ლანჩხუთიდან მეორე მსოფლიო ომში 3300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 7 მებრძოლს მიენიჭა სსრკ-ის გმირის წოდება. მათი ბიუსტები, ათწლეულების მანძილზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში იყო განთავსებული, სადაც ახლა წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი _ დაბადა 1903 წლის 7 მაისს, სოფელ ნიგვზიანში. კიევის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირობა, დაიღუპა ბერლინის მისადგომებთან 1945 წლის 23 აპრილს. დაკრძალულია კიევის გმირთა სასაფლაოზე.
დავით ელიზბარის ძე თავაძე _ დაიბადა 1916 წლის 8 აპრილს სოფელ აცანაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა. გარდაიცვალა 1979 წელს.
ალექსანდრე სერგოს ძე სულაბერიძე _ დაიბადა 1916 წლის 16 აპრილს, სოფელ ლესა-ჭინათში. პირველი საბჭოთა კავშირის გმირი ლანჩხუთიდან – სსრკ-ფინეთის ომის მონაწილე, 1939 წელს მიენიჭა გმირის წოდება. ომის შემდეგ იყო ქიმიური ქარხნის დირექტორი. გარდაიცვალა 1958 წელს.
ვლადიმერ მიხეილის ძე ჩხაიძე _ დაიბადა 1922 წელს მოსკოვში. მას მშობლიური სოფელი აცანა არასდროს უნახავს, რადგან მამამისი მეზობლების შეგროვილი ფულით სასწავლებლად რუსეთში გაგზავნეს. იქ დაოჯახდა და შეეძინა ვლადიმერი, რომელიც მამის სოფელში ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ ამასობაში ომი დაიწყო. ვაჟკაცურად იომა. გმირის წოდების მიღებიდან 4 დღეში, 1943 წლის 7 ოქტობერს, 21 წლის ასაკში დაიღუპა ისე, როგორც ნამდვილ გმირს შეჰფერის _ როცა ჭურვები ამოეწურა, თავისი ტანკით მტრის ტანჯს დაეჯახა.
სერგო ალისტრახოს ძე ჩხაიძე _ დაიბადა 1919 წლის 23 დეკემბერს სოფელ აკეთში. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება სევასტოპოლისათვის გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის. ომიდან დაბრუნების შემდეგ დიდხანს ეწეოდა შრომით საქმიანობას. გარდაიცვალა 1971 წელს.
ელისე სიმონის ძე ტულუში _ დაიბადა 1913 წლის 10 მარტს, სოფელ ახალსოფელში. მისი ასეული 1945 წლის 16 აპრილს დაიძრა ბერლინისკენ და გადალახა უამრავი რთული წინაღობა. კრასნოდარის მხარე, ქერჩი, მდინარე ოდორი, ბერლინი… მრავალი ჭრილობა მიიღო, სოფელში გმირის წოდებით დაბრუნდა. ომის დასრულების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ნატანების კოლმეურნეობას, საიდანაც იგი თავის დროზე, ომში წავიდა _ რიგითი თანამშრომელი რიგით ჯარისკაცად. გარდაიცვალა 1982 წელს.
ნოე ალექსანდრეს ძე ურუშაძე _ დაიბადა 1920 წელს ქ. ლანჩხუთში, დაამთავრა ლანჩხუთის №1 საშუალო სკოლა. 1943 წლის 6 ოქტომბერს დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
გურული ადვოკატი კახა ჩავლეშვილი, რომელიც ხშირად აქვეყნებს მასალებს გურიის წარსულიდან, საზოგადოება „მემორიალზე“ დაყრდნობით წერს, რომ მეორე მსოფლიო ომში გურიიდან 11830 ჯარისკაცი დაიღუპა (ან დაიკარგა უგზოუკვლოდ), რაც მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენდა.
ქალაქ მახარაძიდან (ოზურგეთი) დაიღუპა – 1056, ხოლო მახარაძის (ოზურგეთის) რაიონიდან – 4066 ჯარისკაცი; ქალაქი ლანჩხუთიდან წასული144 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა, მთელი რაიონიდან კი ეს რიცხვი 3178-ს შეადგენს; ჩოხატაურის რაიონიდან დაიღუპა 3386 ჯარისკაცი.




