გთავაზობთ ლანჩხუთის კოლორიტის, ქართული კინოსა და თეატრის ბრწყინვალე მსახიობისა და რეჟისორის, ვარლამ (ვალოდია) წულაძის დედისადმი (ელპიტე სიხარულიძე) მიძღვნილ ლექსს, რომელიც მისი სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმმა მოგვაწოდა.
დედას
დედაო, შენი ჭირიმე,
ჩემო ძვირფასო დედაო,
29 წლისა სიკვდილმა,
ქვრივობა დაგიბედაო.
გულს ცეცხლი მომკიდებია,
სიტყვის თქმას ვერა ვბედაო,
ობლებს რომ გვზრდიდი,
შენს ტკივილს,
ახლაც ვგრძნობ, ახლაც ვხედავო.

ვალოდია წულაძე (შუაში) დედასა და ძმასთან ერთად | ორიგინალი ფოტო დაცულია ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმში
მწარეს გეტყოდი ხანდახან,
გულით გვფარავდი, დედაო,
მეუღლის ავად ხსენება,
ვერავინ გაგიბედაო.
შენზე ძვირფასი ამ ქვეყნად,
ვინ უნდა მყავდეს, ნეტაო,
სხვამ ყველამ გული მატკინა,
დედამ ვერ გამიმეტაო.
ახლაც გვივლი და გვპატრონობ,
გვირჩევ გზასა და კვალსაო,
წლები ჩვენთანაც მოვარდა,
ვხედავ ვერ გიხდი ვალსაო.
მაგრამ, გაღმერთებ იცოდე,
სანამ დავხუჭავ თვალსაო.
ახლაც კი მისი მადლით ვარ,
მინათებს გზას და კვალსაო,
ვატყობ, ვერაფრით ვერასდროს,
ვერ გადავიხდი მადლსაო.




