თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1979 წლის 29 ოქტომბერს, ყანაზის მოყინულ მოედანზე, მატჩის ბოლო წუთებზე, ამირან სევასტოპულო გაიტანს გოლს, რომელიც დასაბამს დაუდებს „დუნიის გადარევას“. ეს ის გოლია, რაზეც 47 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ: გაიტანა თუ არა „სევასტიმ“ თავისი კარიერის მთავარი გოლი… ხელით?
ამაზე პასუხი ვიდეოშია, რომელიც გელა პატარაიამ სპეციალურად „გურია Today“-სთვის ჩაწერა.
ნახეთ ვიდეო: რა მოხდა ყაზანში? 47 წლის შემდეგ ალაპარაკებული მთავარი გმირი!
დღეს, ამირან სევასტოპულო ლანჩხუთის სტადიონზე იყო, იმ გუნდს გულშემატკივრობდა, რომელსაც მან დიდი გამარჯვება მოუტანა.

ეს კაცი, „გურიას“ ყველა დროის ყველაზე დიდი პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის ისტორიულ სკამზე რომ ზის, ამირან სევასტოპულოა – კლუბის ლეგენდა! | „გურია Today“-ს ფეისბუკ-ქარდი
იღბლიანი გამოდგა „სევასტის“ ფეხი 47 წლის შემდეგაც: „გურიამ“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „იბერია 1999-2“-ს 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა.
გურულების წარმატებას სათავე ნაადრევმა გოლმა დაუდო: თორნიკე კაპანაძემ უკვე მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში.
აქედან 24 წუთში ვანო შარვაძემაც გაიტანა და „გურიამ“ მშვიდად მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე,
ნახეთ მატჩის ალბომი: გელა პატარაიას ფოტოობიექტივში აღბეჭდილი საუკეთესო მომენტები და გამარჯვების ემოციები
ე.წ. 6-ქულიანი თამაშის მოგება გურულებს ცხრილში იმ პოზიციას უმყარებს, რომელიც პირდაპირ დაწინაურების საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, მდევრებმა („გონიო“ და „ორბი“) თავიანთი შეხვედრები წააგეს.

„გურიამ“ უახლოეს მდევარს 4 ქულით გაუსწრო
გურულებმა, პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, რევანშიც აიღეს დედაქალაქელებზე, რომლებსაც ლანჩხუთელი სპეციალისტი დავით ხიტირი წვრთნის _ „გურიას“ ექს-მოთამაშის დამოძღვრილმა გუნდმა, თბილისურ შეხვედრაში, პირველი ტაიმის 0:1-ის შემდეგ, თამაშის „შემოტრიალება“ (2:1) შეძლო.
„გურია“ მორიგ შეხვედრას 27 აგვისტოს გამართავს _ ქედაში, ადგილობრივ „ბეთლემთან“, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორეა.
21.08.26 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 2:0 იბერია 1999-2
1:0 კაპანაძე (4), 2:0 შარვაძე (28)
გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, ჩოთალიშვილი (46. გეგუჩაძე), ჩაგანავა (83. შეროზია), სიჭინავა (79. ტაბატაძე), შარვაძე (65. ქოქოსაძე), კაპანაძე (65. კახაბრიშვილი)





