ჯარისკაცის ფარაჯაში გაცვლილი სასცენო კოსტიუმი _ ლანჩხუთელი კობა ვადაჭკორიას გზა სცენიდან ფრონტამდე: მაშინ ის მხოლოდ 29 წლის იყო…

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სცენიდან ფრონტზე (AI)

ომს ყოველთვის დიდი გამოძახილი აქვს, მაგრამ სამამულო ომის გამოძახილს დასასრული არ ეძლევა. პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო ხმიერი და სისხლხორცეული ხდებიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი თავი შესწირეს ამ ომს.

ომი ყველამ თავისებური სიმწვავით განიცადა. მისი გახსენება ყველას ისევ თავისებური ზიძრით, ძრწოლითა და ტკივილით აღზრავს მისდამი, ადამიანებს არ უნდათ ომი. უნდათ მშვიდობა და ბედნიერება, სიცოცხლისა და სიყვარულის გაზაფხული. უნდათ ისე, როგორც მაშინ, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე, 1941 წლის გაზაფხულამდე.

​იგი წელიწადის ულამაზეს დროს _ გაზაფხულზე, უმშვენიერეს თვეში — მაისში დაიბადა. მაისივით უყვარდა სითბო და სილაღე, სიკეთე და აღმაფრენა. შეტრფოდა მაისურ ცას, მიწას, ადამიანებს…

​იგი დაიბადა მაისით გამთბარ, განათებულ, გასიცოცხლებულ სოფელ ჭანჭათში, აქ ეზიარა მშობლის ამბორს, აკვნის იავნანას, „დედა ენის” სიტკბოს, იხილა გაუბედავი ნაბიჯებით გამოწვეული სიხარული…

​კობას უხმობდნენ ამ ჭაბუკს.

სიტყვაძვირი და პატიოსანი გლეხის, გერონტი ვადაჭკორიას ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდა უპირველესად მშობლებს ჰგავდა: მაისურ მიწაში გადაგდებული თესლივით ისროდა სიკეთეს ხალხში, მაისური ჰაერივით სუფთა და ხალასი იყო, მაისში აფუთფუთებულ ფუტკარივით ირჯებოდა და სიხარულის ნექტარს აგროვებდა. მაისის ცასავით ისურვებდა და დააწვიმებდა — თქმულ სიტყვას არ უღალატებდა.

მაისის უნაპირო ცასავით ვრცელი ჰქონდა საფიქრალი და საოცნებო:

უნდოდა, როგორც მაისის ლაჟვარდს შავ-შავი ფრთებით ხაზავენ გაზაფხულის მერცხლები, ისე მოეხატა ქართული ასოებით თეთრი, ფარფატა ფურცლები.

როგორც ამაყად იცის გრუხუნი მაისურმა ცამ, უნდოდა ისე ამაყად, მართლად და პატიოსნად  ეთქვა თავისი სათქმელი ხალხის წინაშე…

როგორც მაისის დღე ლაღობს და ნავარდობს მაისურ მთა-ბინადრებში, უნდოდა ისე ნაირფერად ეცხოვრა ქართულ სცენაზე…

როგორც მაისის მზე იწვის და დნება მაისურ ცაზე, უნდოდა ფორმას ისე დამწვარიყო-დამდნარიყო მშობლიური ქვეყნისა და ხალხის სიკეთისათვის.

იგი სიტყვის პატრონი იყო, სურვილებს მაისის ჩიტებივით კვალში დასდევდა და ყველა მათგანი დაიჭირა კიდეც:

დაიბადა 1913 წელს…

​1931 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის პოლიგრაფიული სასწავლებელი და ერთხანს ერთ-ერთ სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა…

1932 წელს, როგორც მოწინავე პოლიგრაფისტი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში მიიღეს…

ამავე წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებულ სტუდიაში და მალე თეატრის მსახიობი გახდა. რამდენიმე საინტერესო სცენური სახე შექმნა. მთელი კოლექტივის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

მოულოდნელად, ომის შავმა ღრუბლებმა ჩააბნელეს მაისური ცა და სხვა რჩეულ ჭაბუკებთან ერთად მასაც სევასტოპოლის ალმოდებულ მიწაზე გაუშალეს ჯარისკაცის ფარაჯა…

388-ე დივიზიაში ჯერ ათასეულის პოლიტმუშაკად, ხოლო შემდეგ — ბატალიონის კომისრად დანიშნეს…

ფრონტიდან გამოგზავნილი სამკუთხა ბარათები მხოლოდ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების რწმენით და იმედით, შინ დაბრუნებისა და მშობლების ახლო ნახვის სურვილით იყო გაჟღენთილი…

იბრძოდა გამეტებით, შეუპოვრად, თავდადებით…

ბევრ ფაშისტს დაუბნელა სიცოცხლე. ბევრი სიკეთე დააგროვა თანამებრძოლთა გულებში…

დაეცა გმირულად, სევასტოპოლის მიწაზე…

სულ რაღაც ოცდაცხრა წლის იყო…

იგი გახლდათ: კობა გერონტის ძე ვადაჭკორია.

​რევაზ ლორია

გაზეთი „კომუნისტური შრომა“, 9 მაისი, 1981 წ.