„მისი დამსახურებაა, რომ დღეს ლანჩხუთში სკრინინგ ცენტრი არსებობს და ადამიანები უფასოდ იტარებენ კვალიფიციურ კვლევებს“ _ ლანჩხუთი ღვაწლმოსილ ექიმს ემშვიდობება

|

Loading

რემა ღვამიჩავა (მარჯვნივ) ლანჩხუთის სკრინინგ-ცენტრში

ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრის დამფუძნებლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს ლანჩხუთის მერი.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ლანჩხუთში სკრინინგ ცენტრი არსებობს და უამრავი ადამიანი უფასოდ იტარებს კვალიფიციურ კვლევებს. თანავუგრძნობ ოჯახს და ახლობლებს, ლანჩხუთელების დიდი გულშემატკივრის გარდაცვალების გამო“ _ წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე სარიშვილი.

ლანჩხუთის საზოგადოების წარმომადგენლები ასევე წუხილს გამოთქვამენ გამოჩენილი ექიმის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრი:

„ის იყო გამორჩეული ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი და ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ონკოლოგიისა და პრევენციული მედიცინის განვითარებაში.

ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრის დაარსება და განვითარება ბატონი რემა ღვამიჩავას ხედვის, სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. გვჯერა, რომ მის მიერ დაწყებული საქმე მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სამსახურს. ნათელი და მარადიული იყოს მისი ხსოვნა. მადლობა ყველაფრისთვის“ _ ვკითხულობთ ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ წერილში.

 „გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს რემა ღვამიჩავასგარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.