„ჩვენი მზის ქვეშ, მე ლანჩხუთი მთელს ქვეყანას მირჩევნია, აქ წარმოვთქვი სიტყვა დედა, გულს მალამოდ მიფენია…“ _ ვალოდია წულაძის „სიყვარული თუ არის, იყოს ყოველდღიური“

|

Loading

მარცხნიდან: ჭიპილია _ ბადრი ბეგალიშვილი, იპოლიტე _ ვალოდია წულაძე, აბესალომი _ ვახტან ნინუა (კადრი ფილმიდან „ჩარირამა“)

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა!

ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ფონდში დაცულია ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენლის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის – ვარლამ (ვალოდია) ეპიფანეს ძე წულაძის ლექსები. 

როდესაც ვკითხულობთ ბატონ ვალოდიას ლექსებს, რომელიც, არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მის მიერ შესრულებული როლები, თვალწინ წარმოგვიდგება ლანჩხუთსა და თეატრზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომლის შემოქმედებაც სავსეა ღრმა ჰუმანიზმითა და კაცთმოყვარეობით.

***

ლანჩხუთის შესახებ იგი წერდა:

ლანჩხუთი

ჩვენი მზის ქვეშ,  მე ლანჩხუთი

მთელს ქვეყანას მირჩევნია,

აქ, წარმოვთქვი სიტყვა დედა,

გულს მალამოდ მიფენია.

აქ, მასწავლეს დედა ენა,

მიმღეროდა ნაზი ია,

აქ, შევმჯდარვარ ჩალის ცხენზე

და მთელი დღე მიფრენია.

მერცხლის ბუდე რომ დავშალე,

მამამ წკეპლა მომიქნია,

დროც გაფრინდა მერცხალივით,

წვერში თეთრი შემერია,

მაგრამ ლანჩხუთი კვლავ მიყვარს,

მისი სითბო მომერია,

აქ, მასწავლეს,

თუ რა რიგად უნდა კაცის შეყვარება,

და მანამდე მეყვარება, ვიდრე დამიხუჭავს თვალი,

აქ, მასწავლეს,

სიმართლისკენ მიმავალი გზა და კვალი.

***

თეატრის მიმართ ვალოდია წულაძეს ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდა. თეატრი მისთვის იყო ტაძარი ,,სულის სიწმინდის კერა“, რომელსაც ეთაყვანებოდა  და სადაც ბოლომდე იფერფლებოდა. ამიტომაც, მთელის გულწრფელობით წერდა:

,,თეატრის ძალა დიდია,

ნათელ მომავლის ხიდია,

თეატრი გულის ძგერაა,

სიცოცხლის აღმაფრენაა,

განცდების მხნე სიმღერაა,

სულის სიწმინდის კერაა,

სუნთქვა არის თუ ბგერაა,

ტკბილი ჰანგების ჟღერაა,

თეატრი მთელი ერაა“.

***

საინტერესოა, მისი  ლექსი ,,ყოველდღიურობა“, სადაც იგი, მხოლოდ სიყვარულისა და მზის ყოველდღიურ აუცილებლობაზე საუბრობს.

ყოველდღიურობა

ყოველდღიურ სასწაულს,

სასწაული არ ჰქვია,

ყოველდღიურ ჭირ-ვარამს,

ჭირ-ვარამი არ ჰქვია.

თუ სულ ვილაპარაკეთ,

რაღა ლაპარაკია?

ტვირთი ყოველდღიური,

არც ისეთი მძიმეა,

ყოველდღიურ ცრემლების,

არავის სწამს სრულიად.

გამუდმებით სიცილი,

აბა, რა სიცილია.

ყოველდღიურ სუფრაზე

 ტყუილები იციან.

ფული ყოველდღიური,

განა მართლა ფულია.

მაღალ ცაზე ყოველდღე,

მზეა დაკიდებული,

მზეა ყოველდღიური,

თბილი და დიდებული.

და ვყვირივარ ხმამაღლა,

როგორც გიჟი ტყიური,

სიყვარული თუ არის,

იყოს ყოველდღიური“

როგორც ხედავთ, ბატონი ვალოდია გახლდათ პიროვნება, რომლის არსებაში ერთმანეთს ერწყმოდა უბადლო სამსახიობო ოსტატობა და პოეზიის მძაფრი სიყვარული. იგი დაჯილდოებული იყო მრავალმხრივი ნიჭით და როგორც რჩეული,  საზოგადოებაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

მაია ჩხაიძე, მუზეუმის მენეჯერი