„მენატრება ბებურაის გორაზე ფეხბურთის თამაში, ვარდენა კვაჭაძის დაყენებული ადესაი, ნაკვესები რომ გაქონდა, იმფერი და ლილი დეიდაის ყაურმა… აი სამი ავარჩიე ახლა, თვარა ისე დილამდე ვერ დათლი…“
მთელი ბავშვობა სოფელ ჭინათში გაატარა, დღესაც სიხარულით იხსენებს სოფელს, ბებოს, ბავშვობის მეგობრებს და ფიქრობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება. ენატრება აქაური ყველაფერი, რაც ბავშვობიდან ახსოვს.
წარმოშობით ლანჩხუთელი მეცნიერი ავთო გოგიჩაიშვილი უკვე 27 წელზე მეტია, საქართველოდან შორს მოღვაწეობს, მექსიკაში ცხოვრობს და იქ ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. არის მრავალი პუბლიკაციის თუ ნაშრომის ავტორი, რამდენიმე ქვეყნის აკადემიკოსი, თუმც ამჯერად მისი სამეცნიერო მოღვაწეობაზე არ მოგითხობთ, ჩვენი საუბარი გურიას და აქაური მხარის მონატრებას შეეხება.
ავთოს ძმა, ყველასათვის ნაცნობი დავით გოგიჩაიშვილია _ ცნობილი იუმორისტი, სერიალ „შუა ქალაქის“ ერთ-ერთი შემქმნელი და გადაცემა „ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი.
ავთო ხუმრობს საკუთარ ძმაზე: _ მე მსოფლიო მეცნიერებას შევეჭიდე და ის ჩემზე უფრო ცნობადიაო.
მისი უახლოესი მეგობარი სოსო გოგიჩაიშვილი იხსენებს, რომ საოცარი ბებია ჰყავდა: „როცა გალიჩქა გოგლი-მოგლს გააკეთებდა, ნახევარი ჩემი იყო. ასე ერთად ვიზრდებოდით მე და ავთო. საოცრად უყვარს გურია და სოფელი ჭინათი. მახსოვს, მისი ბიძა ტარიელ აფხაზავა რომ გარდაიცვალა, ძალიან განიცადა. მექსიკაში იმყოფებოდა და იმდენი მოახერხა, რომ დაკრძალვაზე ჩამოვიდა. ასეთი დიდი გულის კაცია ავთო, რომელიც ცოტა ხნის წინ 50 წლის გახდა“.
„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ავთო გოგიჩაიშვილთან სწორედ ბავშვობით დავიწყეთ:
_ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, რითი იყო გამორჩეული თქვენი ბავშვობა?
_ ნახევარი საუკუნის გადასახედიდან ნათლად ვხედავ უდარდელი ბავშვობის შეუდარებელ წლებს. სკოლამდელი ასაკი მთლიანად და შემდგომ ნებისმიერი არდადეგები სტუდენთობის პერიოდის ჩათვლით უკავშირდება ჩემს უსაყვარლეს ჭინათს, მის განუმეორებელ და უკეთილშობილეს მაცხოვრებლებს, ჩემს სიყრმის მეგობრებს, ჩემს გამზრდელ ბებიას ….
_ თქვენი ბებია, გალიჩქა კვაჭაძე, დღესაც ძალიან ბევრს ახსოვს სოფელ ჭინათში. რას გაიხსენებდით მასზე…
_ ბებიას მთელი ცხოვრება არის გმირობის საოცარი მაგალითი. მეორე მსოფლიო ომის დუხჭირ და ქაოსურ წლებში, სრულიად ახალგაზრდას, გურულები რომ ვიტყვით – თვითონ ბაღანას, მოუხდა ორი თვის მამაჩემის გაზრდა (ბაბუა, ალისტრახო დავითის ძე გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, 1943 წელს დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან) და იმავდროულად ას წელს მიტანებული ჩემი დიდი ბაბუის მოვლა პატრონობა. მისი წვლილი ჩემი და ჩემი ძმის აღზრდაში შეუფასებელია.
_ დედით და მამით გურული ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
_ ეს რჩეულთა ხვედრია! მარტო დედით ან მამით რომ იყო გურული, მაინც კარგია, მაგრამ ორივე მხრიდან საერთოდ სასწაულია! ასე რომ, „მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით ჩემო ედემო“.
_ ბავშვობის ბევრი მეგობარი გყავდათ და გყავთ გურიაში. გამოვყოფთ გოჩა ბერიძეს, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვილია, სოსო გოგიჩაიშვილმა 50 წლის იუბილე ,,გადაგიხადათ“ ჭინათიდან მექსიკაში. რას გვეტყვით მეგობრებზე და „სკაიპით“ გადახდილ იუბილეზე?
_ როგორც შესანიშნავი მწერალი გოდერძი ჩოხელი ამბობს ჩემეული პერიფრაზით „ცხოვრება სევდაა, ამ ქვეყნად ყოფნის სევდა. სიკვდილიც სევდაა, ოღონდ ამ ქვეყნად არ ყოფნის“. გოჩა ბერიძე დიდი სულის, მუდამ სიკეთის მატარებელი, სპეტაკი ადამიანი იყო. იგი გახლდათ ჩვენი ბავშვობის ლიდერი, ჭკუის საკითხავი ადრეული ასაკიდან. უდიდეს სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს მისი შვილების ყოველი წარმატება, რასაც სოციალურის ქსელების მეშვეობით ვიგებ.

„მომიტევეთ და ეს თემა გადავდოთ – დღეს რიგით ჭინათლად ვრჩები ბოლომდე“
აქვე უნდა მოვიგონო ჭინათის დიდი დანაკლისი – უკეთილშობილესი ადამიანი, ტრაგიკულად დაღუპული ჯამბული კოლიას ძე სულაბერიძე. მოწიწებით და რუდუნებით ვიხრი ქედს მათ წინაშე. დაე, ეს მაგისხელა კურცხალი, ლოყაზე გადმოგორებული, მათი შესანდობარი ყოფილიყოს!
„რა ავი ზნე სჭირს სიკვდილსა
არც არა აიწონება,
მას გამოარჩევს ვაჟკაცსა
რომელიც მოეწონება!“
მე და სოსო გოგიჩაიშვილი ერთად გავიზარდეთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ორი თვეა ჩვენს შორის განსხვავება. ასე რომ, 50-ს ვუკაკუნებთ ორივე უკვე ცოლშვილით დახუნძლულები. საუცხოო სიურპრიზი მომიწყო პირდაპირი ჩართვით დედამიწის ცენტრიდან ანუ ჭინათიდან და ამდენი ხნის მონატრებული ჩემი სათაყვანო მეგობრები და თანასოფლელები მანახა. ასეთი მომენტებისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება. ახლა იმას ვფიქრობ, სამაგიერო როგორ გადავუხადო 25 იანვარს.
_ პროფესიის არჩევაში ვინ იქონია განსაკუთრებული გავლენა ოჯახიდან?
_ ჩემი ზუსტი მეცნიერებებისკენ მიდრეკილება ცხადია ჩემი დედულეთიდან მოდის. ბაბუა ამბროსი აფხაზავა და ბებია ქრისთინე (ჩიტო) ტუღუში ორივე მათემატიკის უზადო მასწავლებლები იყვნენ. კარგად მახსოვს, როგორ ამაყობდნენ, როცა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემათიკურ სკოლაში ჩავირიცხე. განსაკუთრებით ამაყობდა ბიძაჩემი, იმ დროისთვის, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მშენებელ-ინჟინერი ტარიელ აფხაზავა – ჩემი უსაზღვრო და აუწონელი ტკივილი. ბედნიერებაა, რომ მისი ორი ლომი, ნიკოლოზი და საბა ღირსეული გამგრძელებლები არიან.
_ თქვენი ძმა, ცნობილი სახეა, ძალიან პოპულარულია. ერთგან გითქვამთ, მთელი მსოფლიოს მეცნიერებას შევეჭიდე და დათო ჩემზე პოპულარულიაო. რას გვეტყვით მასზე?
_ დავითი განსაკუთრებული ნიჭით დაგილდოებული კაცია. სიამოვნებით ვაღიარებ, რომ მისი ინტელექტუალური კოეფიციენტი გაცილებით აღემატება ჩემსას, რადგან მისი ნიჭი მრავალწახნაგიანი და ამდენად უნიკალურია მუსიკის ჩათვლით.
_ სტუდენტობის დროს ფეხბურთსაც თამაშობდით, უეფას მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიას მიერ დაარსებულ სპორტულ ჟურნალისტთა კლუბ ,,ჩემპიონში“…
_ სიმართლე უნდა ითქვას ჩემი სპორტული ჟურნალისტობა უფრო გატაცება იყო და არაფერი საერთო არ ქონდა პროფესიონალიზმთან. მიუხედავად ამისა ამ საქმიანობამ ბევრი საყვარელი მეგობარი შემძინა. იმ ურთულეს წლებში განსაკუთრებით დარბაზის ფეხბურთი გვიტაცებდა, რაც საშუალებას გვაძლევდა სამოქალაქო ომის პერიპეტიები გადაგვეტანა. იმ დროს ეს არ იყო პატარა ამბავი. დიდ ფეხბურთში კი მაშინდელი საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგასაც წავეპოტინეთ. იმედი მაქვს, ეს ფაქტი ქართული ფეხბურთში დაფიქსირებული დარჩება.

მარცხნიდან პირველი: დგას თემურ ჩხაიძე, ზის _ ავთო გოგიჩაიშვილი
მახსენდება ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, როცა ჩემი ბავშვობის გმირების ლეგენდარული ოთარ გაბელიას, რეზო ძოძუაშვილისა და „გურიას“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, თეიმურაზ ჩხაიძის წინააღმდეგ მომიწია თამაში.
_ თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობა რას სფეროს მოიცავს და როგორ ვითარდება?
_ მომიტევეთ და ეს თემა გადავდოთ – დღეს რიგით ჭინათლად ვრჩები ბოლომდე.
_ მეუღლე სად გაიცანით და შვილებზე მოგვიყევით?
_ მეუღლე, სელია კაბაიერო მეხიკოს უნივერსიტეტში გავიცანი, ის ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს. შეიძლება უკვე ნახევრად ქართველადადაც ჩაითვალოს, რადგან ხაჭაპურს უკვე პროფესიონალურ დონეზე აკეთებს და კეცზეც დიდებულად აკრავს მჭადს. ქალიშვილი მაია გოგიჩაიშვილი-კაბაიერო 12 წლისაა და მეშვიდე კლასის მოსწავლეა – ძალიან გავს ლალი ბებიას ყველა ასპექტში. ვაჟი, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი-კაბაიერო ეკონომეტრიის (გამოყენებითი მათემატიკა ეკონომიკაში) მეორე კურსის სტუდენტია. იმავდროულად მასში იფეთქა დავითის გენმა და პარალელურად ადგილობრივ ტელევიზიაშიც მუშაობს.
_ მშობლების შესახებაც გვითხარით. მამა პროფესორია და დედა ექიმი, როგორც ვიცით.
_ დედა, ლალი აფხაზავა – ცნობილი პედიატრი, ინფექციონისტი, მაღალი დონის პროფესიონალი. მამა – თამაზ გოგიჩაიშვილი – თსუ-ს ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი – მრავალი თაობის აღმზრდელი და დამკვალიანებელი, ამასთანავე ლესა-ჭინათის მემატიანე. მან თავისი წიგნებით არამატერიალური ძეგლი შეუქმნა ჩვენ სოფელს.

„ყველა ნამდვილი გურულის მოვალეობაა თავის კუთხეში დაბრუნება. ეს ჩემმა მეუღლემ და შვილებმა კარგად იცინ“
_ ყველაზე მეტად აქაური რა გენატრებათ?
_ ბებურაის გორაზე ფეხბურთის თამაში. გამგები გამიგებს… ვარდენა კვაჭაძის დაყენებული ადესაი, ნაკვესები რომ გაქონდა, იმფერი და ლილი დეიდაის ყაურმა. აი სამი ავარჩიე ახლა, თვარა ისე დილამდე ვერ დათლი…
_ რას ნიშნავს თქვენთვის გურულობა და აპირებთ თუ არა დაბრუნებას საქართველოში, მშობლიურ სოფელში?
_ ყველა ნამდვილი გურულის მოვალეობაა მის კუთხეში დაბრუნება საბოლოოდ. ეს ჩემმა მეუღლემ და შვილებმა კარგად იციან და დისკუსიას არ ექვემდებარება.
_ როგორც ვიცით, 6 უცხო ენა იცით. სხვებს თუ აცნობთ, გურულ დიალექტს?
_ როცა მშობლებმა 23-ე ფრანგულ სკოლაში შემიყვანეს, თავიდან „ვჯუჯღუნობდი“, რადგან ინგლისური იყო მაშინ და დღესაც წარმატების საწინდარი. რა ვიცოდი, რომ ასე გამომადგებოდა, როცა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებისთვის. შემდეგ სხვა ენებიც შემომესწავლა, მაგრამ გურული არათუ დამვიწყებია, არამედ დღითიდღე ვაღრმავებ და ვხვეწავ.
_ სოფელ ჭინათზე როცა მიდის საუბარი, რა განცდას იწვევს თქვენში?
_ წარმომიდგება თვალწინ მისი უკეთილშობილესი, უბოროტო, მშრომელი ხალხი. მამამ თავის წიგნებში ბევრი საოცარი, აწგარდაცვლილი ადამიანი გააცოცხლა. მარტო ვარდენ კვაჭაძის უსაზღვრო იუმორით და უდიდესი ლიტერატურული ნიჭით გაჟღენთილი ამბების გადმოცემა და უკვდავყოფა რად ღირს. მოგეხსენებათ, ცხოვრება სევდაა… განსაკუთრებით ემიგრანტის თვალით დანახული…
ლაშა სარჯველაძე





