მოშე, შენ თუ გინდა წასვლა, წაი, ჩვენ არ მოვდივართო… ისაკ თეთრუაშვილი: „რა ვქნა, მიყვარს ლანჩხუთი და ამ სიყვარულს ვერავინ წამართმევს, ქართველი ვარ, გურული!“

|

Loading

ფოტო „გურია თუდეის“ ოფისში | მარცხნიდან: სიმონიკო ჭეიშვილი, ისაკ თეთრუაშვილი და მურმან კუკულაძე

ლანჩხუთში დაიბადა და გაიზარდა. ისაკ თეთრუაშვილს ძალიან უყვარს აქაურობა და სულ ცდილობს ჩამოვიდეს და თავის ქალაქს მოეფეროს. უკვე წლებია, ისრაელში, ქალაქ აშდოთში ცხოვრობს, მაგრამ გურიასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია.

ორი დღით იყო სულ ჩამოსული _ „მაგრამ იმხელა სითბო და ენერგია მიმაქვს აქედან, რომ მანამ მეყოფა, სანამ კიდევ არ ჩამოვალო“.

„გურია თუდეის“ რედაქციას მეგობრებთან _ სიმინიკო ჭეიშვილსა და მურმან ებრალიძესთან ერთად ესტუმრა და საუბარი ბავშვობისდროინდელი ამბების გახსენებთ დაიწყო:

_ 1946 წლის 20 მარტს დავიბადე ლანჩხუთში. ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ამ პატარა, მაგრამ საოცარ ქალაქში. პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სკოლის წინ იყო ჩემი სახლი. დღეს „ავერსის“ შენობა რომ არის, აი სწორედ იქ.

_ როგორი იყო მაშინ ლანჩხუთი?

_ გადასარევი.

_ სკოლაზე რას იტყვით?

_ ძალიან მაგარი სკოლა გვქონდა. ბრწყინვალე მასწავლებელი მყავდა ფრანგულში _ მედიკო კეკელიძე. წლების წინ შეხვედრა მომიწყვეს ლანჩხუთში და მოსული იყო. როცა დამინახა, დაიძახა: „დედა, ისაკი, რავა ხარო“ და ჩამეხუტა. ჩემი კლასელები არიან: მურმან ებრალიძე, რამაზ ხოფერია, თემურ იმნაძე, თემურ მახარაძე, ცხონებული ზური ასკურავა, რომლის 40-ზეც ჩამოვედი სპეციალურად ისრაელიდან. ძალიან მაგარი კლასი იყო.

_ შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

_ სკოლის დასრულების შემდეგ წავედი ჯარში. ლენინგრადს იქით, 120 კილომეტრის შემდეგ მომიწია მსახური. ტყეში იყო ჩვენი ბაზა. დილას დაგვაყენებდნენ მწყობრში, „სმირნაზე“ უნდა ყოფილიყავი. იმხელა კოღოები იყო, რომ დაგეტაკებოდა, ლამის წაგაქცევდა. მიკბენდა და ხელს უცებ ვიტაკებდი ნაკბენ ადგილას. არადა, მწყობრში განძრევაც არ შეიძლებოდა. უცებ დამიძახებდნენ: თეთრუაშვილი, სამი ნაბიჯით წინ! გამოვიდოდი და მწყობრის დარღვევისთვის „ნარიადს“ მომცემდნენ. ჯარის შემდეგ რაც მოხდა, იგი აღარაა სალაპარაკო. პატარა ხულიგნობები იყო. მამაჩემს ძალიან უყვარდა კანონმორჩილობა. ყველა პატივს ცემდა და ჩემს ხულიგნობას დიდად ვერ ეგუებოდა. ჩემს სამეგობროს აჭმევდა, ასმევდა. ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობრებში დიდი კვალი დატოვა.

_ ისრაელში როდის წახვედით?

_ 1973 წელს.

_ ეს ის პერიოდია, როცა გაგანია კომუნიზმია ჩვენს ქვეყანაში. მარტივად წახვედით მაშინდელი საბჭოთა კავშირიდან?

_ თავისუფლად წავედით ყველა. მამას უნდოდა ძალიან წასვლა და მისი ხათრით წავედით. მე და ჩემს ძმას, დათოს, რომელიც ჩემზე დიდი ხულიგანი იყო, წასვლა არ გვინდოდა. ვრჩებოდით კიდეც. დედაჩემიც ჩვენს მხარეზე გადმოვიდა. მამას ეუბნებოდა: მოშე, შენ თუ გინდა წასვლა, წაი, ჩვენ არ მოვდივართო. მამაჩემმა ამაზე ინერვიულა და ცუდად გახდა. ქუთაისში წავიყვანეთ ექიმთან. მან გვითხრა, რომ ეს კაცი ძალიან ჯავრობს, რომ თქვენ არ მიყვებით და თუ არ დაუჯერებთ, მოკვდებაო. მე და ჩემმა ძმამ ვთქვით, ჩვენ ვაჟკაცები აღარ ვიქნებით თუ მამა არ გვეყოლებაო და წავედით ისრაელში.

_ იქ ვინ დაგხვდათ?

_ ჩემი და და სიძე იყვნენ წინასწარ წასულები და ისინი დაგვხდნენ. ჩავედით ქალაქ აშდოთში. მაშინ პატარა ქალაქი იყო, ახლა საკმაოდ დიდია. ამდენი წელი გავიდა და სხვაგან აღარ გადავსულვართ. მამამ ჩვენი წასვლიდან კიდევ 20 წელი იცოცხლა.

_ ლანჩხუთთან რომ კავშირი არ გაგიწყვეტიათ, ფაქტია, მაგრამ მაშინ რა პერიოდულობით ჩამოდიოდით?

_ საკმაოდ რთული პერიოდი მოგვიწია. აქედან კი წავედით, მაგრამ იქიდან წამოსვლა დიდი სირთულე იყო. გვინდოდა, მაგრამ ბევრმა წელმა ისე გაიარა, ეს ვერ მოვახერხეთ. მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე რომ ჩამოვიდა ისრაელში, სწორედ მან გახსნა გზა. კონცერტი გააკეთა ჩვენთან, სცენაზე თქვა: თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ჩამოსვლა აქ რა ნიშნავსო, გზები იხსნებაო. 1989 წელს ჩემი ქალაქიდან ერთადერთი მე წამოვედი საბჭოთა კავშირში. მაგრამ ლანჩხუთში არ ჩამოვსულვარ, ისე წავედი უკან.

_ ლანჩხუთში როდის ჩამოხვედით?

_ სიმონიკო ჭეიშვილის კლასელი ყოფილა ქალაქ აშდოთში. მან როცა გაიგო ამის შესახებ, უთხრა ჩემზე. ასე დავუკავშირდით ერთმანეთს. მომძებნა იმ კაცმა და დაველაპარაკე სიმონიკოს. ამ საუბრიდან მალევე ჩამოვედი. ამის მერე, ალბათ, ასჯერ ვიქნები ჩამოსული. 1992 წელს ჩავედი მოსკოვში, 2 წელი ვცხოვრობდი იქ, საწყობი მქონდა.

დავიწყე ჩემს ლანჩხუთში ჩამოსვლა და სულ მომიხარია აქეთ. სამი და მყავდა, მესამე ერთი თვის წინ გარდაიცვალა. იმათაც უყვარდათ აქაურობა.

_ რა გენატრებათ ლანჩხუთში ყველაზე მეტად?

_ ალბათ, ჩემი ბავშვობა. მიყვარდა აქაურობა და დღესაც ძალიან მიყვარს. ბავშვობაში ნიგოზსაც ვიპარავდით ხოლმე. გავივსებდით მაისურებს და ჩამოვხტებოდით ხიდან. ბევრ მაიმუნობას ჩავდიოდით. დღესაც მახსოვს ბევრი კარგი რამ…

_ ახლა რამდენად ხშირად ჩამოდიხართ?

_ საკმაოდ ადვილია ჩამოსვლა. ბათუმში მოვფრინავ ხოლმე. თბილისში რომ ჩამოვიდე, ერთი დღე კი მინდა აქამდე და ბათუმიდან ერთ საათში აქა ვარ.

_ ლანჩხუთელებზე რას გვეტყვით?

_ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ლანჩხუთელი ვარ. ძალიან თბილი და საყვარელი ხალხია გურულები. მახსოვს, ბავშვი ვიყავი, გზაზე მეზობლის ეზოდან რომ გადასულიყავი, პატრონს რომ დაენახე, გეტყოდა _ წამო, შენ ჩემს ეზოში ხარ და ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთო. ეს არის სითბო.

_ ისრაელში როგორ არის?

_ იქ ძალიან ცივი ხალხია ადგილობრივები. ქართული კულტურა და უმცროს-უფროსობა, სუფრა ეს ჩვენ შევიტანეთ ისრაელში. ქართველები მართლაც ბევრი ვართ იქ.

_ თქვენ ებრაელად თვლით თავს თუ ქართველად?

_ მე ვარ ქართველი, გურული.

_ ოჯახში თქვენ გარდა ვინ ცხოვრობთ?

_ მეუღლე 2 წლის წინ გარდამეცვალა. 3 შვილი მყავს, 8 შვილიშვილი. ერთი ბიჭი ავსტრიაში ცხოვრობს, მეორე ბიჭი ჩემთანაა. ჩემი გოგო საპასპორტო მაგიდის უფროსია. ახლა ჩინეთშია.

_ თქვენ რას საქმიანობთ?

_ პენსიონერი ვარ.

_ ისრაელში კაი პენსია იქნება…

_ 600 დოლარი მაქვს. იქ ეს ფული არაფერი არ არის. ბინის ერთი თვის ქირაა. 45 წელია, ისრაელში ვხოვრობ. ჩემი ქალაქი ისე გადიდდა ამ წლების განმავლობაში, რომ ზოგიერთ უბანში რომ შევდივარ, უკან ვეღარ გამოვდივარ, იმოდენაა.

_ უფრო ხანგრძლივად ჩამოსვლას არ აპირებთ?

_ კი, როგორ არა. გასულ წელსაც ვიყავი. ბახმაროში დავისვენე. წელსაც ვაპირებ. უფრო აგვისტოს ბოლოსკენ ჩამოვალ, ალბათ. ძალიან მომწონს ბახმარო, საოცარი ადგილია. რა ვქნა, მიყვარს გურია და ლანჩხუთი. მე ამ სიყვარულს, ვერავინ ვერ წამართმევს. ვერც ისრაელი წამარმევს და ვერც ამერიკა. ეს ჩემია, მე ლანჩხუთელი ვარ.

ლაშა სარჯველაძე