დღეს, ლანჩხუთში 9 აპრილთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. კულტურის ცენტრის წინ აღნიშნულ თემაზე პერფორმანსი მოეწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ივერონში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი _ გურამ გუჯაბიძისა და გია ფირცხალაიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ისინი საქართველოს უზენაეს საბჭოში 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით შევიდნენ _ გუჯაბიძე ლანჩხუთის მაჟორიტარი გახდა, ხოლო ფირცხალაიშვილი _ გლდანის მოსახლეობის რჩეული. ორივე მათგანი ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პარტიის, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალოს“ საქართველოს სახელით გამოდიოდა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ორი გურიიდან იყო _ ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით. აქტს ხელს 4 ლანჩხუთელი აწერს: გია ფირცხალაიშვილი, გურამ გუჯაბიძე, ემზარ გოგუაძე და გია ხავთასი. საინტერესოა, რომ ბოლო სამი სოფელ სუფსიდან არის.
ასევე წაიკითხეთ: „ჩემი კონკურენტები იყვნენ ცნობილი პიროვნებები: გოდერძი ჩოხელი, ლანა ღოღობერიძე, პანტიკო თოდრია, გიორგი გაჩეჩილაძე“




