„წავიდა დათოსთან ჩემი სულგამწარებული დედა“ _ დაწერა 20 მარტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა და პროდიუსერმა თამარ ბოლქვაძემ, 1993 წელს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას დახვრეტილი დავით ბოლქვაძის დამ.
წინადღეს, 19 მარტს დათოს 57 წელი შეუსრულდებოდა.
„გინდობდა სიკვდილი, კრძალვით გექცეოდა, რამდენჯერმე თვალიც კი აგარიდა, არ წაგიყვანა…
ჩემო უძლიერესო, აუტანელის ამტანო, ყველაზე მზრუნველო, სულში სამყაროს ჩამტევო, სიკეთის და სიყვარულის მთესველო, კლდესავით გაუტეხელო, მშვიდად განისვენოს შენმა ტკივილგაუყუჩებელმა სულმა!
როგორ ელოდი დათოსთან შეხვედრას და ეს დღეც დადგა, ჩაგიხუტებს შენი 33 წლის უნახავი შვილი და დაგიამებს, იქ, სადაც არა არს არცა ჭირი, არც ურვა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი!!
დე, ოდესმე შევხვდებით და ისევ ჩემი ჩემპიონი დედა იქნები…
უკვე მენატრები, დადუ, მთელ სამყაროში ყველაზე მაგარო დედა!!“ _ წერს დედაზე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თამარ ბოლქვაძე.
ლანჩხუთელი ჟურნალისტი და ოპერატორი დავით ბოლქვაძე 1993 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ ხობის ცენტრში, რამდენიმე სამხედრო ტყვესთან ერთად, დღის 12 საათზე, დემონსტრაციულად დახვრიტეს იმის მიუხედავად, რომ შეიარაღებულ პირებს ხელებაწეული მიმართავდა: „არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“.
მისი დედა _ ლია ისიანი-ბოლქვაძე და ოჯახი მკვლელობაში ლოთი ქობალიას ადანაშაულებდა, რაც სასამართლოზე თვითმხილველებმაც დაადასტურეს. ზვიად გამსახურდიას გვარდიის მეთაურს ბრალი არ უღიარებია. მას ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, რაც სამუდამო პატიმრობით შეეცვალა, ხოლო 2004 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.
ლანჩხუთში, მშობლიურ სოფელ ჯუნეწერში (გვიმბალაურის თემი) არის დავით ბოლქვაძის სახელობის ქუჩა. მისი სახელს ატარებდა სკოლა, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლია ისიანი-ბოლქვაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





