3 დირექტორი, 80 პედაგოგი, 1100 მოსწავლე… ლანჩხუთის სამუსიკო სასწავლებლის 60 წლის შედეგები

|

Loading

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა

ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაარსდა 1959 წელს, რომლის პირველი დირექტორი დაარსების დღიდან იყო მარიკა ორაგველიძე, 1993 წლიდან _ მარინე ტუღუში, 2008 წლიდან სკოლას მაია ჩავლეიშვილი ხელმძღვანელობს.

2007 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, 2008 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. 2015 წელს შევიდა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში, 2018 წლიდან არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანებაში.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში 1959 წლიდან სწავლება იყო 7-წლიანი, 2007 წლიდან კი _ 6-წლიანია. ამჟამად სკოლაში სწავლობს, როგორც ქ. ლანჩხუთის, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 160 მოსწავლე.

სამუსიკო სკოლა მოსწავლეებს აძლევს დაწყებით სამუსიკო განათლებას: მუსიკის სამყაროსთან ზიარებით.

სამუსიკო სკოლაში მოსწავლეები სწავლობენ ფორტეპიანოზე დაკვრას, მუსიკალურ ცოდნას იღრმავებენ სხვადასხვა სამუსიკო ჟანრში: კლასიკურ, ვოკალურ, ფოლკლორულ ჯგუფებში.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დირექტორები, მარცხნიდან: მარიკა ორაგველიძე, მარინე ტუღუში და მაია ჩავლეიშვილი; დღეს სკოლაში 23 პედაგოგი მოღვაწეობს: ფორტეპიანო _ მაია ჩავლეიშვილი, მარინე ტუღუში, ლალი გავაშელაშვილი, რუსუდან სიხარულიძე, ნანა მგელაძე, ლილი იმნაძე, ნანა გოგოძე, მადლენა იმნაძე, ცისანა მექვაბიშვილი, ნინო ლომაძე, მზია დუნდუა, მარინა მჟავანაძე, მაია ფირცხალაიშვილი, ეთერ კუნჭულია, ნაზი ჩერქეზია, ლელა ზენაიშვილი, გალინა კერხანოჩიევა, თამარ ხითარიშვილი; სოლფეჯიო _ მაია კუკულაძე; მუს. ლიტერატურა _ თინათინ ზენაიშვილი; კლასიკური ვოკალი _ ლალი გავაშელაშვილი; ვიოლინო _ ლიანა ურუშაძე; გიტარა _ გიორგი მურვანიძე; ფოლკლორი _ ირინა ღვინჯილია

სამუსიკო სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ სარაიონო ღონისძიებებზე. მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის ტარდება დახურული და ღია კონცერტები, თემატური საღამოები მიძღვნილი დედისა და ქალთა დღისადმი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი, საახალწლო და საშობაო საღამოები, პედაგოგთა კლასის კონცერტები მშობელთა წინაშე, წლის ბოლოს კი _ საანგარიშო კონცერტი.

2014 წლიდან, მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა წარმატებულად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურს-ფესტივალში _ კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურს-ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ (დამფუძნებელი და ჟიურის თავმჯდომარე ნინო კუპატაძე), დასავლეთ საქართველოს ხელოვნების „სენაკი არტ ფესტივალი“ (დამფუძნებელი და ჟიურის თავმჯდომარე, მუსიკის დოქტორი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი). ხუთი წლის მანძილზე, ფესტივალებზე წარმატებული მონაწილეობისათვის 25-მა მოსწავლემ საპატიო დიპლომი, 12-მა კი _ საპატიო სიგელი დაიმსახურა.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლას არაერთი ნიჭიერი თაობა აღუზრდია, მათ შორის ბევრი წარმატებულად მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში და წარმოაჩენს ყველგან საქართველოს.

60 წლის მანძილზე ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა დაამთავრა 1100-მა მოსწავლემ, აქედან 47-მა კი, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სასწავლებელი. ექვსმა მათგანმა მიიღო უმაღლესი სამუსიკო განათლება.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში სხვადასხვა დროს 80 პედაგოგი მოღვაწეობდა.