„გურიასაც მოადგა „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტო და მაშინ, როცა ადამიანები სასამართლო პროცესებს ელოდებიან 9-10 წელი და ზოგი უფრო მეტი, არის 15 წლის ქეისიც, იმიტომ, რომ მოსამართლეები არ ჰყოფნით და ამისთვის უცებ მოიცალეს“ _ ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი თათია ნიკოლაშვილი, ცნობილი სპორტსმენის, მერაბ დვალიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო განხილურ საქმეზე.
გურული ოპოზიციონერი თვლის, რომ ეს არის „კაგებეს“ მეთოდები თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, რათა ადამიანები გააჩუმონ და შეაშინონ: „ცალკე უბედურებაა, როცა ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ ადამიანების რეალურ საჭიროებებზე და ასე ციდან მოტანილ აბსურდებზე გადასარევი რეაქცია აქვთ, თუ „ქოცები“ და ზედა ეშელონები დაავალებენ ამას“ _ ამბობს ოპოზიციონერი.
კიდევ ერთი მსგავს საქმის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს, სადაც მოსამართლემ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა.
„ჩემი დაწერილია ეს კომენტარი, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ნამდვილად არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ბოდიშის დაწერაც შემიძლია წერილობით. იქნებ გაითვალისწინოთ, რომ არ მაქვს იმის საშუალება, 1500 ან 4000 ლარი გადავიხადო“ – ეს განცხადება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში თენგიზ ფუტკარაძემ გააკეთა.
მოსამართლე ია ბარამიძემ განიხილა საქმე. როგორც ცნობილია, ფეისბუქზე, 11 ივნისს, თენგიზ ფუტკარაძემ შეურაცხყოფელი სიტყვები დაწერა I არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის მისამართით.
„ავღელდი, როდესაც ვნახე ის ვიდეოკადრები, სადაც ბავშვი წაიქცა სიმღერის დროს. ძალიან განვიცადე ამ ბავშვის უეცარი წაქცევა. ზოგადად, არ ვწერ მსგავსს კომენტარებს ფეისბუქზე, არც არასდროზე ვყოფილვარ სასამართლოში ბრალდებულის სკამზე“ – აღნიშნა თენგიზ ფუტკარაძემ.
მოსამართლე ია ბარამიძემ მიმართა ბრალდებულს, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ისჯება 1500-დან 4000 ლარის ოდენობით თანხით ან 40 დღე პატიმრობით. მისი გადაწყვეტილებით, თენგიზ ფუტკარაძეს 1500 ლარის გადახდა დაეკისრა.
აქვე გეტყვით, რომ ახალი კანონით, საქართველოში მოქალაქე პირველად ლანჩხუთელი პარლამენტარის, „ქართული ოცნების“~” ერთ-ერთი ლიდერის, ნინო წილოსანის მიმართ „ფეისბუქზე“ გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო დააჯარიმეს.



