დღეს, ლანჩხუთელი რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩია 47 წლის გახდებოდა. მისი დედა _ ლილი შეყრილაძე-დარჩია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დაჩი, ჩემო მონატრებულო შვილო, თენდება შენი დაბადების დღე, უშენოდ აუტანელი. ნეტავ როგორი იქნებოდი ორმოცდაშვიდის…
წლები მიდიან, მე კი შენზე ფიქრებში გულმოკლული ვცოცხლობ, შენც ჩემს გულში ცოცხლობ, ჩემთან ხარ ყოველ წუთს, ხან შენი სიმღერები მესმის, ხან საუბარი, მარტო მყოფი მეც გესაუბრები ცრემლიანი, შენ ყველგან დამყვები, შვილო, ამიტომ ღიმილი გამოვიგონე…
ჩემი ბედნიერება იყავი და სულ ასე იქნები, ასეა შვილი მშობლისთვის და კარგი შვილი, მითუმეტეს, ჩემო ნიჭიერო! შენი ცხოვრება სწავლა-განათლებას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მოახმარე, საქმის სიყვარულის, პასუხისმგებლობის და ადამიანობის მაგალითი იყავი. უსაშველოდ მენატრები, ამ წუთას დავხუჭავდი სამუდამოდ თვალებს შენი ერთი ჩახუტებისთვის.
შეხვედრამდე, შვილო!“ _ წერს დედა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე და შვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ დაჩი დარჩია 2014 წლის 29 აგვისტოს ღამით, თბილისში მოკლეს.





