ლანჩხუთში ცხარე ცრემლებით დასტირის ლევან ფირცხალაიშვილს, რომელიც გუშინ ბათუმში გარდაცვლილი იპოვნეს, რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ.
ამის გამო, 22 წლის ახალგაზრდას დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ, გორისგვერდის სასაფლაოზე. დღის 2 საათზე გამოასვენებენ მშობლიურის სახლიდან (ქ. ლანჩხუთი, ბარათაშვილის ქ.#47).
ასეულობით ადამიანი გამოხატავს უდიდეს მწუხარებას მომხდარის გამო.
როგორც ახლობლები წერენ, ლევანიკო ლანჩხუთში ცნობილი ოჯახის შვილია _ მისმა ბაბუამ ჯონი ფირცხალაიშვილმა 1972 წელს, რაიონში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გურია“ დაარსა, რომელსაც 1984 წელს სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა და მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
„დღეს მაღაზიაში შევედი და დავინახე, როგორ ცხარე ცრემლებით ტიროდა გამყიდველი. ეს რა გაუკეთე შენს საცოდავ დედას, შვილო, ობლები სიმწრით, მაგრამ ღირსეულად გაგზარდათ, არაფერს არ გაკლებდათ… მამა ძალიან ახალგაზრდა დაეღუპა უკრაინაში, ახლა თავის შვილს ჩაიხუტებს გულში“ _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.




