„უნგრეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და იქ ოპოზიციის დამაჯერებელმა ტრიუმფმა, ბევრი რამ დაგვანახა. პირველი ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვერავითარი ბოიკოტი თუ რევოლუციური სცენარი ვერ იქნება იმის ალტერნატივა, რასაც არჩევნებში გამარჯვება და ამის შედეგად შეცვლილი ხელისუფლება ჰქვია“ _ ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია უნგრეთში გამართული არჩევნებს, სადაც მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის გუნდმა მარცხი განიცადა.
„ამიტომაც უფრო დამაჯერებელი ხდება იმ პარტიების ნაბიჯები, რომლებმაც გასული თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ფაქტია, რომ ორბანი არ იყო სხვაზე ნაკლები ძალაუფლების უზურპატორი, არც კარგი საარჩევნო სისტემა ჰქონია, თუმცა, უნგრულმა პოლიტიკურმა კლასმა გამონახა ძალა და რაც მთავარია, უნარები, რომ ეფექტურად დაპირისპირებოდა იქაურ სისტემას და დაენგრია კიდეც“ _ აცხადებს გოჩა ჯანაშია.
მისივე თქმით, საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება ოპოზიციური ძალების კოორდინირებული და საქმეზე ორიენტირებული საერთო პოლიტიკური გარემოს შექმნა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ნიჰილიზმს მოერევა და ხალხს, რიგით ამომრჩეველს, მკაფიოდ დაანახებს ცვლილებების აუცილებლობას: „რაც მთავარია, უნგრული ოპოზიციის და მისი უდავო ლიდერის, პეტერ მადიარის უშუალოდ ხალხთან ახლოს ყოფნამ გამოიღო რეალური შედეგი. მთელი ქვეყანა სახელდახელოდ მოიარა ამ მართლაც ძლიერმა პოლიტიკურმა ლიდერმა. შეხვდა ყველა კატეგორიის ადამიანს, მოუსმინა ყველას და საკუთარი ხედვები გააცნო, გამოჩნდა გუნდი რეალური ლიდერით, რომელიც ორბანის თექვსმეტწლიან მმართველობას დაასრულებდა და რაც მთავარია, უკეთეს ცხოვრებას მოუტანდა პენსიონერს, სტუდენტს, ფერმერს, გლეხს, სპორტსმენს, მსახიობს, ჯარისკაცს თუ სამართალდამცავს. ზუსტად ეს ამოცანა უნდა შევასრულოთ ოპოზიციამ და პირველ რიგში, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ. უნდა მივიდეთ ყველასთან – სოფელ-სოფელ, უბან-უბან, კარდაკარ და თითოეულ ადამიანს დაველაპარაკოთ, მოვუსმინოთ, გავითვალისწინოთ მათი აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედოთ, სწორად და ეფექტურად“ – დასძენს ლანჩხუთელი ოპოზიციონერი.



