ლანჩხუთში, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილის სახელი მიენიჭა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს წევრებთან და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად, თამაზ ტყეშელაშვილის დედას, ფოთოლა ტყელშელაშვილს შეხვდა და შესაბამისი აბრები გადასცა.
„დღეს შევხვდით ჩვენი სოფლის საამაყო გმირის დედას. მადლობა გადავუხადეთ ქალბატონ ფოთოლას, სასახელო შვილის აღზრდისთვის და გადავეცით უკვე დამზადებული აბრები, რომელიც გმირის სახელობის ქუჩაზე განთავსდება“, – განაცხადა ბესიკ ტაბიძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი თამაზ ტყეშელაშვილი 1970 წელს ნიგვზიანის თემში შემავალ სოფელ არჩეულში დაიბადა. სამხედრო კომისარიატის გაწვევით, ჩაირიცხა ქუთაისის 21-ე ბრიგადაში, იბრძოდა სოხუმში. მიუხედავად ბრძოლის დროს მიღებული ტრავმისა, ფრონტის ხაზი არ მიუტოვებია. 1993 წლის 2 სექტემბრიდან ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2019 წლის მარტში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და მშობლიურ სოფელში გადმოსვენება.
ასევე წაიკითხეთ:




