გასული წლის ოქტომბერში, ლანჩხუთელი მარიამ მორჩილაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მისი თანაავტორობით წიგნი _ SDGs Storytelling დაბეჭდა. 506 გვერდიანი ნამუშევარი ინგლისურ ენაზეა გამოცემული და უკვე ოფიციალურად არის გაყიდვაში.
პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში _ ალმა მატერში გაიმართა.
„SDGs Storytelling – ამბის თხრობა“ არის მოთხრობების კრებული, რომელიც შექმნილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გასაცნობად. წიგნი საინტერესო და შემოქმედებითი ისტორიების საშუალებით აცნობს მკითხველს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა გარემოს დაცვა, ხარისხიანი განათლება, თანასწორობა, მშვიდობა, სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილება და ბუნების შენარჩუნება. თითოეული მოთხრობა არა მხოლოდ გასართობია, არამედ საგანმანათლებლოც – ის ხელს უწყობს პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას. წიგნის მთავარი მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა თაობა, იფიქროს უკეთეს მომავალზე და საკუთარი ქმედებებით წვლილი შეიტანოს უფრო სამართლიანი, უსაფრთხო და მდგრადი სამყაროს შექმნაში.

SDGs Storytelling – ამბის თხრობა | წიგნის ყდა
წიგნთან ერთად შეიქმნა YouTube-არხიც, სადაც წიგნში შესული მოთხრობების ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს თავად კითხულობენ. ეს მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ავტორებისგან უშუალოდ მოისმინოს თითოეული ისტორია და კიდევ უფრო ახლოს გაეცნოს მათ შემოქმედებას.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წიგნი ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას. მასში თავმოყრილი ისტორიები მკითხველს აფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, თანასწორობა, გარემოს დაცვა, მშვიდობა, სამართლიანობა და პასუხისმგებლობიანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, წიგნი საინტერესო და ღირებული იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის“ _ ამბობს SDGs Storytelling-ის ლანჩხუთელი ავტორი.
წიგნის შეძენა შესაძლებელია Amazon-ზე. დღეისთვის მისი ფასი, 39%-იანი ფასდაკლებით, 96.37 ლარია. უფრო დიდ, 86%-იან აქციაშია ელექტრონული ვერსია და მისი შეძენა 26.10 ლარადაა შესაძლებელი.
აქვე გეტყვით, რომ მარიამმა წელს დაამთავრა სოფელ აკეთის საჯარო სკოლა. მან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი შეფასებები მიიღო: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 55 ქულა (60-დან), ხოლო ფიზიკაში, 63 შესაძლებლიდან _ 62!
ასევე წაიკითხეთ: BEKSGRAPH და ორი მარიამის ბოლო ზარი აკეთის საჯარო სკოლაში _ რას ჰყვებიან გოგონები „ორკაციან“ კლასში სწავლასა და სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე





