18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მოეწყო გამოფენა: „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ – ნაფტალინიდან ჩარლის დეიდამდე”, რომელიც ასახავდა ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის 10-წლიან მოღვაწეობას.
ღონისძიების ორგანიზატორმა და მუზეუმის მენეჯერმა, მაია ჩხაიძემ, მისთვის ჩვეული აკადემიურობითა და მსმენელისთვის მარტივად გასაგები, გულწრფელი თხრობით ისაუბრა ლანჩხუთის თეატრის მდიდარ ისტორიასა და იმ სასცენო მოღვაწეებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში მას სიცოცხლე და სული შესძინეს.
საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა თეატრის პატარა მსახიობმა ანასტასია კვირკველიამ, რომელმაც სპექტაკლ „წითელქუდადან“ შთამბეჭდავად შეასრულა სიმღერა, ხოლო ანა კალანდაძის ლექსი „პაწაწინა რტო ვარ“ დიდი ემოციით წაიკითხა. ღონისძიება სიმღერით დაამშვენა მსახიობმა და მხატვარმა ირაკლი კალანდარიშვილმა.

ირაკლი მახარაძის საჩუქარი თეატრისა და კინოს მუზეუმს
ლანჩხუთის თეატრალური ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს ფოლკლორის კაბინეტის ხელმძღვანელმა, მაია ჭანტურიამ, მსახიობმა თამაზ ფირცხალაიშვილმა, მსახიობმა და რეჟისორმა გრიშა ჯაფარიძემ, ასევე მსახიობმა ირმა ხურციძემ _ მსახიობ თეკლა დვალიშვილის დედამ. მათი მოგონებები სავსე იყო სიყვარულით, მონატრებითა და თეატრისადმი განსაკუთრებული პატივისცემით.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა და მსახიობმა გოდერძი ქურიძემ ისაუბრა 2026 წლის თეატრალურ სეზონზე და აღნიშნა, რომ ლანჩხუთის თეატრის სცენა უახლოეს დღეებში მაყურებელს ორ საინტერესო პრემიერას შესთავაზებს: ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ (რეჟისორი კახა იაკობიძე) და თოჯინურ სპექტაკლ „წითელქუდას“ (რეჟისორი ირაკლი კალანდარიშვილი).
დასასრულს, მაია ჩხაიძემ, მუზეუმის სახელით, ხელოვნების დარგში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი _ კოლექტივი, რომელმაც არაერთი თაობის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.
ლამაზ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმავე დღეს, მუზეუმს ესტუმრა მწერალი და კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე,რომელმაც საჩუქრად გადასცა უნიკალური ლიტერატურა – „ლანჩხუთის ქრონიკები” და „გამომძიებელი ვარლამ ჩავლეიშვილი: ორი საქმე“, ასევე ბოთლის საცობებისგან დამზადებული გურული კაცის პორტრეტი.






