საქართველოს ეკლესიას სულ 4 გურული მწყემსმთავარი ჰყავდა, მათგან ორი ერთი ოჯახიდან იყო _ იოსებ I და მაქსიმე I მაჭუტაძეები. ასევე აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი გახლდათ მალაქია II (გურიელი), ხოლო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი _ იმერეთში დაბადებული კალისტრატე ცინცაძე.
ასევე წაიკითხეთ: „მე დავიბადე და გავიზარდე ეზოში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები…“ _ რა სთხოვა ილია მეორემ ლუკა მაჭუტაძეს
მოკლე ცნობები საქართველოს ეკლესიის გურული მწყემსმთავრები შესახებ.
იოსებ I მაჭუტაძე
აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი დაახლოებით 1540-50 წლებში.
თვით საეკლესიო წრეებშიც კი ცოტამ იცის იოსებ კათალიკოსის შესახებ. არადა, მის შესახებ წერენ: ივანე ჯავახიშვილი, სარგის კაკაბაძე, ოლღა სოსელია და სხვები. სარგის კაკაბაძის სტატია ეყრდნობა “სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობას”.
მალაქია II გურიელი (1577-1639)
აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი 1616-1639 წლებში.
მალაქია II გახლდათ გურიის მთავრის, გიორგი II გურიელის ძე. 1625-1639 წლებში იყო აგრეთვე გურიის მთავარი. XVII საუკუნის დასაწყისში იყო ჯუმათის ეპისკოპოსი. 1612 წელს მიიღო ცაიშის ეპისკოპოსობა. ცაიშელ-ჯუმათელი მალაქია გახდა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
მისი კათალიკოსად აღსაყრდების თარიღის შესახებ ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული: 1605, 1616 და 1619 წელი. ვახუშტი ბატონიშვილისა და ბერი ეგნატაშვილის ცნობით, მალაქია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი იყო კახეთში შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობის დროს (1613-14).
1619-22 წლებში მალაქიამ ხონის ეპისკოპოსობა მიიღო. 1625 წელს გურიის მთავრის ტახტზე დასვა ლევან II დადიანმა, რომელმაც დაამარცხა მამის მკვლელი სიმონ II გურიელი.
1639 წელს, მანვე ჩამოაგდო გურიელის ტახტიდან და მთავრად დასვა ვახტანგ II გურიელი. მალაქია რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე დაჯდა.
მან სახელი გაითქვა, როგორც უნარიანმა სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწემ: მოაწესრიგა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საქმეები, ააგო და შეამკო მრავალი ეკლესია-მონასტერი, მან მოახატინა ცაიშის ტაძარი, ააშენა ჯეგეთას ეკლესია. მისი ინიციატივით შედგა აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი. მოაწესრიგა საკათალიკოსოს სამეურნეო საქმე, გაზარდა სასახლეების, ყმებისა და მამულების რიცხვი.

მალაქია II, კრისტოფორო დე კასტელის ნახატი, შესრულებული 1634-1639 წლებში
არქანჯელო ლამბერტის ცნობით სიმდიდრითა და გავლენით აღემატებოდა მთავრებს. ეხმარებოდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლისა და კახეთის მეფეებს, აგრეთვე გიორგი სააკაძეს.
მალაქია მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებსა და ქართველ კულტურის მოღვაწეებს. 1626 წელს მიიღო წერილი პაპ ურბან VIII-საგან. როცა გაიგო თეატინელ მისიონერთა აღმოსავლეთ საქართველოში ჩასვლის შესახებ, მიიწვია ისინი გურიაში. მალაქიამ მისიონერები დროებით საკუთარ სასახლეში მოათავსა, შემდეგ კი მისცა სახლი და ყველაფერი, რაც კი სჭირდებოდათ. მისიონერები თავიანთ წერილებში ხოტბას ასხამენ კათალიკოსს და თავიანთ მფარველს უწოდებენ.
მაქსიმე I მაჭუტაძე (1639-1657)
აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი 1639-1656 წლებში.
მაქსიმე I მაჭუტაძე ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში დაიბადა, იმავე სახლში, სადაც იოსებ I მაჭუტაძე.
ადრე იყო შემოქმედის ეპისკოპოსი (შემოქმედელი). იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ.
1634 წელს, როსტომ მეფისა და მარიამ დადიანის ქორილში ამ უკანასკნელს ამალში ახლდნენ გურია-სამეგრელოს რჩეული თავადები და ეპისკოპოსები, მათ შორის მაქსიმე მაჭუტაძე.
მაქსიმე გორში შეხვდა იტალიელი კათოლიკე მისიონერების, თეატინელთა მისიის წარმომადგენლებს, მათ პრეფექტს პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მისიონერები გაეყოლებინათ გურიაში ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. თანხმობის მიღების შემდეგ მან გურიაში ჩაიყვანა ქრისტეფორე კასტელი, პატრი ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო.
მაქსიმე I-მა ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, აღადგენინა გაუქმებული ხობის მონასტერი, მოაწესრიგა ოდიშში თავად-აზნაურთა საწესო-საკათოლიკოსო გადასახადების აკრეფის საქმე. 1640 წელს მასპინძლობდა ელჩინისა და ზახარევის ელჩობას ლევან II დადიანთან, აგრეთვე ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობას იმერეთის მეფესთან 1650-1652 წლებში.
მაქსიმე I-მა სამჯერ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც დიდი შეწირულება გაიღო ქართული მონასტრებისათვის.
კალისტრატე ცინცაძე (1866-1952)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1932-52 წლებში
კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.
მისი მშობლები იყვნენ: მამა _ მღვდელი მიხეილი და დედა _ ეკატერინე გოგორიშვილი. წერა-კითხვა ოჯახში დამ, მატრონამ შეასწავლა. 1875 წელს ოჯახმა იგი ქუთაისის საულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა.
1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში.
1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთში.
1917 წლის 12(25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა.

კალისტრატე ცინცაძე
1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრებს საკვებსაც არ აძლევდნენ, ექიმებს არ უშვებდნენ დაუძლურებულ ავადმყოფებთან. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, მორალურად გაეტეხა ისინი. 1924 წლის მარტში სასამართლო პროცესზე ის დამნაშავედ სცნეს და მიუსაჯეს პატიმრობა 3 წლით და ცხრა თვით, ასევე ქონების კონფისკაცია.
1925 წლის მარტში გათავისუფლდა. 1 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქმა, ამბროსიმ მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიანიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა.
ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა ე.წ. „განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს – დავითსა და ქრისტეფორეს. მათ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით, 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და მიიღეს გადაწყვეტილება უწმიდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს, მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. მომდევნო წლის დასაწყისიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში წინამძღვრად.
კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ. მიტროპოლიტმა დავითმაც ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე. 1927 წელს გახდა მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ.
1932 წლის 21 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.
უწმინდესი 1952 წლის 3 თებერვალს, 86 წლის ასაკში აღესრულა. მისი ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის და ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.



