დღეს ლანჩხუთელი პოეტის, გაზეთ „კომუნისტური შრომის“ რედაქტორის, რევაზ ლორიას დაბადების დღეა.
„გურია _
ჩემი გულია,
ჩემი სიმღერის სათავე
თუ ჩემთან ძმობა გწყურია,
მოდი,
აქ გაჩნდი ახლავე!
ამ მთა-კორტოხზე ოდა მაქვს
კარღია,
სტუმრის მომხმობი,
თუ ოდეს ნატვრა მქონდა რამ,
ამსრულებია ყოველი.
ყველა მომხვდური დავჯაბნე,
ვიფრინე ყველა მევალე,
ოჯახის ფარი…
აბჯარი
მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ,
მე!
გურია _
ჩემი გულია,
ჩემი სიმღერის სათავე
თუ ჩემთან ძმობა გწყურია,
მოდი,
აქ გაჩნდი ახლავე!“
იგი თავისი კუთხის ღირსეული შვილი და ქართველი მწერლების გულმხურვალე მასპინძელი გახლდათ. და მართლაც, გურიისკენ მიმავალ ლიტერატორთა თუ ხელოვანთა უმეტესობას პოეტი რევაზ ლორია გულითად მასპინძლად ჰყავდა შეგულებული.
წლების მანძილზე იღწვოდა ღვთისგან ბოძებულ შემოქმედებით ასპარეზზე. მის ლამაზ ოჯახში სტუმართა პატივსაცემად ხშირად იშლებოდა სუფრა, ხშირად უწევდა თამადობა და ღირსეული მოლხენაც იცოდა…
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი
რევაზ ლორიას ხსოვნას
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,
ლექსის ამბორით გვეთქმოდა მთვრალი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი _
არ მეშვებაო ლექსი ფირალი…
ესარჩლებოდი იას და ტირანს _
ყვავილს ვითომდაც ჩექმით გათელილს,
სხვა გულუბრყვილო გრძნობებით მყვირალს…
გულს, გულს შეაკვდი სევდით დაფერილს…
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,
სახელიც გქონდა ლექსის სამყოფი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი და
სვამდი სურვილს ყოფნა-არყოფნის…
ჟანრი გოგეშვილი, 9.07.2000 წ.
გთავაზობთ მარინე ბარამიძის გამოუქვეყნებელი წიგნიდან, სადაც ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებზე უნიკალური მასალებია თავმოყრილი, თავს, რომელიც განუმეორებელ ადამიანს, რევაზ ლორიას ეძღვნება:
ჩემთვის უდიდესი პატივია, დავწერო რაიმე მოგონება, თუნდაც ძალიან მცირე ასეთ დიდებულ ადამიანზე.
ის ჩემი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი იყო. მხოლოდ არა სკოლაში, არამედ პიონერთა სახლში, სადაც ბატონი რევაზი ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა. დიდი იყო მისი ზეგავლენა ჩემი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ლექსის ღრმად, შინაარსობრივად აღთქმაზე, პატრიოტიზმის განვითარებაზე, ქართული ენის სიდიადის შეცნობაზე. შემდეგი ლამაზი შთაბეჭდილება ჩემთვის იყო ნეფე-დედოფლის საქორწინო სვლა თბილისის ქუჩაზე, როდესაც ბატონ რევაზ მხარს უმშვენებდა კდემამოსილებით აღსავსე, ტრადიციისამებრ თეთრებით შემოსილი, უმშვენიერესი გენრიეტა. ამ ცერემონიალს მაშინ შემთხვევით გადავაწყდი და ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა სპეტაკ სურათად.
ბატონი რევაზი იყო ძალიან ზრდილი ადამიანი. ჩემს ბავშვობაში უფროსი ასაკის მამაკაცებს ახასიათებდათ მანდილოსანთან შეხვედრისას ქედის მოხრა, თავის მოწიწებით დაკვრა და ამგვარად მისალმება. ეს ჩვევა ბატონ რევაზსაც ახასიათებდა.
ამ ჟესტს მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ ახლა, როცა ეს უკვე დეფიციტია, მივხვდი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ დაკარგა. ახალი და კარგი კი ჯერ არ შეუძენია.
რევაზ სილიბისტროს ძე ლორია დაიბადა 1932 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანაში.
1936 წელს მამა გარდაეცვალა. 1941 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. დედის ძმები ფრონტზე გაიწვიეს. მოხუცი ბებია მარტოდ დარჩა. ამ გარემოების გამო, დედა თავის ვაჟიშვილთან ერთად სოფელ ჩიბათში გადავიდა მამისეულ სახლში საცხოვრებლად. 1949–50 სასწავლო წელს რევაზ ლორიამ დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.
1954 წლიდან 1957 წლის ჩათვლით იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1958 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის პიონერთა და მოსწავლეთა სახლის მასიურ მუშაკად, წრის ხელმძღვანელად, რაიონულ გაზეთ „სოციალისტური შრომის” ლიტერატურულ მუშაკად, ადგილობრივ რაიდიოგადაცემათა კორესპოდენტ-ორგანიზატორად, გაზეთ „ლენინის დროშა“”” (მახარაძის რაიონი) კორესპოდენტად.
1965 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის რაიონულ გაზეთ „კომუნისტური შრომის” რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, მოგვიანებით კი ამ გაზეთის რედაქტორად.

მარცხნიდან მეორე: რევაზ ლორია, მესამე _ ვალოდია წულაძე
ბოლო წლებში სხვადასხვა გარემოებათა გამო აიძულეს საყვარელი საქმისათვის თავი დაენებებინა და ემუშავა რაიონის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ.
იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის რაიონული გაზეთის „კომუნისტური შრომის” რედაქციასთან არსებული ლიტერატურის მოყვარულთა კლუბს „კალმოსნობას”, რომლის წევრები ხშირად აწყობდნენ საინტერესო საქალაქო და რაიონული მასშტაბის მხატვრულ ღონისძიებებს.
1962 წლიდან იყო სსრ კავშირის ჟურნალისტთა კაშვირის წევრი, რესპუბლიკური გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის” და „მოლოდიოჟ გრუზიის” შტატგარეშე კორესპოდენტი. მისი ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები, ლექსები და სხვა მასალები 1962 წლიდან იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალებსა დაგაზეთებში. მისი ლექსები შესულია ერთდროულ ალმანახებში „ლილე (1969-1971 წწ.): „გვირილა” (1982 წ.), ჟურნალ „დილას” დამატებაში „აი ია” (1983 წ.).
რევაზ ლორია გარდაიცვალა 1996 წელს.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ნატვრა”, „ხმა მოწვდენილი სიჭაბუკიდან”, „ჩაიხედე, ჩემი გულია სარკეში”, „სიმღერა ზვარში”, „ბავშვი დედამიწის ყვავილია”, „აგერა ვარ ბიჭი”.
გამოუქვეყნებელი დარჩა: ორი რომანი _ „მიწა კოცნია”, „მე დელფინი ვარ, ცხოვრება – ზღვა…” და ერთი ვოდევილი _ „მანეკენები ალაპარაკდნენ”.
ბატონი რევაზი იყო მშვენიერი ოჯახის თავკაცი, ერთგული მეუღლე და ლამაზი შვილების კარგი მამა.
„… და თუ მიპოვნი,
თუ მიპოვნი, –
გულებში მხოლოდ!”
პოეტის შემოქმედებიდან შემთხვევით არ ამოვკრიფე ეს სიტყვები. უაღრესად პატიოსანი და თავაზიანი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სუფთა და მგრძნობიარე გულით ცხოვრობდა.
ოდითგანვე ქართველ კაცს მშობლიური ენა გაუმდიდრებია გულთან დაკაშვირებული სიტყვებით: გულმხურვალე, გულისხმიერი, გულგრილი, გულგახეთქილი, გულდაკოდილი და ა. შ.
ბატონი რევაზიც დიდი ქართველია და აქედან გამომდინარე, თავის ლექსებში ხშირად მიმართავს გულს:
„ვინ ვარ?
აბა ვინ ვიქნები,
ერთი გულის ხმა ვარ”,
„სულ ფრენა ფრენით უვლია
გულს ღუღუნას და პაწიას”.
„რა საღამოა,
ბავშვის გულივით ნათრთოლი”.
„ჩემი ხალხის გულის კედელს
ზურაბივით ჩავეტანო…”
„ზოგი საკუთარ გულიდან იწერს”
შეიცვლება გული და
სახეს დაჰკრავს ვარდობა”.
„გურია –
ჩემი გულია“.
მისი ადრეული ბავშვობა მამის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილთანაა ასოცირებული.
„ჭრელია ცხოვრება, მამაჩემო,
შენს სატირალში მოსული ხალხივით,
რა ვქნა, ეს გული როგორ დავაჯერო,
ეს გული, ღალატის ცხრა ტყვია დახლილი“.
და განუშორებელ სევდად ქცეული პოეტის მთელი შემოქმედების თანამგზავრია.
„ცრემლის ღელედ გადიარეს წლებმა,
დარდის ჭიამ შეხრა გულის ფიჭა…
და ვიღაცამ ადრე დამაწყევლა,
მამის სითბო არ ნახოსო ბიჭმა“.
დაობლებული, ცისფერთვალება უმანკო ბავშვი სასოებით შესცქერის დაქვრივებულ დედას:
„მამის ტვირთი დედის ქედმა ზიდა
ჩამქრალ კერის გაღვიძება სცადა,
თავის სუნთქვით მათრობდა და მზრდიდა“.
თავად მგრძნობიარე პოეტს აოცებს დედის სათნოება:
„დაწვა და
ძილშიაც დარდად ჩაჰყოლია,
რომ საწოლ ოთახში
ნათურა მენთო,
და ისევ არ მძინავს,
ვოცნებობ ჰგონია,
დედას
რა მგრძნობიარე გული აქვს,ღმერთო!“
ბუნებით თავმდაბალი ბატონი რევაზი ყველგან ქედს იხრის, მაგრამ, როცა საქმე მის კუთხესა და საქართველოს ეხება, აქ იგი ფერს იცვლის და მოულოდნელად ძალიან ამაყი ხდება.





