ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბრობს თემაზე _ რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“, რომელსაც იგი ასწავლის და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან?
გამოცემამ მას ჰკითხა, ხომ არ აქვს მოლოდინი, რომ „მოქალაქობა“ არაფორმალურ განათლებაში შეიძლება გადაიტანონ და ასე შეეცადონ საათობრივი ბადიდან ამოღებას?
ლადო აფხაზავას თქმით, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვან ღირებულებებს უყალიბებს ახალგაზრდებს, მაგრამ „მოქალაქეობის“ ამ სივრცეში გადმოტანით, შესაძლოა უკანა პლანზე გადავიდეს დემოკრატიული ღირებულებები და ადგილი დაუთმონ ფსევდო პატრიოტიზმს.
„ან რომელ ღირებულებებზე უნდა გვესაუბრონ ესენი, როცა ციხეში ჰყავთ ქალი გამოკეტილი იმის გამო, რომ რაღაც ფურცელი გააკრა კედელზე? ან რა ღირებულებებზე უნდა გველაპარაკონ, როცა პატიმარს აფურთხებს პოლიციელი. რომელ ღირებულებებზე მელაპარაკებიან, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვთ მიტაცებული და მართალი დამნაშავედ გამოჰყავთ. ამ ღირებულებებით უნდათ სკოლაში შემოსვლა?
ჩვენ მოსწავლეებს აზროვნებას, ფიქრს ვასწავლით, ვაჩვენებთ სწორ გზას და შემდეგ მისი არჩევანია, რა გზას დაადგება. ერთხელ სიმულაციური თამაშიც გავაკეთეთ არჩევნებზე და ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი მე. სპეციალურად წარვადგინე სუსტი პროგრამა და წავაგე კიდეც არჩევნები, რადგან მოსწავლეებმა მითხრეს, კი ხარ ჩვენი მასწავლებელი, მაგრამ სხვისი პროგრამა უფრო მოგვეწონაო. ამ ბავშვებმა იციან რა არის თავისუფალი არჩევანი და ამ ხელისუფლებას უნდა, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც მორჩილ, თავდახრილ მონებად აქციოს?! ასე არ ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომ, თუ „მოქალაქეობის“ გაუქმებით უნდათ, რომ ეს ღირებულებები წაშალონ, ვფიქრობ, დააგვიანდათ“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
მისი თქმით, პოლიციელის პროფესიის გაცნობაც შეიძლება ბავშვისთვის და სასულიერო პირის შემოყვანაც სკოლაში, თუ ეს ყველაფერი არ არღვევს დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს.
„ყველა ხელისუფლების დროს დაგვყავდა მოსწავლეები პოლიციაში და ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ სახელმწიფო არის დემოკრატიული. მაგრამ ეს ყველაფერი, ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევად არ უნდა გადაიქცეს“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ დაანონსებული განათლების რეფორმის მიუხედავად, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები არ არიან პროცესებში ჩართული და მათ აზრი რეფორმის ავტორებს არ აინტერესებთ.
„ისიც არ ვიცით, რა ფოკუს-ჯგუფები შექმნეს და ვინ მუშაობს სახელმძღვანელოების საკითხზე. მე მსგავსი რამ არ მსმენია, არც არავის უკითხავს ჩემთვის ან სხვა კოლეგებისთვის, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი საგნის სახელმძღვანელო“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
სრულად წაიკითხეთ: „ძირს უთხრიან ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება“ – მასწავლებლები საგან „მოქალაქეობაზე“




