ბაღნებს უთხარი, დედიკოი ფეხბურთზეაო… ჯურუყვეთელი და ჩოჩხათელი ციცების დაპირისპირება სა(მზარ…)ჯარიმოში [+ფოტო/ვიდეო]

|

Loading

ჯურუყვეთელი და ჩოჩხათელი დედების სამახსოვრო ფოტო

ლანჩხუთის ერთმა ლამაზმა სოფელმა გამორჩეულ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა: ჯურუყვეთში, ადგილობრივი და ჩოჩხათელი დედები ერთმანეთს არა სამზარეულოში, არამედ საფეხბურთო მოედანზე გაეჯიბრნენ.

„ბავშვებს უთხარით, დედა ფეხბურთზეა“ _ ამ დევიზის ქვეშ გაერთიანდა 20-მდე დედა და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს ჯერ ჩოჩხათში მისულ „მაყურებელს“, თუმცა უფრო თვალსასეირო ჯურუყვეთული შეხვედრა გამოდგა.

მოედანზე ისე „დაცხა“, ლამის ხაჭაპურისთვის გაცხელებული ღუმელის ტემპერატურას გაუტოლდა. მეკარესაც გეგონებოდა, სამზარეულოს მოუხერხებელი ხელთათმანის ნაცვლად მეკარისა ეკეთა _ ისე იგერიებდა ბურთებს. ვერ ეტყოდი, ცხელი ჭადი ხომ არ ეჭირა ხელში და ბურთს კი არა, ტაფიდან გადმოხტომას უშლიდა ხელს.

ნახეთ ალბომი: დედების საუკეთესო ფინტები და ემოციები გელა პატარაიას ფოტოობიექტივში

მატჩის დასაწყისიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს უბრალო ფეხბურთი არ იქნებოდა _ ორივე გუნდი საქმეს ისე სერიოზულად შეუდგა, თითქოს საქორწილო სუფრას ამზადებდნენ და მოედანზე ისეთი „შეტევა“ გაჩაღდა, გეგონებოდა, ვიღაცამ ქვაბს თავსახური მოხადა და ყველაფერი ადუღდა.

იყო გამამხნევებელი შეძახილები, მაგრამ დედებს არავინ „ახსენებდა“ _ „ცა, ხაჭაპური დეიწვა“, „ლობიე გადმევიდა ჩახანაიდან“, „ჭადი ტაფაზე მიეკრა“ და ასეთებს.

პირიქით, დედები თავად იყვნენ „შეტევაში“. პასები ხან ზუსტად „მოიხარშებოდა“, ხან ბურთი ისე გადადიოდა ერთი ფეხბურთელიდან მეორეზე, როგორც ოჯახურ სუფრაზე თეფში ხელიდან ხელში. ერთი-ორი პასი კი იმდენად „შეკმაზული“ იყო, მეტოქემ მისი გემოს გაგებაც ვერ მოასწრო.

ჯურუყვეთის (ზემოთ) და ჩიჩხათის დედების გუნდები

იყო მჭიდრო დაცვაც _ ისეთი, კარში შეღწევას ბურთი კი არა, კოვზიც ვერ მოახერხებდა. დედები ბოლომდე იბრძოდნენ და ბურთს ისე ეკიდებოდნენ, როგორც _ ღუმელში შედგმულ ხაჭაპურს დაჰფოფინებენ თავზე!

იყო კუთხურები, საჯარიმოები, სწრაფი შეტევები და ისეთი ორთაბრძოლები, რომ ზოგჯერ ვეღარ გაიგებდი _ საფეხბურთო მოედანზე იყვნენ თუ სუფრაზე, სადაც ბოლო ნაჭერი ხაჭაპურის გულობიზა მიდიოდა ბრძოლა.

ამ დღეს ბურთისთვის ბრძოლა ცალკე ამბავი იყო. მისთვის ისე იღწვოდნენ, როგორც დიასახლისი მიმწვარი ფირფიტის აღებას „ფოდნოსიდან“ ცდილობს. თუ მოედნის რომელიმე მონაკვეთზე ბურთი აღმოჩნდებოდა, ორივე მხარე იქვე იყრიდა თავს _ გეგონებოდა, ახალგამომცხვარი ლობიანი გამოვიდა ღუმელიდან და ყველა პირველი ნაჭრის აღებას ცდილობდა.

ჯურუყვეთში არ მოქმედებდა ფრთიანი ფრაზა _ „ქალი ვიცი მე კუხნაში“. თუ ორი ქალი ერთ სამზარეულოში „ზედმეტია“, საფეხბურთო მოედანზე ეს საერთოდ არ იგრძნობოდა: აქ 20-მდე დედა თავისუფლად დაეტია და თან ისეთი ტემპით „ამზადებდნენ“ ფეხბურთის ტორტს, „საფეხბურთო კონდიტრებსაც“ შეშურდებოდათ.

დედებმა დაამტკიცეს: თუ საჭირო გახდა, ხაჭაპურსაც მოზელენ, ლობიანსაც გამოაცხობენ, ჭადსაც დააცხობენ და საჭიროების შემთხვევაში, მეტოქის დაცვასაც „გვერდებს შეუწვავენ“.

ნახეთ ვიდეო: ისე, როგორც ბოლო ნაჭერი ხაჭაპურისთვის _ ჯურუყვეთელი და ჩოჩხათელი დედების “საფეხბურთო ომი”

„მესამე ტაიმში“, უკვე სამზარეულოსა და ფეხბურთის საზღვარი საბოლოოდ გაქრა. სუფრასთან გაგრძელდა დედების „ომი“ _ ამჯერად ბურთის ნაცვლად ჩანგლები ეჭირათ, პასების ნაცვლად კი თეფშები გადადიოდა ხელიდან ხელში. დედები ერთმანეთის კულინარიულ შედევრებს აგემოვნებდნენ და ამჯერად უკვე მთავარი კითხვა იყო არა ის, ვინ გაიტანა გოლი, არამედ _ ვის „შეტევას“ ჰქონდა უკეთესი გემო.

ასე დასრულდა ლამაზი საღამო, სადაც ჯერ ბურთს დასდევდნენ, მერე კი ერთმანეთს კერძებში ეჯიბრებოდნენ. 2:0 მოიგეს მასპინძლებმა, მაგრამ ანგარიში არც იყო მთავარი: ყველა დედამ თავისი საქმე „გააკეთა“ _ ფეხბურთის მოედანზეც იბრძოლა და სუფრასთანაც საკუთარი კულინარიული „ტაქტიკა“ წარმოაჩინა.

მათ დაამტკიცეს, რომ სამზარეულოში ფუსფუსის გარდა საფეხბურთო მოედანზე „ბრიალიც“ ჩინებულად გამოსდით, პასის გაკეთებაც შეუძლიათ, კარში დარტყმაც, ბურთის მოგერიებაც და, რაც მთავარია, ერთმანეთისთვის დაუვიწყარი საღამოს „მომზადებაც“.

გაიცანით დედიკოები, რომელთაც ყველაზე მეტად შვილები ქომაგობდნენ:

ჯურუყვეთი: ელიკო თოიძე, ანა მანჯავიძე, მარი ჯაფოშვილი, მარი მურვანიძე, ნათია აფხაზავა, ნონა მიქავა, მარი დობორჯგინიძე, თათია აფხაზავა, ნატა გოქაძე, ეკა დობორჯგინიძე და ნათია მიქავა.

ჩოჩხათი: ნათია ვადაჭკორია, შორენა გურგენიძე, ირინა კეთილაძე, თამუნა ჯორბენაძე, ნანა ბართია, მარი გოგოლიძე, სონა კუპატაძე და ლიკა მენაბდე.