„გურია“ ახალი სეზონისთვის ისევ გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებს [ასევე წაიკითხეთ: მაისაშვილი, იაშვილი, კაპანაძე და სხვები… „გურიას“ ახალი მფლობელები საქართველოს ჩემპიონებს იმატებენ და ლიგა-2-ში გადასვლის გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავენ _ ვინ რჩება ძველი შემადგენლობიდან?]
„გურიას“ კარს 27 წლის ლევან ისიანი დაიცავს, რომელიც ბოლო 6 წლის მანძილზე ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, იყო მისი კაპიტანი. მანამდე კი, „გაგრას“ ღირსებას იცავდა.
ცოტნე ჩოთალიშვილი 24 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. „გურიას“ თბილისის „სპაერიდან“ შეუერთდა. მანამდე კი, ასევე დედაქალაქის გუნდ „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა.
დავით კიკალიშვილი 26 წლისაა და ამპლუით მცველია. იგი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“, ასევე „გაგრასა“ და ბოლნისის „სიონში“, ლიეტუვას მთავარი ლიგაში კი, „დაინავა ალუტუსის“ ღირსებას იცავდა.
„გურიაში“ ითამაშებს გამოცდილი ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა _ „გურიას“ ახალწვეული 35 წლისაა. ისიც თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და ქვეყნის მთავარი გუნდის გარდა უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „ცხინვალში“, საჩხერის „ჩიხურაში“, თბილისის „იბერია-1999“-ში, „გაგრასა“ და „სამტრედიაში“. ასევე კვიპროსის კლუბ „ომონიაში“.
არის საქართველოს ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი, ნათამაშები აქვს 17 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ხოლო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა.





