ლანჩხუთელთა დიდი ტკივილის, ნიკა ჩხაიძის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მიმოზა ბარამიძე, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
„სად გაფრენილან წლები უწყალო,
ეს დრო რა სწრაფად გაგითელია
და ეს ზაფხული გაუფურცლავი სიმღერასავით შეგიწყვეტია“…
დიდებულადაა ნათქვამი: ,,დუმილს ნუ დაარღვევ ან თქვი ისეთი, დუმილს რომ სჯობდეს”.
ჩემი სათქმელი დუმილზე აღმატებული ვერ იქნება და მაინც დუმილს ვარღვევ…
წუთისოფელი თაფლისა და სევდის ნაზავია, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული ჭიდილია… უსამართლოდ ატრიალებს თავის ბორბალს დროის ეტლი…
უღვთო იყო შენი სიკვდილი…
მეხსიერების არქივს მინდა გამოვტაცო შენი და ნინიკოს თანაცხოვრების ლამაზი წლები….
დიდ სანათესაოში შემოხვედით და შემოიტანეთ სითბო, სიყვარული, სიკეთე, ყველა ღირსება, რითაც ფასობს ადამიანი.
თქვენი პიროვნების განმსაზღვრელი ყოველთვის ქმედება იყო…
როცა თქვენს ოჯახურ იდილიას ვუცქერდი, ვფიქრობდი, თურმე შესაძლებელია, ,,ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული, ერთი ფეთქვა”.
ძალიან ხშირად ვფიქრობ, როგორ შეძელით, გაღებული და უკუგებული სიყვარულისა და სითბოს იდენტურობა… როგორ შეძელით ლამაზი ოჯახის ისტორიის დაწერა…
როგორ შეძელი შვილად შერაცხულ სიძედ დარჩენა…
ვინ იცის, რამდენი ფიქრი, რამდენი აუხდენელი ოცნება წაიღე დედამიწის გულმკერდში უხმოდ, უსიტყვოდ…
მაგრამ დასასრული ყოველთვის არ არის დასასრული…
დასასრული არდავიწყების კარიბჭეა, როცა რჩებიან ღირსეული თანამეცხედრე და შვილები…
სიკვდილშიც არის ბედნიერება…
ბედნიერი ხარ….
შენმა ამქვეყნიდან წასვლამ დაადასტურა ჭეშმარიტება:
„ფასს დასდებს ბოლოს ქვეყანა,
ვისაც რა დაგვითესია”…
ამიტომაც იყო შენი დაკრძალვის დღე გულწრფელი გლოვის დღე, ,,ცრემლების წვიმა გათოვდა თავზე”.
ბედნიერი ხარ….
სიკვდილის დასამარცხებლად დატოვე ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლის ფესვი, შენი ლამაზი სულის ნაჟური – შვილები.
შენმა ნინიკომ სულში ჩაღვრილი მძიმე ცრემლით, სიყვარულითა და თანადგომით უკანასკნელ წუთამდე იბრძოლა შენს გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ.
და მაინც… და მაინც…. მომავლის შედეგი აუცილებლად იქნება…
შენდამი ხსოვნის უკვდავყოფის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების შედეგი შენი ფუძის ანგელოზების ღირსეულ ადამიანებად აღზრდა იქნება…
გაივლის წლები, შენს ფუძეზე გაზაფხული დაივანებს, ისევ დაირწევა აკვანი, დაიბადება ნიკა ჩხაიძე, ღირსეული ბაბუს ღირსეული მოსახელე, ჩვენი ნინიკოსთვის კი, „დღე, რომელიც უშენოდ მოვა მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი”, სამუდამოდ ჩაგკეტავს ხსოვნის უსარკმელო დილეგში, შვილებს კი მოუყვება „დიდ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია“.
ჩემო ნიკა, მენანები, სულის ტკივილამდე მენანები…
მჯერა:
„სიცოცხლე უნდა სიმღერას გავდეს,
ვიდრემდის გულის შეწყდება ფეთქვა
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდე,
უნდა თქვა მაინც, რაც უნდა გეთქვა”.
ბედნიერი ხარ… შენი პიროვნული თვისებებით, ყველაზე დიდი პროფესიით – ადამიანობით ყველა სათქმელის თქმა მოასწარი და შეუერთდი დაუვიწყარ ხსოვნის ლაშქარს. სრულად აღასრულე ბრძნული შეგონება: „ჯერ იცხოვრე და მერე ისე მოკვდი, რომ იცოცხლო”…
მადლობა დიდი ადამიანობისთვის…
მადლობა ჩვენს ნათესაობაში შემოტანილი სითბოსა და სიყვარულისთვის…
მადლობა ჩვენი ნინიკოს ქალური ბედნიერებისთვის…
მადლობა გია გიგინეიშვილის ოჯახში სამუდამოდ დატოვებული წარუშლელი კვალისთვის… ოჯახში, სადაც საპირწონედ, ყოველთვის ზღვა სიყვარული და თანადგომა იყო შენი მასპინძელი….
მზიანი ღამე დასრულდა…
მზიანი მარადიულობა დაიწყო…“





