ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„რა სასტიკი ხარ, სიკვდილო… კიდევ ერთი წესიერი, უბოროტო, საუკეთესო ახალგაზრდა ბიჭი _ ბაჩო ხვედელიძე დააკლდა ლანჩხუთს… უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ძალიან მეწყინა… ვუსამძიმრებ ბაჩოს ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“ _ წერს ნინია სოციალურ ქსელში.
ჩვენი ინფორმაციით, 35 წლის ბაჩო ხვედელიძე ნიგოითელი გახლდათ და საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ, მოულოდნელად, ორი დღის წინ, ძილში ინსულტი მოუვიდა და სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა.
„ჩვენი ოჯახის წევრი იყო აქ, პირველად საფრანგეთში მაგათთან ჩამოვედით. განადგურებული ვარ. ისეთ შოკში ვარ, სიტყვაც ვერ დავწერე“ _ გვითხრა ლელა ჩახვაძემ, ლანჩხუთელმა პოლიტიკოსმა, რომელიც წლებია, ემიგრაციაშია.
მისი შვილი თაკო ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „შენ მოგიკვდი, ჩემო ყველაზე გულიანო, თბილო და ტკბილო ბიჭო, ჩემთვის ძმის ტოლფასო. არა – ძმა რომ მყოლოდა, შენზე მეტად უბრალოდ ვერ მეყვარებოდა, არ დავიჯერებ დიდხანს მაინც, არ დავიჯერებ, რომ აღარ ხარ ჩვენთან და დამეხმარო უნდა ამაში. გესმის, კოშმარული სიზმრიდან არ გამაღვიძოთ უბრალოდ“ .
ბაჩოს სხვა მეგობრებიც ემშვიდობებებიან:
„ბაჩო, ჩემო საუკეთესო მეგობარო, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო შენს კარგ ადამიანობაზე, მეგობრობის მაგალითი იყავი და იქნები ჩემთვის, შენ მე უცხო ქვეყანაში ცხოვრება გამიმარტივე, არ ვიცი, იმდენი სათქმელი და მოგონება მაქვს… არასდროს დამავიწყდები და არასდროს დამთავრდება ჩვენი მეგობრობა… ისე მომენატრები ვერ წარმოიდგენ…“; „შენს სულს ვენაცვალე, ბაჩი, ღმერთის საჩუქარი იყავი ჩემთვის… ჩემო მონატრებულო ძმაო, მიყვარხარ და მუდამ გულში იქნები“ _ წერენ ისინი სოციალურ ქსელში.
განსაკუთრებით ემოციურია მასწავლებლის, ლია ჩხაიძის გამოსათხოვარი სიტყვები:
„ბაჩო… სიტყვებს ვერ ვალაგებ… ტირილი მინდა, უხმოდ და ჩუმად… ჩვენი უბნის სანიმუშო ბიჭებს შორის კიდევ მეტად სანიმუშო იყავი, სიკეთის და სიყვარულის ბიჭი…
ჩემ თვალწინ, ჩემი შვილების გვერდით, გაზრდილი და დავაჟკაცებული…
გული მიკვდება, რომ მახსენდება, როგორ პატარა ბავშვივით გიფრთხილდებოდნენ მეგობრები… შენ ათმაგად აბრუნებდი სითბოს და სიკეთეს.
სიცოცხლე გიყვარდა და ჯიუტად იბრძოდი ჯერ აქ, მერე იქ, სადაც ზოგჯერ სასწაულებს ახდენენ… ჩვენც ველოდით ამ სასწაულს… არ ვიცი, იქნებ ვერ გიმეტებდით?
თავზარდამცემი ჰქვია ამ ამბავს და ძნელი გადასატანია.
ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს, განსაკუთრებით შენს დედიკოს, რომელმაც მიატოვა ყველაფერი და სიცოცხლის ბოლო წლებიც გაგითბო და გაგილამაზა… ვუსამძიმრებ ჩვენს ბიჭებს, გოგოებს… ვიცი, ახლა რასაც გრძნობენ და განიცდიან. მთელ სამეზობლოს ვუსამძიმრებ, რომელმაც კარგად აღზრდილი, საიმედო ახალგაზრდა კაცი დაკარგა…
მშვიდად განისვენე… შენ აქვე დაიმსახურე სასუფეველი“ _ წერს ლია მასწავლებელი სოციალურ ქსელში.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ბაჩო ხვედელიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




