16-წუთიანი ნერვიულობა რეგიონალლიგელთან _ „გურიამ“ თასიდან „გარდაბანი-2“ გამოთიშა და… თბილისის „დინამომდე“ ერთი ნაბიჯია!

|

Loading

გარდაბანი-2 VS გურია | ფოტო FC Guria Lanchkhuti

„გურიამ“ თასის პირველი ეტაპის შეხვედრა გარდაბანში, ადგილობრივ ფარმ-კლუბთან გამართა და 4:1 მოიგო. თუმცა ეს ისე იოლადაც არ მომხდარა, როგორც ანგარიში აჩვენებს.

გოჩა ტყებუჩავამ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა. მისი გუნდი თავიდან უტევდა და უპირატესობაც დიდი ჰქონდა, მაგრამ, როგორც საჩემპიონატო შეხვედრაში, გარდაბანის მთავარ გუნდთან, ამჯერადაც ბურთი ქვემოქართლელთა კარში არ შედიოდა.

ისევ დათა სიჭინავამ იყოჩაღა 37-ე წუთზე, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი „გაისროლა“ და თავისიანები შესვენებაზე ფორით გაიყვანა.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ივანე ოქროპირიძემ თავური დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარი, 2:0.

ამის მერე, „გურიამ“ საქმე მოთავებულად ჩათვალა, ცოტათი მოეშვა და რეგიონალლიგის გუნდმა შეტევა გოლად აქცია…

ამ დროს 69-ე წუთი იყო.

მართალია, მეტოქე ხიფათს ვერ ქმნიდა, მაგრამ გურულთა თავკაცმა მაინც არ გარისკა და უკანა ხაზის გასაძლიერებლად ლევან კაკუბავა შეიყვანა, რომელმაც 87-ე წუთზე იქით გაიტანა, როცა შეტევა 11-მეტრიანის ნიშნულიდან გოლით დაასრულა.

მანამდე 2 წუთით ადრე კი, ვანო შარვაძემ გაიტანა _ გასული სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა მეგოლემ დასწრებაზე მეკარესა და მცველს აჯობა, მახვილი კუთხიდან კი, ბურთი კარში შეაგორა.

საბოლოდ, 4:1 და „გურია“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც თანალიგელ „მერანს“ შეხვდება. თბილისურ გუნდს ჩემპიონატში უკვე შეხვდნენ გურულები და ფოთში 7:0 მოუგეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ დედაქალაქელებმა „ამოქაჩეს“ და სხვაობა 3 ქულამდეა დაყვანილი.

თუ „გურია“ სათასო მეორე ეტაპსაც გადალახავს, შემდეგი მეტოქე უკვე თბილისის „დინამო“ იქნება. გურულების უპირატესობა ისაა, რომ ორივე მატჩი ლანჩხუთში შედგება, უახლოესი 26 ივნისს _ „მერანთან“.

მანამდე კი სამი საჩემპიონატო მატჩია, აქედან, ე.წ. „ექვსქულიანი“_ 28 მაისს, თბილისში, მთავარ კონკურენტ „ორბისთან“…

24.05.2026 | გარდაბანი, ცენტრალური | „გარდაბანი-2“ 1:4 „გურია“

0:1 სიჭინავა (37′), 0:2 ოქროპირიძე (46′), 1:2 ომაროვი (69′), 1:3 შარვაძე (85′), 1:4 კაკულაბა (87′) გურია: ლომიძე, კოკაია (76′ კაკუბავა), წილოსანი, კახაბრიშვილი (76′ ჩაგანავა), სიჭინავა, შარვაძე, ხუნდაძე, გამბაროვი, ხოროიშვილი (52′ იაშვილი), ტაბატაძე, ოქროპირიძე