„19 წლისა ვიყავი, 20 არ გადამეხადა“- ერთად წავიდნენ ბაღში, სკოლაში, სამშობლოს დასაცავადაც და ერთად დაიღუპნენ…

|

Loading

ერთად წავიდნენ ბაღში, სკოლაში... ომში...

„თავგანწირვით იბრძოდნენ… ტყვია-წამალი გამოლევიათ და ალყაში მომხდარა რამდენიმე ბიჭი. ერთად დაცხრილეს და მიწაში ერთად ჩაყარესო, ასე ჰყვებოდა მათი უფროსი, რომელიც ჩამოსვენების შემდეგ დასაფლავებამდე არ წასულა. ერთ დღეს დაასაფლავეს ტყვიების ზუზუნით, საზარელი დღე იყო…“

ლანჩხუთელ გმირ ბიჭებზე უნდა გიამბოთ _ ნიკა იმნაძე და პაატა პაპიძე 1993 წლის 3 ივლისს სამშობლოსათვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ისინი 20 წლისაც არ იყვნენ. აფხაზეთში გმირულად დაიღუპა კიდევ ერთი წყალწმინდელი _ დავით რამიშვილი. მასზე სტატია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3CeZdHP

…1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5-ის ნახევარზე, რუსულმა სამხედრო ხომალდმა სოფელ ტამიშის მისადგომებთან დაახლოებით 600 კბილებამდე შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი საზღვაო დესანტი გადმოსხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო, დესანტზე საკმაოდ სწრაფი და ორგანიზებული რეაგირება განხორციელდა. იმ ნაწილებისთვის, რომლებიც მათ პირველები შეხვდნენ, ეს გამანადგურებელი აღმოჩნდა. დიდი ზარალი ნახა ჩოლოყაშვილის ბატალიონმა და წითელაშვილის „ავაზამ“. პარალელურად შეტევა დაიწყო ზემო მხრიდან, ლაბრის მიმართულებით, სადაც დუშეთის ბატალიონის ბიჭები იყვნენ. მათ საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი დახმარების არანაირი საშუალება არ იყო, დაჭრილების ევაკუაციაც კი ვერ ხერხდებოდა.

ნიკა, პაატას მსგავსად, მხოლოდ 19 წლის იყო…

დაახლოებით, 10-სა და 11 საათს შორის პირველი კორპუსის სარდლობამ სასწრაფოდ მოახდინა ბაბუშერადან სადესანტო-საშტურმო ბატალიონის ჩვენს პოზიციებზე გადმოსროლა. ამან საშუალება მისცა ქართულ ჯარს, ხაზი შეეკრა და ჩვენს მეომრებს პოზიციები აღარ დაუთმიათ. შეიძლება ითქვას, რომ დესანტზე რეაგირება საკმაოდ პროფესიონალური იყო. ბრძოლაში ჩართული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ქვედანაყოფი. დესანტის მოსაგერიებლად თავდაუზოგავად იბრძოდა ქართული არტილერიაც. ბრძოლა 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უდიდესი მსხვერპლის ფასად (ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300 მეომარი დაკარგა), დესანტის მოგერიებით დასრულდა. 11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა.

ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის – 1993 წლის ივლისის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის უდიდესი მაგალითი.

პაატა ჯგუფურ ფოტოზე მარჯვნიდან პირველია

პაატა და ნიკა ორივე ნოემბერშია დაბადებული, ოთხდღიანი შუალედით. ერთად იყვნენ ბაღშიც, ერთად სწავლობდნენ და ერთ მერხზე ისხდნენ. ერთ დღეს წავიდნენ ჯარში და დაიწყო ეს საზარელი ომი… ერთ დღეს წავიდნენ აფხაზეთში, გვერდიგვერდ იბრძოდნენ. პაატა, ზუსტად ვიცი, მსროლელი, ე.წ. „სნაიპერი“ იყო. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ… ტყვია-წამალი გამოლევიათ და ალყაში მომხდარა რამდენიმე ბიჭი. ერთად დაცხრილეს და მიწაში ერთად ჩაყარესო, ასე ჰყვებოდა მათი უფროსი, რომელიც ჩამოსვენების შემდეგ დასაფლავებამდე არ წასულა. ჩემი პაატა და ნიკუჩიე _ ასე ეძახდა დედამისი. ერთ დღეს, 20 ივლისს დაასაფლავეს ტყვიების ზუზუნით, საზარელი დღე იყო…“ _ „გურია თუდეისთან“ იმ საშინელ დღეებს იხსენებს პაატას დეიდაშვილი მზია კაპანაძე.

მისივე თქმით, მაშინ სტატია იყო გაზეთში ასეთი სათაურით ,,ცხრამეტი წლისა შევსრულდი… ოცი არ გადამეხადა…” „პაატა მოჭიდავე იყო, სადღაც იქ ომში შესვენების დროს ჭიდაობდენ და ყველას მოუგო. ეს ვიდეოც იდო სოციალურ ქსელში“ _ ამბობს ქალბატონი მზია.

რას ჩივი?