ისევ 4:0! 15 ციცა რუსთავში და ზედიზედ მეათე მოგება: დანელიამ კამარგოს გადაუსწრო, ბუხრიკიძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის…

|

Loading

„ლანჩხუთმა“ „თეთრიწყაროს“ ისევ 4:0 მოუგო

ლანჩხუთელები რუსთავში ესტუმრნენ „თეთრიწყაროს“ და იოლად მოუგეს. ისევ 4:0, როგორც გვიმბალაურში გამართულ შეხვედრაში.

მე-2 წუთზევე ჩაჭრეს ბურთი ნომინალურმა მასპინძლებმა საკუთარ კარში, აქედან 15 წუთში კი, ნინო ბუხრიკიძემ ყველანაირი ინტრიგა და სენსაციის შანსი მოკლა, 2:0.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, გურულთა შემტევი მოედნიდან უგოლოდ არ გადის _ მის ანგარიშზე საშუალოდ 1,5 გოლია (6 გოლი). აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი, ორი ტურის წინ, თავის ყოფილ გუნდს, „ნიკე ლუსოს“ გაუტანა.

„ლანჩხუთი“ „ნიკე ლუსოსთან“ I-II ადგილებს იყოფს

როგორც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, ახლად დუბლი შეასრულა ნათია დანელიამ და ბომბარდირთა დავაში გადაუსწრო თანაგუნდელ გაბრიელა კამარგოს, რომელსაც დღეს არ უთამაშია. წინა შეხვედრაში კოლუმბიელმა წყვილად გაუტანა თეთრიწყაროელებს.

სულ გურულებს თადარიგში მხოლოდ 4 მოთამაშე ჰყავდათ. ასეთი მოკლე სათადარიგოთა სკამით ახერხებს გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

„ლანჩხუთის“ მოგებების სერია 10-მდე გაიზარდა (აქედან 6-ჯერ _ 4:0!), რაც „ნიკე ლუსოს“ შედეგის განმეორებაა და თუ ციცები შემდეგ ტურში „კვარტალსაც“ მოუგებენ, საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ.

12-დან 9 შემთხვევაში, ციცებმა კარი მშრალად შეინახეს, იქით კი 54 გოლი გაიტანეს, აქედან ნახევარზე ბევრად მეტი ორი მოთამაშის ანგარიშზეა: დანელია _ 16 და კამარგო _ 15!

17.05.2026 | რუსთავი, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | თეთრიწყარო 0:4 ლანჩხუთი

0:1 ბაქრაძე (2′ ავტ.), 0:2 ბუხრიკიძე (17′), 0:3, 0:4 დანელია (42′, 72′)

ლანჩხუთი: გაბელაია, გუჯაბიძე (46′ ნარსია), ჩხარტიშვილი, მურილო (80′ ცეცხლაძე), ფერეირა, რასელი, დანელია, პასიკაშვილი, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე, სულაშვილი.