ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე მერის წარმომადგენლის, დავით ლომაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ვრცლად აქ წაიკითხავთ: ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დააკავეს _ სუს-ი ამბობს, რომ მან „სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ე.წ. დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ სარგებელი მიიღო“
„ჩემო თანასოფლელებო, მეტად სამწუხარო და სანერვიულო ამბავი ხდება ჩვენს თავს. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ათასი კომენტარი წავიკითხე… ათასი აზრი და სურვილი გაჟღერდა სოციალურ ქსელში…
მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: ცხოვრებაში ყველაფერი ხდება… და ყველაფერი გამოსწორებადია, სიკვდილის გარდა, ამიტომ ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვოთ დათოს…
ზოგადად, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს და პირიქით…
მადლობას გიხდით ყველას, ვინც ერთი გულწრფელი და მხარდამჭერი კონენტარი დაწერეთ დათოს მიმართ. ვინც ქირქილებს და “ელოდება უარესს”, მათ შევახსებებდი: „ქვა იმან ისროლოს პირველმა, ვინც მეტად უცოდველია“.

მამა საბა და დავით ლომაძე ლესაში ტაძრის მშენებლობაზე
ერთს გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დაველოდოთ გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და მალე დაგვიბრუნდება ჩვენი დათო, რომელსაც ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია და გააკეთებს კიდევ ჩვენი სოფლისათვის“ _ წერს სოფლის მაჟორიტარი.
ზოგადად, ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით და ღია, მათ შორის მწვავე განცხადებებით გამოირჩევა, „ქართული ოცნების“ ერთგული მხარდაჭერი არასდროს გადადის ზღვარს ოპონენტებთან პოლემიკაში.
იგი ლანჩხუთის საკრებულოს და მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც დაკავებულ თანაგუნდელს თანადგომა ღიად გამოუცხადა.
დავით ლომაძის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი კომენტარი გაკეთდა სოციალურ ქსელში _ თანასოფლელებისგან, ადგილობრივი ტაძრების მრევლისგან, მეგობრებისგან, მათ შორის „ქართული ოცნების“ რიგითი წევრებისგან.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, სუს-მა 7 მუნიციპალიტეტში 14 სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავა. მათ შორისაა დავით ლომაძე _ მერის წარმომადგენელს გამოძიება ე.წ. „დრაივისთვის“ მიწის გამოყოფას და ამაში სარგებლის მიღებას ედავება.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: „სოფლებს არაფრის უფლება არ აქვთ და რაში მისცეს ქრთამი? შეაწმენდენ ახლა ხელს“ _ როგორ ეხმაურებიან ლესის რწმუნებულის დაკავებას: „დაიწყეს „ლიფსიტების“ დაჭერა, „ღლანები“ რომ გადარჩეს“




