ლანჩხუთელმა თამაზ ტყეშელაშვილმა სიცოცხლე სამშობლოს ზვარაკად შეწირა… იგი 1993 წლის ძმათამკვლელ ომს შეეწირა… 23 წლისა წავიდა ამქვეყნიდან… ის უგზო-უკვლოდ დაეკარგა ოჯახს, ახლობლებს, ლანჩხუთს… სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში წავიდა.
ლანჩხუთელი გმირი 1993 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილად გამოცხადდა. „1993 წლის 21 სექტემბერს რიგითი ტყეშელაშვილი თ. ვ. მივლინებულ იქნა საბრძოლო დავალების შესასრულებლად აფხაზეთის რეგიონში ქ. სოხუმის დაცვაში. მიმდინარე ბრძოლების დროს მან თავი გამოიჩინა როგორც აქტიურმა, უშიშარმა მებრძოლმა. 1993 წლის 24 სექტემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს იგი დაიჭრა მარცხენა მხარისა და ბარძაყის არეში, მიღებული ჭრილობებისგან რიგითი ტყეშელაშვილი თ. ვ. დაიღუპა. ვინაიდან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე არ მოხერხდა მისი ევაკუაცია, დაკრძალულია ადგილზე“ _ ვკითხულობთ ოფიციალურ ცნობაში.
ოჯახმა 26 წელი არ იცოდა, სად იყო მისი საძვალე… ამიტომაც დაბადების დღეს, 18 ივლისს თამაზის საფლავზე ვერ ხვდებოდა, ვერც ყვავილები მიჰქონდა დედას…
შვილის დაკარგვიით გაუბედურებულ ოჯახს შეუძლია იამაყოს _ თავის ქვეყანას გმირი გაუზარდა! ლანჩხუთელი გმირი უთუოდ ცათა სასუფეველშია, რადგან ის თავისი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა… თან, როცა დაჭრილი მოძმის გადარჩენას ლამობდა, მტრის ტყვიამ სწორედ მაშინ უწია…
„შვილის დაბადების დღე დედისათვის ყველაზე ლამაზი ფერების ურთიერთშეხამებაა და ამ სილამაზით განცდილი სიხარული და ბედნიერებაა… 1970 წლის 18 ივლისი დედაშენისთვის ერთ-ერთი ამ დღეთაგანი იყო. ამაყი და ბედნიერი იყო დედა. მრავალი გასაჭირის გადამტანი, მაგრამ შვილებთან გახარებით ყოველ დაბრკოლებასთან უდრეკი. …ვაი, რომ ვაგლახ ძალზედ ხანმოკლედ გაგრძელდა დედის შვილებთან სრულად გახარების ჟამი. 1993 წლის შემდგომ ჯერაც ამოუცნობი შიშითა და ზიზღით ხვდება სექტემბერს… მავანს უხარია შემოდგომა, მისი ბარაქა, თამაზ, დედაშენის გულს კი მზეზე მოლაპლაპე შავი უხსენებელის მომაკვდინებელი შხამივით უწამლავს სიცოცხლეს…
სხვათა და სხვათა მსგავსად შენც ზვარაკად შეეწირე მამულისათვის ერთიანობას! დადის დედაშენი ლანდივით, შენზე ამბის ძიებაში, შემხვედრს თვალის უპეებში შენზე შეყინულ ცრემლს ვუმალავ, შინ კი შენს სურათებს ვესაუბრები. წლებია ვეძებ და ვაგროვებ შენს ამბებს, თუნდაც არაკად მოთხრობილს…
შენს ეზოში კვლავ ვეძახი „თამაზს“ და შორეული ციალის ნათებასავით მახარებს გაუბედურებულ დედას, შვილო. წელსაც უშენოდ შევხვდებით 18 ივლისს, მაგრამ ვერ მოვალთ შენს საფლავთან, შესანდობარს ვერ გეტყვიან შენი მოძმენი, შენი და-ძმა თუ უკვე დაქალებულ-დავაჟკაცებული შენი დისშვილ-ძმისშვილები…
შენ ხომ უგზო-უკვლოდ დამეკარგე, დე, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. სად ხარ, სად არის შენი საძვალე? გამჩენს ვთხოვ იქ, შენს სამყოფელში მსუბუქი იყო შენთვის შენს მკერდზე შენი მოძმის ხელით მოყრილი მიწა. შენც ხომ დაჭრილი მოძმის გადარჩენას ლამობდი და მტრის ტყვიამ სწორედ მაშინ გიტია. შევთხოვ გამჩენს _ დაე, მის საუფლოში დაგიმკვიდროს სასუფეველი. ყოველი წლის 18 ივლისს შენი ოჯახი და ყველა ახლობელი ცრემლითა და დანანებით გიხსენებს, შვილო და ამაყია შენით“ _ იხსნებს წლიდან წლამდე ჩვენს გმირს, დედა ფოთოლა ტყეშელაშვილი.
„გურია თუდეი“ ინფორმაციით, ნიგვზიანელი გმირის ცხედარი 26 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია. შაბათს ის სამების საკათედრო ტაძრიდან თავის სოფელში გადმოასვენეს.
გუშინ კი, თავის გმირი მშობლიურმა მიწამ ჩაიხუტა…




