დღეს ლანჩხუთელი გმირი ვაჟა თოდუა 55 წლის გახდებოდა…
იგი დაიბადა 1971 წლის 14 მარტს, სოფელ ომფარეთში. სწავლობდა ლანჩხუთის #3 საშუალო სკოლაში. როდესაც მოსწავლეთა სასახლეში ქანდაკების წრეზე დაიწყო სიარული. გადაწყვიტა, ხელოვანის გზა გაეგრძელებინა და მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა.
სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში მოიხადა, საიდანაც მშობლებმა არაერთი სამადლობელო ბარათი მიიღეს. იქიდან დაბრუნებულმა სწავლა არქიტექტურისა და მშენებლობის საერთაშორისო ინსტიტუტში განაგრძო.
ამ ხანში აფხაზეთში ომი დაიწყო. 21 წლის ჭაბუკი ჩუმად გამოემშვიდობა სასწავლებლის კედლებს და დედას ჯარში გაეპარა. რის ვაი-ვაგლახით იპოვნა ქალბატონმა ეთერმა ქუთაისის ბატალიონი, ქვედანაყოფი, სადაც მისი ვაჟი მოხალისედ ჩაეწერა. შვილის ყაზარმასაც მიაგნო და მის საწოლსაც. ვაჟა პირჩამხობილი იწვა. ბევრი ეხვეწა, ეჩხუბა კიდეც, შინ დაბრუნებულიყო. ბიჭი არ ტოკდებოდა. ბოლოს ძლივს ამოთქვა დედამ, რა ვქნა, შვილო, დედა ვარ და მიჭირს შენი ომში გაშვება, მაგრამ თუ ასე განიცდი, წადი და მშვიდობით იარეო. მაშინვე წამოსწია ვაჟამ თავი, – „ახლა ხარ ნამდვილი დედა, დე!“ – მიუგო დედას და მთელი ძალით ჩაეხუტა.
ასე გამოემშვიდობა დედა-შვილი ერთმანეთს. უკან წელმოწყვეტილივით გამობრუნდა. ალბათ, წინათგრძნობა თუ ტანჯავდა, ან კი წინათგრძნობა რად უნდოდა ომში წასულ ადამიანს?! იქიდან დაბრუნებაა საკვირველი, თორემ არდაბრუნება რა გასაკვირია?! ვერ მოისვენა დედის გულმა, ქალბატონმა ეთერმა სურსათ-სანოვაგით გაავსო ჩანთები და აფხაზეთის გზას დაადგა. ოჩამჩირემდე სულ კითხვა-კითხვით მიაღწია. თავისი რაიონის მკვიდრს, ქალბატონ დოდო გუგეშაშვილს კითხულობდა, მეომრებში ცნობილია და მას უფრო მივაგნებო. იმედი ჰქონდა, დოდოს დახმარებით მერე შვილსაც იპოვნიდა.
„ოჩამჩირის შტაბში ვნახე დოდო, ახლავე მოგიყვან შვილსო, შემპირდა. რამდენიმე საათში ტანკი შემოვარდა შტაბის ეზოში. დოდომ მკითხა, აბა, თუ იცნო შენი შვილიო?.. ფანჯრიდან გადავიხედე, ვაჟა ტანკზე შემომჯდარიყო, როგორ არ ვიცნობდი? სიზმარში მეგონა თავი, შვილს რომ ვხედავდი“, – იხსენებს ქალბატონი ეთერი. შვილს პოზიციაზე გაჰყვა და კიდევ ერთი მეომრის დედასთან ერთად რამდენიმე ღამე სანგარში გაათია. დედები რომ არ შეეშინებინათ, ბიჭებს იმ ღამეს თურმე მძიმე იარაღიდან არ გაუსვრიათ.
ეს ამბავი მოვისმინე თუ არა, უცებ იგი „ჯარისკაცის მამასთან“ გავაიგივე. წარმოვიდგინე ზურგში ჩანთამოკიდებული ქალი, რომელიც სამხედრო მანაქანებისგან აბდღვირებულ გზაზე დგას და გამვლელ-გამომვლელს შვილის შესახებ ეკითხება. დიდი წვალების შემდეგ, მორიდებული, ხელოვანი შვილის ნაცვლად ტანკზე ამხედრებულ, იარაღასხმულ მეომარს პოულობს, რომელსაც პოზიციებზე მიჰყვება და მის გვერდით ომის ჯოჯოხეთურ ღამეს ათენებს. მიწაყრილზე სუფრას შლის და ბიჭებს გურიიდან ჩატანილი ხაჭაპურებით უმასპინძლდება. ერთ ღამეში საკუთარი შვილივით მიიღო და შეიყვარა სხვისი შვილები. აწი ერთის ნაცვლად ყველაზე უნდა ეფიქრა. მართლაც დიდი სადარდებელი გამოჰყვა უკან ქალბატონ ეთერს. ძალინ გაუჭირდა შვილის ომში დატოვება. ის ბიჭებიც ენანებოდა, რომლებიც ერთმანეთს დედობასაც უწევდნენ და დედმამიშვილობასაც. ალბათ, ახლობლებისთვის ომზე შექმნილი მძიმე შთაბეჭდილებები არ ექნებოდა გაზიარებული, როდესაც უკან საშინელი ამბავი დააწიეს: მისი გამომგზავრებიდან სამი დღის შემდეგ ვაჟა თოდუა მტერმა წამებით მოკლა.
როგორც გერმანიაში ნამსახური და გამოცდილი მზვერავი, ქუთაისის ბატალიონში მზვერავთა ოცმეთაურად დანიშნეს. სწორედ მზვერავის სიფრთხილემ ახსნევინა თანამებრძოლები გაჟლეტვისგან, თვითონ კი ღირსეულად აიტანა წამება და სიკვდილსაც ისეთივე ამაყი შეხვდა, როგორი სიამაყითაც სამშობლოს ერთიანობას იცავდა.
„საბრძოლო დავალების შესრულების დროს ზემდეგი ვაჟა თოდუა და რიგითი თანამებრძოლი გია ტრაპაიძე ხელში ჩაუვარდა მტერს. ვაჟამ შეძახილებით, „დასცხეთ, ბიჭებო!“, „წინ, წინ!““” – თანამბერძოლებს მტრის მოახლოება აცნობა. მტერს იმ დღისთვის დაგეგმილი ჰქონდა უეცარი თავდასხმა ბატალიონზე. ფაქტობრივად, ვაჟა თოდუამ თავისი საქციელით გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა და სრული განადგურებისა და სიკვდილისაგან იხსნა თანამებრძოლები. ჩვენმა მებრძოლებმა მტერზე საპასუხო შეტევის შემდეგ იპოვეს ვაჟას ჯერ კიდევ თბილი გვამი, რომელიც ფეხებზე თოკმობმული ეგდო, როგორც ჩანს, მტრებმა ვერ მოასწრეს მისი წაღება“, – ვკითხულობთ ლანჩხუთის კომისრისათვის 21-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის მიერ გაგზავნილ წერილში.
როგორც წერილიდან ირკვევა, 1993 წლის ივნისში გვამების გადასაცვლელად ბრიგადის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი დიმიტრი მეფარიშვილი მოწინააღმდეგის ბატალიონის მეთაურს, ვოვა თარბას შეხვდა. შეხვედრისას ის იმ დაქირავებულ ნოვოსიბირსკელ და კრასნოდარელ მებრძოლებს ესაუბრა, რომლებმაც ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე აწამეს. სწორედ მათგან შეიტყო ბიჭების გმირობისა და გაუტეხელობის ამბავი. „მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით. მაგრამ იგი არ დანებდა მტერს, მუხლი არ მოიდრიკა ურჯულოთა წინაშე. ყოველივე ზემოთქმულს თვალს ადევნებდა მისი თანამებრძოლი გია ტრაპაიძე, რომელსაც ვაჟას ენით გამოუთქმელმა ამტანობამ და გავაჟკაცობამ სანიმუშო მაგალითი მისცა მტრებთან უიარაღოდ გამკლავებისა“, – წერს ბრიგადის მეთაურის იმჟამინდელი მოადგილე, დიმიტრი მეფარიშვილი.
როგორც ვაჟას და გიას თანამებრძოლები იხსენებენ, სადაზვერვო ოცეულის მეთაური ვაჟა თოდუა და სნაიპერი გია ტრაპაიძე სულ ერთად იყვნენ. იმ საბიდესწერო დღესაც ერთად ყოფილან ბიჭები. ვაჟას ცხედრის წაღება ვერ მოუსწრიათ, გიასას კი 40 დღის ძებნის შემდეგ მიაგნეს თანამებრძოლებმა. ვაჟას ნაჩუქარი თურქული პულოვერი ცმია და ამით ამოუცნიათ თურმე.
ეთერ თოდუა, ვაჟა თოდუას დედა:
„ვაჟა მეორე კურსზე იყო, როდესაც აფხაზეთის ომში წავიდა. მარტის თვეში დასვენება ჰქონდა და ჩამოსული იყო. მაშინ აფხაზეთის ომში წასაყვანად რეზერვისტებს იწვევდნენ. უწყება მოვიდა სახლში და ვაჩვენე ვაჟას, წაიკითხა და ისევ თავის ადგილზე დადო. მეორე დილით გამოვიდა და მითხრა, მთელი ღამე არ მეძინა, ჩემს ქვეყანას უჭირს და მე კიდე აქ ვარ. როგორ შეიძლება, ახლა, ჩემი ქვეყნის დამცველთა რიგებში არ ვიდგეო. ვუყვირე, რას ამბობ-მეთქი, დავუშალე. კარგიო დამამშვიდა და აღარაფერი უთქვამს.
იმ დღეებში, ლანჩხუთიდან სუფსაში წავედი სახლში. 1 კვირაში დავბრუნდი და ვაჟა არ დამხვდა. ბებიამისს ვკითხე _ სად არის ვაჟიკო-მეთქი და სუფსაში წამოვიდა სახლშიო. მაშინვე გავიფიქრე, რომ ვაჟა ომში წავიდა. ჩავედი კომისარიატში, შევხდი, კომისარს და მითხრა, ჩემთან იყო და ახლა ქუთაისის ბატალიონშია წვრთნებზეო.

მესამესკოლელები გმირის საფლავზე
ერთი თვე იყო ქუთაისში, წვრთნებს გადიოდა. ჩემ შვილს სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში ჰქონდა გავლილი, მზვერავი იყო. 7 ჯერ ჩავედი ერთი თვის განმავლობაში ქუთაისში მის სანახავად. ორჯერ კი _ აფხაზეთში ჩავაკითხე ფრონტის წინა ხაზზე. დაზვერვის ოცმეთაური იყო. პირველად რომ ჩავედი, დოდო გუგეშაშვილმა მაპოვნინა და მომიყვანა შვილი. შემდეგ, პირდაპირ შტაბში დავრეკე და ფრონტზე ჩავაკითხე, სანგარში მძინებია მასთან ერთად. როდესაც მეორედ უკან წამოვედი, დამემშვიდობა და მაშინ მივხდი, რომ შვილი აღარ დამიბრუნდებოდა… ეს იყო დედის საშინელი წინათგრძნობა. ვაჟა ტყვედ ჩავარდა, მაგრამ წამებით სიკვდილი არჩია სამშობლოს ღალატს“.
ბრძოლის ველიდან ვაჟა თოდუას ცხედრის გამოტანაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის ბატალიონის მებრძოლმა, დათო ზივზივაძემ.
დათო ზივზივაძის დღიურიდან:
„ჩვენი შტაბის გვერდით ადგილობრივი შტაბია, მის წინ სულ დგას მორიგე ტანკები და სადაც გაჭირვება იქნება, იქ ჩნდება. ტანკი დაიქოქა და იმ წამსვე ავფრინდი ლოგინიდან. გაქრა უძლურება, ტკივილები. ავტომატს ხელი დავავლე და ტანკზე ავფრინდი სარეკორდო დროში. სროლები „კატელნაიასთან“ მიდიოდა. მე რომ მივედი, სროლა აღარ იყო, იყო დანაღვლიანებული სახეები. „რა ამბავია?“ – ვიკითხე. „ორი კაცია შესული და არ დაბრუნებულან“. „რა ადგილზე?“ მაჩვენეს მეორე სახლი. ჩემთვის ნათელი იყო, ან ტყვედ ჩავარდნენ, ან ბიჭები არ იქნებიან ცოცხლები… უფრო საფიქრალი მეორე იყო. მკვდრები მაინც უნდა გამოგვეყვანა. ახლომდებარე ტერიტორია უნდა დამეზვერა. რამდენიმე კაცი შევედით ფრთხილად. ღელეში გადავიხედეთ, ფრთხილად ვმოძრაობდით. გაზაფხული წელიწადის ისეთი დროა, ძალიან სიფრთხილე გინდა მეომარს, ძირითადად სმენას უნდა ენდო, რადგან სიმწვანეში მხედველობა თითქმის არ მუშაობს. ვიღაცამ დაგვიძახა, სოსო იყო, – გამოდითო. სასწრაფოდ გამოვედით, რადგან რამე უნდა მოგვეფიქრებინა. შეიძლება, ჩასაფრება ყოფილიყო. უკვე ყველას მოერბინა, კითხულობდნენ, რა ამბავიო. ცოტა ხანში სიწყნარე ჩამოვარდა. ადგილობრივი ბატალიონიდანაც მოირბინეს. – რა ვქნათ, დათო, ახლა ტანკებმა უნდა დაბომბონ, მერე შეხვალთ, – მეუბნება სოსო. – უნდა შევიდეთ, შევალთ, დავათვალიერებთ, იქნებ, მკვდრები ვნახოთ, თორემ ცოდონი არიან ბიჭები, – ვუთხარი მე. გამსვლელები მოვემზადეთ. ავკრიფეთ „რაჟოკები“, „ლიმონკები“, გავედით შვიდი კაცი.
დიდი სიფრთხილით მივიწევდით ხეობაში. ყოველ წამს მოსალოდნელია ჩასაფრება. ჩემ წინ მერაბი მიდიოდა, წელში მოხრილი, წელამდე ბალახში, მანდარინის ბაღში. მზერა მერაბის გაფართოებულ თვალებს ჩავაყოლე. ხელით დაწვდა, მე უკვე გადმოუბრუნებლადაც ვიცოდი, ვისი გვამიც იყო, მერაბმაც. ასეთი „პოლევოი“ კომბინეზონი, მარტო ვაჟა თოდუას ეცვა. ბუნების ფერში ვარო, იტყოდა ხოლმე იგი, – მტრები ვერ მხედავენო...
მოტყუვდა ჩვენი პატარა ძმა. შეამჩნიეს მაინც ძაღლებმა. თითქოს ჩაძინებული, ჩამხობილიაო, ასეთი იყო, თავზე რომ წავადექით ვაჟას ცხედარს. კომბინიზონის ზედა ნაწილი შემოეხიათ, ძალით გაეძროთ ვაჟასათვის. დაახლოებით რვა ტყვია ჰქონდა ზურგში მოხვედრილი, ოთხ ადგილზე დანა ჩარტყმული, ფრთხილად გადავაბრუნეთ და მოვემზადეთ უფრო მეტისათვის. ოი, ადამიანო! თუ ადამიანობა კიდევ არსებობს! ამის შემდეგ თუ ვართ ადამიანები! სულ გადამავიწყდა ყველაფერი და არაადამიანური ბღავილი დავიწყე. რომელი ერის შვილი ჩაიდენს ასეთ საზიზღრობას?! მომინდა, არაადამიანურად მომინდა, ენახა ყველას საწყალი ვაჟა, ენახათ, თუ ვის ვებრძვით, ვისთან გვაქვს ომი, რატომ ვომობთ. ცხედარს ოჩამჩირეში გავყევით მე, მერაბი, ნინძა, კიდევ – სამი ბიჭი, ჩვენი ექიმიც. შტაბში მივედით. უფროსები ვნახეთ. კორესპონდენტებს დაუძახეს. გადავიღეთ, ვილაპარაკეთ მე და მერაბმა. ცხედარი აეროპორტში მივასვენეთ და საწყალი ვაჟა ლანჩხუთში გადავაფრინეთ“.
ურთულესი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ადამიანებს ყოველდღე ეღუპებოდათ მეგობრები, ოჯახის წევრები, შვილები, ახლობლები. ვაჟა თოდუაც შვილი და მეგობარი იყო, მამობისათვის პატარა ასაკის, სამაგიეროდ, ომში წასვლისას არ გაუთვალისწინებია თავისი 21 წელი. ადგა და წავიდა…
დაასრულა დედამ საუბარი, ისეთივე სიმშვიდით, როგორითაც დაიწყო… დედამ, რომელიც შვილის სანგარში გათენებული ღამეების შემდეგ თავად იქცა სულით მეომრად. იგი დღემდე სიამაყით ატარებს დაუმარცხებელი შვილის ჯილდოს – ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენს. ერიდება ყურადღების ცენტრში ყოფნის და ღირსეულად აგრძელებს სიცოცხლეს – ვაჟას ნაკვალევზე კიდევ ერთ ვაჟა თოდუას უზრდის სამშობლოს, უფროსი შვილის ვაჟიშვილს…
ვაჟას საფლავის ქვაზე კი მეგობრების მიერ ამოტვიფრული ეპიტაფია მთელი სიზუსტით ხსნის ამ ქვეყნად მოვლინების იმ მისიას, რომელსაც ეს პატარა ბიჭი შეეწირა: „ერთ საუკუნეში გმირულად სიკვდილი დანარჩენ საუკუნეებში უკვდავებას ნიშნავს!“ ვაჟა თოდუა თავად გახდა უკვდავება.
ზაირა მიქატაძე





