოთ გავიგოთ გაუგებარიც, ვიშრომოთ ისე, როგორც შეგვიძლია… უნდა დავიჯეროთ, რომ კარგები ვართ და კარგი ქვეყანა გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა მივხედოთ, მოვუაროთ!!!!

ხვალიდან შემოდგომაა, ჩემს ბაღშიც ოცდამეერთე საშემოდგომო, სამებაღეო სეზონს ვიწყებთ, მოვრჩი ტრიშინს, საქმეს, ბაღში საქმეს დავუბრუნდები…

ყველა თქვენგანის სტუმრობა გამახარებს, თუ იმ ემოციის პატარა პინწკალი მაინც შემიძლია თქვენამდე მოვიტანო, რითაც სვსეა ჩემი გული და გონება, ბედნიერი ვიქნები.

გაიხარეთ, ქართველებო, ბედნიერი, ხვავრიელი და სიხარულიანი შემოდგომა დაგვიდგეს!“ _ წერს „გარდენია შევარდნაძის“ მეპატრონე.