„თუ კიევის „დინამოში“ მოგებისთვის 60 მანეთს ვიღებდი, „გურიაში“ მოგება 800 მანეთად ფასობდა… 5 საათის განმავლობაში მაგიდის ქვეშ ვიყავით. აქ გასახდელთან მინები ჩაამტვრიეს, შემოვარდნის შანსი იყო“
მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ლეგენდად დარჩა „გურიას“ უკრაინელი ფორვარდი ვიქტორ ხლუსი _ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლანჩხუთელი ქომაგების უსაყვარლესი ფეხბურთელი… კიევის „დინამოში“ ნათამაშებმა „გურიაში“ მხოლოდ სამი სეზონი ჩატარა და ქომაგებს თავი ძალიან შეაყვარა…
ძალიან გამახარა ლანჩხუთის კოლორიტის, უსაყვარლესი და უძვირფასესი ლეგენდა ქალბატონის, მადლენა ცინცაძის ვაჟის, მერაბ ხოფერიას ზარმა ბათუმიდან _ ვიქტორ ხლუსი მყავს სტუმრად და ხვალ ლანჩხუთში მოვდივართო…
დაახლოებით დღის 2 საათზე, ქალაქის ცენტრში მდებარე „გურიას“ მემორიალურ დაფასთან უკვე ბევრი შეკრებილიყო _ მათ შორის იყვნენ „გურიას“ სახელოვანი ვეტერანები: თამაზ კვირკველია, ჯემსუატ ურუშაძე, თემურ ჩხაიძე და გიგლა იმნაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე ბიძინა იმნაიშვილი. ამ უკანასკნელებს აქვე შევაქებთ _ „მიზეზები“ არ მოუყვანიათ, „გურიას“ ლეგენდის გაცილებამდე ფეხი არ მოუცვლიათ…
და აი, 8-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ლანჩხუთელი ქომაგის კერპი, ცოტა მობერებული, მაგრამ მაინც ახალგაზრდული და სპორტული… უკრაინელი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად გვესტუმრა. 2013-ში კი ხლუსი მაშინდელი გამგებლის, ზაზა ურუშაძის მოწვევით, კიეველ თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვიდა და „გურიას“ ვეტერანებს გაეჯიბრა.
„10 წელი ვითამაშე შვედეთში, 6 წელი კიევის „დინამოში“ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საუკეთესო ლანჩხუთში გატარებული სამი წელია. ძალიან მიყვარს ლანჩხუთელები, მათ სიყვარულს იმ სამი წლის მანძილზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი. მადლობა მერაბ ხოფერიას, რომ დამეხმარა და გვერდში დამიდგა, ჩემს უსაყვარლეს ქალაქში ჩამოვსულიყავი. ძალიან მიყვარხართ, ლანჩხუთი ჩემი ქალაქია!“ _ თქვა ლეგენდამ.

„გურიას“ ლეგენდები | მარცხნიდან: თამაზ კვირკველია, გიგლა იმნაძე, ვიქტორ ხლუსი, თეიმურაზ ჩხაიძე და ჯემსუატ ურუშაძე
მან გაიხსენა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი ძალების რწმენა ჰქონდა დაკარგული. ამ დროს მასთან მივიდნენ ლანჩხუთის „გურიის“ წარმომადგენლები. მათ შორის იყო მერაბ ხოფერიაც, რომელიც უკრაინელის ფინანსურ უზრუნველყოფას კურირებდა.
„მიგვიწვიეს უკრაინელები, რომლებიც ქართველებს დავემატეთ. ახალი ფეხბურთელები ძალზე საჭირო იყო. როცა ჩავედი, მეგონა, რომ „გურიაში“ ადმინისტრატორი, გუნდის უფროსი და ექიმი თამაშობდნენ. ყველას ეტყობოდა ღიპი. მართლა ნიჭიერ ბიჭებსაც, როგორებიც ვახტანგ კოპალეიშვილი და ძმები კაპანაძეები იყვნენ, უფრო მოჭიდავეების აღნაგობა ჰქონდათ, ვიდრე ფეხბურთელების. ისინი კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ასევე კარგად არ გამოიყურებოდნენ აღნაგობით“ _ ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ხლუსი პირველ შთაბეჭდილებებს.
დღეს კი მან გვითხრა: „ჩემს დროს ლანჩხუთში საფეხბურთო ბუმი იყო. სამ თვეში სტადიონი ააშენეს. ეს ქალაქიც არ იყო, დასახლება 7 ათასი ადამიანით, სადაც რამდენიმე ხუთსართულიანი სახლი იდგა. მთელ ლანჩხუთში მხოლოდ ერთი სასტუმრო იყო. სამაგიეროდ, სტადიონი დიდი იყო, ის ყველა მხრიდან ჩანდა. როცა თამაშზე მივდიოდით, ადრე უნდა გავსულიყავით, რადგან სტადიონიდან 5 კილომეტრში მანქანების ტევა არ იყო. ის კი არა, გრიგოლეთიდან რომ გამოვდიოდით, ვხედავდით ქალაქთან ახლოს სოფლებშიც არ იყო მანქანების ტევა…“ _ ღიმილით გაიხსენა მესამედი საუკუნის წინანდელი…
მემორიალიდან გურიის საფეხბურთო აკადემიაში გადავინაცვლეთ, სადაც სტუმარი აღფრთოვანებული დარჩა ნანახით. მისმა მეუღლემ ვიდეო-ლაივი ჩართო და უკრაინაში უხსნიდა ახლობლებს, თუ რა კარგი ბაზა აქვს აკადემიას _ საძინებლებიდან დაწყებული სამედიცინო კაბინეტით დამთავრებული ყველაფერს ფოტო გადაუღო.

თამაზ კვირკველია და ვიქტორ ხლუსი „გურიას“ ისტორიას იხსენებენ
სხვათა შორის, ვიქტორ ხლუსის მეუღლეც სახელოვანი სპორტსმენია… არც მეტი, არც ნაკლები ოლიმპიური ჩემპიონი! სტელა ზახაროვა 1980 წელს მოსკოვში გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული მხატვრულ ტანვარჯიშში. ასევე არის მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.
ყოფილი სპორტსმენებს ორი შვილი ჰყავთ, ისინი 1982 წელს დაოჯახდნენ… ქალიშვილი თან ახლდათ, ვაჟი კი მენეჯერულ თანამდებობაზეა და ჩამოსვლა ვერ შეძლო. „შვილები სულ მეუბნებოდნენ _ წაგვიყვანე საქართველოში და გვანახე ის ქალაქი, სადაც თამაშობდიო. იციან, როგორ მიყვარს ლანჩხუთი და ხვდებიან, რომ აქაც ვუყვარვარ“ _ თქვა ლეგენდამ.
ისიც აღფრთოვანებული დარჩა ნანახით: „ძალიან კარგი ბაზაა ახალგაზრდობისთვის. რა კარგად არის ყველაფერი, სარეცხის ოთახის ჩათვლით. ჩემ დროს თვით კიევის „დინამოში“ ჩემით ვრეცხავდი“.
შემდეგ სტადიონზე გადავინაცვლეთ, სადაც შესასვლელში გამოფენილ ფოტოებს ჩამოუარა. თემურ ჩხაიძისა და რენატ დასაევის ფოტომ უმაღლეს ლიგაში გახსნის მატჩი გაახსენა: „პირველ თამაშში „სპარტაკს“ ვხვდებოდით. ამ თამაშის ბილეთის საშოვნელად ლამის ედუარდ შევარდნაძის დონეზე იყო საჭირო ნაცნობის პოვნა. მართალია, მოსკოველებთან 0:2 წავაგეთ, მაგრამ ამას საფეხბურთო ვნებათაღელვა არ ჩაუქრია ქალაქში. მერე „გურიამ“ ნელ-ნელა დაიწყო ქულების დაგროვება. ჯერ მოუგო „ქაირათს“ შინ, შემდეგ კი იმ დროს ძალზე საპატიო ფრეს მიაღწია სტუმრად ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ჟალგირისთან“.
გასახდელში კი ის ადგილი გვანახა, სადაც ჯდებოდა: „აქ იდგა სავარძელი და ჩემი ადგილი აქ იყო. მახსოვს კოშმარული ღამე, როცა ხარკოვის „მეტალისტთან“ წაგვაგებინეს… პენალტით გაგვიტანეს… 5 საათის განმავლობაში მაგიდის ქვეშ ვიყავით. აქ გასახდელთან მინები ჩაამტვრიეს, შემოვარდნის შანსი იყო და მოგვიანებით მეორე სართულზე ავედით. წარმოიდგინეთ, მაშინ არც მობილურები იყო და ასეთ შიშში გატარებული საათები“ _ 1987 წლის ნოემბრის მატჩის შემდგომი მოვლენებს დღეს უკვე ღიმილით იხსენებს.
შეგახსენებთ, რომ მაშინ წაგებით (თბილისის „დინამოს“ წვლილს ხედავდნენ ამაში) განაწყენებულმა ქომაგებმა სტადიონის დარბევა დაიწყეს. შეტაკება საბჭოთა არმიის ე.წ. „მერვე პოლკის“ წარმომადგენლებთან საათების მანძილზე გრძელდებოდა. ადგილობრივმა მილიციამ გულშემატკივრების მხარი დაიჭირა. მხოლოდ დამატებითი ძალების გამოძახების შემდეგ, დაახლოებით 01:30 საათზე მოახერხეს სამხედროებმა გასახდელში ჩაკეტილი ფეხბურთელების უსაფრთხოდ გაყვანა. ამბობენ, რომ მალე მათ იარაღის გამოყენების ბრძანება მიიღეს…
მაშინდელი ამბები ვიქტორ ხლუსმა დეტალურად გაიხსენა, წლების წინ, ერთ-ერთი უკრაინული ონლაინ-გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში:
„[1987 წელს] ჩვენ ურიგოდ არ ვთამაშობდით და ეს ხდებოდა თბილისის „დინამოს“ კრიზისის ფონზე. სეზონის ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ „დინამოს“ აშკარად შველოდნენ, რომ არ გავარდნილიყო. მახსოვს, როცა „მეტალისტი“ ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენ მივიღეთ ბრძანება – „დაწექით!“. ლანჩხუთი პატარა დასახლებაა და ინფორმაცია მალე გავრცელდა. ჩვენ გაფრთხილებულები ვიყავით, ფომენკო არაფერ შუაში არ იყო. ქართველები მოელაპარაკნენ ქართველებს. თამაში რომ დაიწყო, ტრიბუნების რეაქციით მივხვდით, რაც გველოდა. თამაში 0:1 დასრულდა, მსაჯმა სავჩენკომ ნაადრევად დაასრულა მატჩი.
ამის შემდეგ დაიწყო რბევა, ისეთი, როგორიც არასოდეს მინახავს ცხოვრებაში. კიდევ კარგი, იქ მიწისქვეშა გასასვლელია. ორივე გუნდი იქ დაახლოებით 4 საათი იჯდა. სკამებიც არ იყო, ორივე გასასვლელს კი მილიცია იცავდა. გასახდელები მთლიანად გაანადგურეს. რომ შევედით, ჩვენს ნივთებს ნანგრევებში ვეძებდით. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იყოჩაღეს და როცა მოსკოვიდან კომისია ჩამოვიდა, ყველაფერი აღადგინეს, ფანჯრებში კი შუშები ჩასვეს. კომისია დაარწმუნეს, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი „მეტალისტი“ „დაუწვა“ „დინამოს“. „გურიასა“ და „დინამოს“ მიზანმიმართულად უცვლიდნენ ადგილებს. როცა ეს ორი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, უკრაინელებს თითქმის არ გვათამაშებდნენ. მახსოვს, პირველ ტაიმში საუკეთესო ვიყავი და შესვენებაზე შემცვალეს, მომაშორეს. ვფიქრობ, ამ პროცესებს ფომენკო არ მართავდა. მეორე ტაიმში თამაშის ყურება ძალზე სასაცილო იყო…“ _ გაიხსენა თანამემამულეებთან ხლუსმა.
„შენ რა თანამდებობა გეკავა, გამახსენე“ _ მიმართა ნუგზარ ჩხაიძეს, რომელმაც აუხსნა, რომ კლუბში არანაირ თანამდებობაზე არ იყო. „ასე, შესაძლოა ოფიციალურად არა, მაგრამ ჩვენ მაშინ ვიცოდით, რომ იყავით დირექტორი და სულ გუნდთან იყავით. არც მერაბი (ხოფერია _ რედ.) იყო ოფიციალურად კლუბთან, მაგრამ ჩემს ფინანსებს ის აგვარებდა“ _ სიცილით თქვა ვიქტორ ხლუსმა.

ამ ტაბლოზე ხშირად იწერებოდა გვარი „ხლუსი“, მერაბ ხოფერია კი უკრაინელის გოლებს აფინანსებდა
„გურიას“ ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ თუ კიევის „დინამოში“ მოგებისთვის 60 მანეთს იღებდა, ლანჩხუთში მოგება 400, 500, 600 და ხანდახან, 800 მანეთადაც ფასდებოდა. „რა თქმა უნდა, ხელფასები ისეთივე იყო, როგორც ყველგან საბჭოეთში, მაგრამ ქართველები ახერხებდნენ მეტი ჰონორარის გამოწერას. შეიძლება ითქვას, რომ ლანჩხუთში ხელახლა გავცოცხლდი, როგორც ფეხბურთელი და მატერიალური თვალსაზრისითაც. აქ თავს მეფეებად მივიჩნევდით. როცა მეუღლე ბაზარში მიდიოდა, უამრავი პროდუქტი მოჰქონდა ისე, კაპიკის გადახდაც არ უწევდა. ლანჩხუთში ფეხბურთი გიჟურად უყვართ“ _ ამბობს ვეტერანი.
გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, თემურ ალექსაიამ სტუმარს საჩუქარი გადასცა. თავის მხრივ, ხლუსმა უკრაინის ნაკრების მაისურით ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაასაჩუქრა.
რა თქმა უნდა, სტუმარმა ლეგენდარული მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე მოიკითხა, რომელიც შეუძლოდ გახლდათ და ამიტომ ვერ მოვიდა.
გავიხსენეთ გარდაცვლილები: ევგრაფი შევარდნაძე, ბუტა ჟორდანია, იმედო დუნდუა… ფეხბურთელები _ ლევან ბარათაშვილი (ტალახა), ენუქი თევზაძე… ხალხი, რომლებმაც „გურიას“ ისტორია დაწერეს.
ბოლოს „ნიკალაში“ გადავინაცვლეთ, სადაც მერაბ ხოფერიამ არაჩვეულებრივად ითამადა. „გურიას“ 35 წლის წინადელი ამბები სუფრასა და დარბაზის ეკრანზე თავისი სიდიადით კიდევ ერთხელ გადაიშალა…
მამუკა ქანთარია





