„სისათუთე ზღაპარი ეჭირა ამდენ დედას ხელში. ისე დავაპურე ჩემი დაჩი-ბიჭი, ღვთისმშობლის მეტს არავის შეუნიშნავს…“ _ სოფიო ჩხაიძის ნათელ-მირონობის ლამაზი ამბავი

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სოფიო ჩხაიძე, ნათლისღება და პატრიარქის საყოველთაო ნათლობა

„გურია თუდეი“ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს და გთავაზობთ ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და ძვირფასი ლანჩხუთელის, სოფიო ჩხაიძის კიდევ ერთ ჩანახატს, სადაც იგი ნათელ-მირონობის ლამაზ ამბავს გვიყვება:

„მატარებელი დილით გადიოდა სადგურიდან.. ერთ დღეში უნდა ჩავტეულიყავით – წასვლა, მონათვლა, დაბრუნება.. საშინლად ციოდა. ნესტიანი დასავლეთის მწკლარტე სიცივე დედაქალაქში გავიყოლეთ. ოთხი თვის ჩვილი ჩემ გულთან მოუცილებლად, გატრუნული მგზავრობდა. გზაში ერთი ორჯერ დააცემინა და სულ ეს იყო. აქ მონათლე, არ გააცივო, ნუ ხარ ჯინიანი – მატარებლის დუგ-დუგში იფანტებოდა ჩაძახებული სტრიქონები.. დროდადრო მეც ვაკივლებდი მატარებლის ხმებში – პატრიარქი ნათლავს, პატრიარქი ნათლავს, პატრიარქი ნათლავს.. და ოხშივარი ცაში ადიოდა..

სამების ტაძრის სისავსე მოულოდნელი არ იყო, მაგრამ რიგში ნათლია-მოსანათლების, დედების, მამების, დების და ძმების სიმჭიდროვემ თავისი ქნა და სული ტანთან  ერთად შევიწროვდა. მარტო ვდგავარ ჩემ ჩვილთან ერთად შუა ხალხში,  ჩვილებში, მესამე, მეოთხე შვილად გაჩენილებში. რძის სუნი ტრიალებდა დარბაზში.. სისათუთე ზღაპარი ეჭირა ამდენ დედას ხელში. ისე დავაპურე ჩემი დაჩი-ბიჭი, ღვთისმშობლის მეტს არავის შეუნიშნავს.. ბოლოს სამოსზე წამოწუწულმა რძის წვეთებმა და ჩვილის პირის ტკპარუნმა კი გამცა და დანაშაულზე წანასწრებივით უხერხულად ჩავისწორე რძეშეწოვილი პერანგი.

იმ დღეს 2000 ჩვილი დაასველეს სანათლავ წყალში. 2000-მა ნათლიამ აიკიდა ტვირთი სატარებელი. მე მხოლოდ პატრიარქს მივამაგრე სალოცავად და დასაცავად ჩემი ბიჭი.

არზა, სადაც პატრიარქმა მის ნათლულს უსახსოვრა ასე იწყება – ჩემ ნათლულს დაჩი ნაკაიძეს..

და არის დალოცვა ჩვილისა, მირმქმელისგან.. საოცარი და დიდებული.

უკან გამოსაბრუნებლებს მატარებელი გველოდა, გაგეცინებათ და მართლა გველოდა. მომსწრე კიდევ ერთი კარგი ამბისა, მასაც უხაროდა ჩემი სიხარული  და მთელი გზა იმეორებდა: დაჩი მოინათლა, დაჩი მოინათლა, დაჩი მოინათლა.

P.S. 17 წლის წინ, ნათლისღება დღეს, ამხელა ამბავი ჩავატიეთ და არ მეთქვა?

ნათლისღებას გილოცავთ!“ _ წერს სოფიო სოციალურ ქსელში.

ჩვენც ვულოცავთ, მას, მის ლამაზ ოჯახსა და ყველა მართლმადიდებელს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!