16 წლის იყო, უმაღლესი ლიგის გუნდს რომ უკაპიტნა, პენალტი მოიგერია და ქულა გადაარჩინა… „გურიას“ ახალწვეული, ვისაც ესპანურ „ხეტაფეში“ გადასვლა კორონავირუსმა ჩაუშალა

|

Loading

დავით ასათიანი

მეოთხე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი „გურია“ 10 დღეზე მეტია, სეზონის განახლებისთვის მზადებას ლანჩხუთში შეუდგა და არსებული ინფორმაციით, 26 ივლისიდან გრიგოლეთის ბაზაზე გადაინაცვლებს.

გუნდი 13 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონს 12 აგვისტოს „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბთან საშინაო შეხვედრით განაახლებს. პირველადგილოსან „ალგეთს“, ვისაც „გურიამ“ შინ 3:0 მოუგო, მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო 5 ქულით უსწრებს ზედა ლიგაში გადამსვლელ სამეულთან ყველაზე ახლო მყოფ ხაშურის „ივერიას“, ვისთანაც სეზონის ერთადერთი მარცხი იწვნია.

თემურ ლორიას გუნდში მატებაა _ შეწყვეტილი კარიერა გაანახლა გამოცდილმა სანდრო ბახიამ, „გურიაში“ დაბრუნდა სანდრო ჩხაიძე.

სანდრო ბახიას კარიერისთვის თავი დანებებული ჰქონდა [წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/zwNBC]

ახალწვეულია 21 წლის მეკარე დავით ასათიანი, რომელმაც ჯერ კიდევ 16 წლისამ აალაპარაკა ქართული საფეხბურთო სამყარო _ მაშინ ის „ტორპედოში“ თამაშობდა და გუნდს „საბურთალოსთან“ უკაპიტნა.

გარდა იმისა, რომ არც მანამდე და არც შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში, 16 წლის მოთამაშეს არასდროს გაუყვანია გუნდი მოედანზე, მე-10 კლასელმა დებიუტანტმა საუცხოო შეხვედრა ჩაატარა. იმ ისტორიული მატჩის ბოლოსკენ 11-მეტრიანიც მოიგერია და ქუთათურებს ქულა გადაურჩინა. მან პენალტი დედაქალაქელებს მეორე შეხვედრაშიც არ გაატანინა.

სხვათა შორის, შეხვედრა 1 კვირით ადრე რომ გამართულიყო, სულაც 15 წლისას მოუწევდა თბილისის „დინამოს“ შემდეგ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ლიდერობა.

გეტყვით, რომ 2019 წლის სექტემბერში, ქუთასური კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ასათიანის შემცვლელად სათადარიგოთა სკამზე 13 წლის (!) სოსო კოპალიანი იჯდა…

დავითი 18 წლის იყო, ესპანური „ხეტაფეს“ შეკრებაზე რომ იმყოფებოდა, კონტრაქტის გაფორმება კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. იმერეთის მთავარი გუნდის გარდა, გორის „დილაში“, ფოთის „კოლხეთსა“ და „ზესტაფონში“ ირიცხებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „გურიას“ ძირითადი მეკარე თორნიკე ხოფერია, რომელმაც პირველი წრის 8 შეხვედრაში კარი უგოლოდ შეინახა, ტრავმირებულია.

რას ჩივი?