„მაპატიოს ჩემმა თბილისმა, მაგრამ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის უფრო მეტია…“ _ ჩვენს „გურულ ძამიკონას“, ბადრი ვადაჭკორიას ვემშვიდობებით

|

Loading

ბადრი ვადაჭკორია სამუშაო პროცესში

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ცნობილი ფოტოხელოვანი ბოლო 3 თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

იგი 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

არის არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, 25 ფოტოკრებულისა და ექვსი წიგნის ავტორი.

მას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა მშობლიურ ქალაქთან, რომლის სტუმარიც ხშირად იყო. გული წყდებოდა, რომ აღარ არსებობს ის სახლი, სადაც გაიზარდა.

„ეს ქალბატონი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი – დედაჩემია, ეს ფოტო კი 2008 წლის 19 ოქტომბერს გადამიღია, ასე იცოდა ჩემი გამოცილება, როცა ჩემი მშობლიური ლანჩხუთიდან ვბრუნდებოდი თბილისში თუ სხვაგან მივდიოდი… მოდგებოდა ჭიშკართან და თვალს არ მაცილებდა, სანამ მეორე ქუჩაზე არ შევუხვევდი და მის თვალსაწიერს არ მივეფარებოდი“ _ წერდა „ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

„ასე იცოდა ჩემი გამოცილება, როცა ჩემი მშობლიური ლანჩხუთიდან ვბრუნდებოდი“

ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ფოტოხელოვნის დედა გარდაიცვალა და ეს სახლიც ცოტა ხანში დაინგრა: „იმდენად უყვარდა დედაჩემს ეს სახლი, რომ არაფრით არ დაგვანება ცოტათი მაინც შეგვეკეთებინა, არადა 77 წლის წინ, სწორედ ამ სახლში დავიბადე და 18 წელიც აქ გავატარე… დედაჩემს კი ამ სახლში შეუსრულდა 97 წელი…“

2024 წელს, ბადრი ვადაჭკორია ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. მანამდე ის უკვე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

„მაპატიოს ჩემმა დედაქალაქმა, მაგრამ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე თბილისისა…“ _ თქვა 2024 წლის 12 ოქტომბერს, „ლანჩხუთობის“ სახალხო დღესასწაულზე.

ცნობილ ფოტოხელოვანს ემოციურად ემშვიდობება გურული ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „უუუფ, როგორ მეტკინა – ჩამწყდა გულის ძარღვი, იმედიანი კაცი, გულიანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, დაუზარელი და ხალისიანი  ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა, ჩემი გურული ძამიკონა…“

კიდევ ერთი ჩვენებური ჟურნალისტი თემურ მარშანიშვილი წერს: „ნეტავ საერთოდ არ გადამეხედა ამ საღამოს ფეისბუკისთვის. ჩემი უფროსი მეგობრის, ჯგუფელის, ჩემი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების მაუწყებელმა ელდამ ისე დამკრა, ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ. უმძიმესი დანაკლისი განიცადა ქართულმა ფოტოჟურნალისტიკამ. ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მშობლიურ ლანჩხუთს… გისამძიმრებ თქვენ, ჩემო 904-ე ჯგუფელებო! მშვიდობით, ჩვენო საამაყო მეგობარო!“

„გურია თუდეოს“ მკითხველები ასევე თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან: „ჩვენი დროის საუკეთესო ფოტოხელოვანი, საამაყო მეგობარი და მამულიშვილი. ქართველი, რომელმაც კიდევ ერთი ლამაზი ისტორია დაწერა და დატოვა თავისი კვალი, იმ საქმის, რასაც მთელი სიყვარულით და ემოციებით აკეთებდა, ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის. მძიმეა, მეგობარო, შენი დანაკლისი ლანჩხუთელი მეგობრებისთვის, შენი ლანჩხუთისთვის“ _ წერს ჩვენი გაზეთის „ფეისბუკ“-გვერდზე, გულიადა მაღლაკელიძე, სახელოვანი ფოტოხელოვანის მეგობარი.

„ძალიან დაგვამწუხრე, ჩვენო უფროსო მეგობარო, ბიძიას ვერც გეძახდი, ყოველთვის ისეთი ახალგაზრდული შემართებით იყავი, რომ თითქმის თანატოლად აღგიქვამდი… დამთავრდა ერთი ლამაზი ისტორია სააქაოს და იქ უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს, ჩვენი უბნის საამაყო ადამიანო!“ _ ასეთი ემოციურია ბატონ ბადრისთან ლანჩხუთელი მეზობლის, ირმა მგელაძის დამშვიდობება.

ადგილობრივი საკრებულოს ყოფილი წევრი ასევე წერს: „სავსე ცხოვრებით იცხოვრა, ყველაფერს თავისით მიაღწია, ცნობილი პიროვნება გახდა, პროფესიონალი, არაჩვეულებრივი იუმორით და სითბოთი დაჯილდოებული იყო, ბევრი რეგალია ჰქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობა უხაროდა!“

ბადრი ვადაჭკორია „ლანჩხუთობაზე“ | 2024 წლის 12 ოქტომბერი

სამძიმრის წერილს აქვეყნებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი: „ვიზიარებ ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მწუხარებას, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის, ჟურნალისტისა და ფოტოკორესპონდენტის, ლანჩხუთისა და ლანჩხუთელების დიდი გულშემატკივრის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო“ _ წერს ალექსანდრე სარიშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

ასევე სოციალური ქსელში ვრცელდება ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარის ნინო წილოსანის თანაგრძნობა: „უზომოდ დამამწუხრა ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების ამბავმა. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შემოქმედებით გვიყვებოდა საქართველოზე, ადამიანებზე, ჩვენს ისტორიასა და ქართული ბუნების სილამაზეზე… მისმა ობიექტივმა უამრავი ძვირფასი წამი შემოგვინახა და დღეს ეს კადრები კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. ბადრი ვადაჭკორია იყო თავისი საქმის გამორჩეული პროფესიონალი და, რაც მთავარია, შესანიშნავი ადამიანი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“ _ წერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ლანჩხუთელის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ბადრი ვადაჭკორიას სამშაბათს თბილისში დაკრძალავენ _ ოჯახის განცხადება

პანაშვიდი: კვირასა და ორშაბათს, 16-17 აგვისტოს, 17 სთ-დან
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში _ ქ. თბილისი, ჭავჭავაძის ქ.#33, მე-9 საავადმყოფოს ეზო

გამოსვენება: სამშაბათს, 18 აგვისტოს, 14:00 სთ.-ზე; დაკრძალვა: საბურთალოს სასაფლაოზე.