ლანჩხუთი-ხაჯალიის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაიხსნა. ამით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე ლოტის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო დღეს ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებიდან ვიგებთ, პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი.
„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

გურული მაღალჩინოსნები ავტომანის გახსნის ცერემონიალზე
მისივე თქმით, ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება.
“2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ისიც – ყველაზე მარტივი მონაკვეთი. სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა. აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი–ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი–კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში – გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი–სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლანჩხუთში ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ცერემონიალს მთავრობის და პარლამენტის წევრები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან 42.5 კილომეტრზე მოძრაობა უკვე გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება 2027 წელს იგეგმება.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ამბობს, რომ „მონაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, 2026 წელსაც არ არის სრულად დამთავრებული“.





